სარა ჯესიკა პარკერი 1965 წლის 25 მარტს აშშ-ის შტატ ოჰაიოში დაიბადა და ბავშვობის უმეტესი წლებიც იქ გაატარა.
მსახიობი, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო ბრწყინვალე გარეგნობითა და პიროვნული ინდივიდუალურობით, შეუმჩნეველი არასოდეს დარჩენილა.
სარა ჯესიკა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი 1998 წლიდან გახდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო HBO-ს მიერ გადაღებულ სერიალში „სექსი დიდი ქალაქში“, რომელშიც კერი ბრედშოუს ასახიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერიდან 23 წელი გავიდა, ის დღემდე პოპ კულტურის ნაწილად ითვლება.
სერიალმა გაგვაცნო ახალი ათასწლეული, სადაც ნაჩვენებია თანამედროვე ქალის განსხვავებული სახეები: რთული, თბილი, ძლიერი და თანამედროვე. ისინი ცდილობენ მიაღწიონ წარმატებას პროფესიულ და სასიყვარულო ცხოვრებაში.
Photo: HBO
კერი ბრედშოუს როლი დღეს ყველას აღაფრთოვანებს, უკომპრომისო სტილით ის თანაბრად შთააგონებს დიზაინერებს და მოდის მოყვარულებს, თუმცა სანამ სარა ჯესიკა პარკერს სტილის ხატს უწოდებდნენ, განვითარების გრძელი გზა გაიარა.
„თავდაპირველად კერის ზუსტი აღწერა არ არსებობდა. მისი ხასიათი მუდმივად ვითარდებოდა. დანარჩენი სამი კი ადვილი აღსაწერი იყო. კერი შეიცვალა, რადგან სარა შეიცვალა.” – ამბობს დიზაინერი, პატრისია ფილდი, რომელმაც შექმნა ის დაუვიწყარი კოსტიუმები, რომელიც დღემდე აღგვაფრთოვანებს სერიალიდან.
Photo: HBO
მსახიობმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი სიმპათიისა, რომელიც მან კერი ბრედშოუს მიმართ გამოხატა, მისი აზრით, მას და სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ გმირს ბევრი საერთო არაფერი ჰქონდათ. მისი აზრით, კერი ძალიან რომანტიკული იყო. გონებაში მხოლოდ სიყვარული, სიყვარული და სიყვარული უტრიალებდა. ეს საკმაოდ ბავშვურია – თქვა ერთხელ მსახიობმა და აღნიშნა, რომ თავს საკმაოდ რაციონალურად მიიჩნევს.
ამ განსხვავებების მიუხედავად, მსახიობი და მისი სერიული alter ego საერთო ვნებას – მოდას იზიარებენ. კერის მსგავსად, სარა ჯესიკა პარკერსაც უყვარს ფენომენალური კოსტიუმები, თვალწარმტაცი აქსესუარები და ლამაზი, მაღალი ქუსლები (სასურველია “მანოლო ბლანიკის” ან საკუთარი ბრენდის კოლექციიდან).
Photo: Patrick Demarchelier, Vogue, June 2008
სარა ჯესიკამ საკუთარი ფხსაცმილის ბრენდი – SJP, 2014 წელს დააარსა. ის, ასევე, აქტიურად მოღვაწეობს მოდისა და პარფიუმერიის სამყაროში. გამოშვებული აქვს რამდენიმე სუნამო, მათ შორისაა ყველაზე ცნობილი Lovely და Stash.
დროთა განმავლობაში, მსახიობმა იპოვა თავისი სტილი: სულ უფრო ხშირად ირჩევდა უბრალო კაბებს, თხელ სამაჯურთან ერთად; მარადიულ პერანგებს და ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერების ელეგანტურ შემოქმედებას.
მსახიობი მრავალი ჟურნალის ყდისთვისაა გადაღებული. მათ შორისაა Vogue და Harper’s Bazaar. ის, ასევე, არის ისეთი ბრენდის ამბასადორი, როგორიცაა: Intimissimi.
Photo: Terry Richardson
წარმატებული სამსახიობო კარიერისა და ბიზნეს საქმიანობის გარდა ის სამი შვილის დედაა, ჰყავს მეუღლე მეთიუ ბროდერიკი, რომელზეც 1997 წელს იქორწინა.
„არ შეგიძლიათ იცხოვროთ ნიუ იორკში და იყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ქალაქში; უბრალოდ არ შეგიძლიათ. აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანია.“- აღნიშნა ერთხელ მსახიობმა.
Photo: Getty Images