3 სექტემბერს, ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით ჩივნინგის სტიპენდიანტების გაცილება და ბრიტანული პროგრამების კურსდთამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა. წელს, საქართველოდან ბრიტანეთში სასწავლებლად 13 ახალგაზრდა ლიდერი და პროფესიონალი მიემგზავრება.
ჩივნინგი, რომელიც 1983 წელს დაარსდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ.
პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს.
ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან; დღესდღეობით, ჯამში 42 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.
უკვე მეექვსე წელია, ჩივნინგის პროგრამის პარტნიორია “საქართველოს ბანკი” და “საქართველოს კაპიტალი”. წელს მათი მხარდაჭერით 3 სტიპენდიანტი ისარგებლებს. პარტნიორობის ფარგლებში კი სტუდენტებს, რომლებმაც წარმატებული მომავლის შექმნა დაისახეს მიზნად, შანსი მიეცათ მიიღონ მსოფლიოს საუკეთესო ხარისხის განათლება.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ასევე ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/