რუსეთი Facebook-ის, Instagram-ისა და YouTube-ის აკრძალვას აპირებს

რუსეთის ხელისუფლება აშშ-ში შექმნილი სოციალური მედიის საიტების გულშემატკივარი არ არის. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ხელისუფლება ცდილობს ტოტალურ კონტროლში მოაქციოს საზოგადოება, რუსეთის ხელისუფლების ეს შეფასება არავის უკვირს. წარსულში მრავალი ვარაუდი გამოთქმულა, თითქოს რუსეთი აპირებდა სოციალური მედიის პლატფორმები აეკრძალა. ‘’ინტერნეტის დაცვის საზოგადოების” თანახმად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაა და მიზნად ონლაინ თავისუფლებისთვის ბრძოლას ისახავს, შესაძლოა რუსეთის მთავრობამ ეს ნაბიჯი სწორედ ახლა გადადგას.

ამ გეგმის წინაპირობები უკვე ვიხილეთ, როცა Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე განხორციელდა ზეწოლა იმ მოთხოვნით, რომ რუსეთის მოქალაქეების ინფორმაციის მონაცემთა შენახვა, ოფისების გახსნა და პერსონალის დაქირავება რუსეთში მოხდეს. პერიოდულად, ქვეყნის საკომუნიკაციო მარეგულირებელი იმუქრება რომ პრობლემას შეუქმნის აშშ-ს კომპანიებს, როგორც ბოლო დღეებში ვნახეთ საარჩევნო ჩარევის ბრალდებით.

ახლა მიხაილ კლიმარევმა, “ინტერნეტის დაცვის საზოგადოების” ხელმძღვანელმა, ზაკ დოფმანთან ინტერვიუში თქვა, რომ ამგვარი აკრძალვის გეგმებს რუსეთის კანონმდებლები სერიოზულად განიხილავენ.

“ვფიქრობ, YouTube, Facebook და Instagram დაიბლოკება, ეს გამოცხადდა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე.” – მიხაილ კლიმარევი

მისი თქმით, გეგმა ასეთია – პარლამენტმა უნდა გამართოს რეგულარული მოსმენები რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ, რის შედეგადაც საქმის წარმოება დაიწყება.

”სასამართლო სისტემა რუსეთში მთლიანად კრემლის კონტროლს ექვემდებარება. მოეწყობა რამდენიმე სასამართლო მოსმენა, ხოლო პარალელურად, რუსული მედია წინ წამოწევს შიდა საქმეების უცხოური ჩარევის ნარატივს. ამას მოჰყვება საგარეო საქმეთა სამინისტროდან განცხადება. შესაძლოა, რუსეთის მთავრობამ გუგლს და ფეისბუქს უჩივლოს.” მსგავსი სამართლებრივი ქმედებით ადრეც იმუქრებოდნენ, შესაბამისად ეს ტაქტიკა ახალი არ არის.

კლიმარევის აზრით, მთავრობა მიზნად ისახავს პლატფორმებზე ეტაპობრივად ზეწოლის განხორციელებას, ამის პარალელურად მზადდება სარეკლამო კამპანიები სოციალური მედიის წინააღმდეგ – ”შემდეგ ქვეყნის შიგნით YouTube-ის, Facebook-ისა და Instagram-ის კონტენტის მიწოდების ინფრასტრუქტურა შეიძლება განადგურდეს – რუსი სატელეკომუნიკაციო ოპერატორები იძულებულნი იქნებიან გაანადგურონ Google Global Cache.”

”რუსეთის ხელისუფლებას სჯერა რომ Facebook-ისა და YouTube-ის ეტაპრობრივად გამორთვა არ გამოიწვევს მასობრივ საპროტესტო აქციებს.” კრემლი არის უდავო ოსტატი მედიის გამოყენებაში – რუსეთში თუ მის გარეთ – იგი იყენებს მედიას გავლენის მოპოვება-გაძლიერებისთვის, ასე რომ ეს პროცესები საერთოად არ არის გასაკვირი.

ერთი კვირის წინ, კრემლმა Facebook და Google დაადანაშაულა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვების დროს “უკანონო” და “მიუღებელი” საარჩევნო ჩარევით. კომუნიკაციების მარეგულირებელი, როსკომნაძორი ირწმუნებოდა, რომ აშშ-ს კომპანიები ხელს უშლიდნენ და ერეოდნენ – ”რუსეთის შიდა საქმეებში უცხოელი მონაწილეების ამგვარი ქმედებები მიუღებელია”.

თუ გაითვალისწინებთ მოსაზრებას, რომ რუსეთში შემთხვევითი არაფერია, მაშინ ამ გეგმას საფუძველი ჩაეყარა. როსკომნაძორს მნიშვნელოვანი როლი უკავია რუსეთის გეგმის – ინტერნეტის განცალკევების განხორციელებაში. იგი ასევე ფიგურირებს მოსკოვის მობილური ქსელის ნაწილების გათიშვის საქმეში, ანტი-პუტინისტური დემონსტრაციების დროს.

“მე თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს, მოსალოდნელია რომ YouTube, Facebook, Instagram დაიბლოკოს რუსეთში – ჭკვიანური გეგმაა – ისინი არ დაიბლოკება დაუყონებლივ, არამედ დაიბლოკება ეტაპრობრივად, რაც არ გამოიწვევს მასობრივ პროტესტს. სრული ოპერაცია 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.” – მიხაილ კლიმარევი

წყარო: Forbes