როდესაც არსებობს სურვილი, იქ ყოველთვის არის შედეგიც

მათ განსხვავებული ისტორიები აქვთ, მაგრამ ორივეს ხელოვნებისადმი გამორჩეული სიყვარული და განსაკუთრებული ინტერესი აერთიანებს. ორივე ხელოვნებათმცოდნეა. მათ ბევრი არ უფიქრიათ, ისე მიუძღვნეს საკუთარი ცხოვრება ამ სფეროს.

ირინა მანია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ამჟამად ეროვნული კვლევითი ცენტრი) მეცნიერ-თანამშრომელია და თბილისის ქარვასლების არქიტექტურას იკვლევს, ხოლო ანა შანშიაშვილი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელებში ასწავლის და პარალელურად, მეცხრამეტე საუკუნის ვერცხლის თბილისურ ჭურჭელს და ზოგადად, ხალხურ ხელოვნებას იკვლევს.

სხვა ხელოვნებით გატაცებული ადამიანების ისტორიებისგან ირინასა და ანას ამბავი იმით განსხვავდება, რომ მათ ხელოვნებისადმი პერსონალური სიყვარული და ინტერესი ისეთ მასშტაბურ საქმედ აქციეს, რომელიც ათობით ადამიანს შესაძლებლობას აძლევს განვითარდეს, ჰქონდეს სამუშაო, ღირსეული შემოსავალი და რაც მთავარია, აკეთოს საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.

ირინა მანია

ირინა და ანა ერთად უძღვებიან საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე. ისინი საქართველოში ტრადიციული ხელობებით დაკავებულ ოსტატებთან ერთად მუშაობენ. რეგიონებში მცხოვრები ოსტატებისთვის რთულია ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ როგორი პროდუქციაა დღესდღეობით ბაზრისთვის კონკურენტუნარიანი. საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, კვლევებზე დაყრდნობით, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს რეწვის სექტორის წარმომადგენლებთან, ოსტატებთან, რათა მათ აიმაღლონ უნარები, დასაქმდნენ თავიანთი ხელობით და ჰქონდეთ შემოსავლის წყარო.

რეწვის ასოციაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები ოსტატებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. თანამშრომლობამ გაამართლა და ასოციაციის დამაარსებლებს ბიძგი მისცა გამოფენების პარალელურად, მუდმივ რეჟიმში, მხარი დაეჭირათ ბენეფიციარებისთვის. ასე შეიქმნა თბილისში სოციალური მაღაზია “ეთნოდიზაინი”, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით დაფუძნდა.

“როდესაც გაქვს შანსი, ის ხელიდან არ უნდა გაუშვა და რაც თავიდან უტოპიურად გეჩვენება, მალე წარმატებულ საქმედ შეიძლება იქცეს”, – მიაჩნიათ ირინასა და ანას.

„ეთნოდიზაინის” კონცეფცია ეფუძნება ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის სინთეზის პრინციპს. აქ წარმოდგენილია ქართული ტრადიციული რეწვის, ხელით შექმნილი ნიმუშები მთელი საქართველოდან.

ირინა მანია: “დავიწყეთ პრობლემების მოგვარებით და მოვედით სოციალურ მეწარმოებამდე. საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა მართავდე ისეთ მაღაზიას, რომელიც წარმატებით ინახავს საკუთარ თავს და ასევე შემოსავლის წყაროა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. განსხვავებით ჩვეულებრივი, მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესებისგან, ჩვენთან სოციალური მისია უმთავრესია. შექმნიდან 1 წლის თავზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ვარძიაში „ეთნოდიზაინის“ მეორე ფილიალი გავხსენით.

ანა შანშიაშვილი

ანა შანშიაშვილი: “ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში გავხსნათ ფილიალი და რეგიონებში მცხოვრები ოსტატები იყვნენ წამყვანი ძალა კონკრეტული მაღაზიებისთვის, თუმცა ეს ძალიან დიდ მუშაობას მოითხოვს, რადგან მაღაზიის სრულფასოვან ფუნქციონირებას ძალიან ბევრი პატარა დეტალის გათვალისწინება სჭიედება. რაც „ეთნოდიზაინს“ განასხვავებს ასეთი ტიპის სხვა მაღაზიებისგან არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ ოსტატებთან, რომლებსაც როგორც წესი, ჩვენ თავად ვაწვდით სამუშაო მასალას, დიზაინს და ვაცნობთ მათ, თუ რა სურს მომხმარებელს. ჩვენი მაღაზია ღიაა ყველასთვის, თუმცა ჩვენი ძირითადი მიზანი არის ის, რომ რეგიონში მცხოვრები ადამიანების მიერ დამზადებულმა პროდუქციამ კონკურენცია გაუწიოს თანამედროვე პროფესიონალ ხელოვანთა ნამუშევრებს და მათ გვერდით დაიკავოს ადგილი დახლებზე“.

სიახლის ძიება, ინოვაცია და პროგრესისკენ სწრაფვა – სწორედ ეს მიზანი აერთიანებს ეთნოდიზაინის ბენეფიციარებს, რომელთა შორის არიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ისინი, რომლებისთვისაც ირინასა და ანას პროექტი თვითრეალიზაციის და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნების შანსია.

– თქვენი აზრით, საჭიროებს თუ არა საკანონმდებლო ბაზა დახვეწას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით?

ირინა მანია: სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ რიგში დარგის მიმართულების იდენტიფიცირებისთვისა და პოპულარიზაციისთვის. დღეს საზოგადოებისთვის და მომხმარებლისთვის კვლავ არ არის ცხადი რით განსხვავდება მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობა. ვფიქრობ, საკანონმდებლო დონეზე სტატუსის მინიჭების ინოციატივა ამ მხრივ მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს.

– როგორც ქალებს, რაიმე სირთულე თუ შეგქმნიათ ეთნოდიზაინის შექმნის პროცესში?

ირინა მანია: როდესაც რეგიონებში პროდუქციის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ხშირად ხანდაზმული ოსტატებისთვის ახალგაზრდა გოგონების რეკომენდაციები არ აღიქმება სერიოზულად, თუმცა, ამ პრობლემას, როგორც წესი, მხოლოდ დასაწყისში ვაწყდებით ხოლმე. რამდენიმე წარმატებული მაგალითის შემდეგ, ეს პრობლემა თითქმის შეუმჩნეველი ხდება და ჩვენს მიმართ ნდობა იზრდება.

– რაშია ჩვენი, ქალების ძალა?

ანა შანშიაშვილი: ჩვენი ოსტატების 60-65% ქალები არიან. ინოვაციებისა და სიახლეების მიმართ ისინი ბევრად გახსნილები არიან. მათთან საკმაოდ ადვილია ახალი ინიციატივების დანერგვა და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშნვნელოვანია, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს გვამოძრავებს და ძალას გვმატებს.

ირინა მანია: ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ძალიან ბევრ ქართველ ქალს მოუწია ძალიან მძიმე სამუშაოს შესრულების ხარჯზე ოჯახის შენახვა, თითქოს ქალების თვითშეფასება და თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა, უკვე, ამაშია ჩვენი ძალა. ვიცით, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.

– რას ურჩევდით იმ ქალებს, რომლებიც სწორედ თქვენს სფეროში ხედავენ საკუთარ თავს, მაგრამ უჭირთ პირველი ნაბიჯების გადადგმა?

ირინა მანია: ვაკუუმში ყოფნით ვერაფერს შეცვლი. სიახლეს ვერ აღმოაჩენ, სანამ გარეთ არ გახვალ, სანამ არ მოძებნი… მუდმივი ძიება ნამდვილად საჭიროა.

ანა შანშიაშვილი: ქალებმა უნდა დაიჯერონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მაგალითად, ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც საჭირო შედეგის მისაღებად, ჩვენს ოსტატებს ძალიან ბევრი შრომა დასჭირვებიათ, მაგრამ მთავარია მცდელობა და ყოველთვის შეიძლება მიზნის მიღწევა.

როდესაც არსებობს სურვილი, იქ ყოველთვის არის შედეგიც.