საფრანგეთი მოხეტიალე ცირკებში გარეული ცხოველების გამოყენებას აკრძალავს

საფრანგეთი მოხეტიალე ცირკებში გარეული ცხოველების გამოყენებას დროთა განმავლობაში აკრძალავს. ეკოლოგიური გარდაქმნების მინისტრის, ბარბარა პომპილის, თანახმად, დროა, ჩვენი დამოკიდებულება გარეული ცხოველების მიმართ შეიცვალოს და მათთან ურთიერთობის „ახალი ერა“ დაიწყოს.

მოხეტიალე ცირკებს აეკრძალებათ დათვების, ლომების, ვეფხვების, სპილოებისა და სხვა გარეული ცხოველების გამოყენება. გარდა ამისა, სამ საზღვაო პარკს აეკრძალება დელფინებისა და ცელნამგალა ვეშაპების დატყვევება, ხოლო ახალი საზღვაო პარკები აღარ აშენდება.

ეკოლოგიური გარდაქმნების მინისტრს, ბარბარა პომპილის, არ დაუკონკრეტებია ის ვადები, რომლის დროსაც აღნიშნული კანონპროექტი ამოქმედდება. თუმცა განაცხადა, რომ გარდაქმნები ეტაპობრივად განცოხრციელდება. ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის ბარბარა პომპილი ცირკებსა და საზღვაო პარკებს 8 მლნ. ევროს ოდენობით თანხას სთავაზობს, ხოლო ამჟამად დატყვევებული ცხოველებისთვის თავშესაფრების გახსნას გეგმავს.

„აღნიშნული კანონპროექტის დანერგვა რამდენიმე წელს მოითხოვს და იგი ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. მოვუწოდებთ ცირკებს, რომ გარდაქმნან საკუთარი საქმიანობა ახალი რეგულაციების შესაბამისად“, – განაცხადა ბარბარა პომპილიმ.

ცვლილებებს ნეგატიურად შეხვდა ცირკის ინდუსტრია. ცირკის ცხოველთა მწვრთნელთა კავშირის ხელმძღვანელის, უილიამ კერვიჩის თქმით, ისინი იძულებულნი იქნებიან, ცხოველები მიატოვონ და ამაზე პასუხისმგებელი მთავრობა იქნება. ცხოველთა უფლებების დაცვის წამყვანმა ორგანიზაციებმა კი აღნიშნული ნაბიჯი „ისტორიულ გამარჯვებად“ შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოში ჩატარდა კამპანია „ცირკი ცხოველების გარეშე“, რომლის დროსაც შეიქმნა პეტიცია და ჩატარდა აქცია იური ნიკულინის ცირკის ჩამოსვლის გასაპროტესტებლად. თუმცა, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, დღესდღეობით საქართველოში ცხოველთა ექსპლუატაცია კანონით არ იკრძალება.

წყარო – BBC