ავტორი: მაკა ცხვედიანი
ფოტო: ანა ბოკო
„ჩემში ძალიან დიდ ეჭვს იწვევენ ადამიანები, რომლებიც არ ტკბებიან პატარა გადასარევი ისტორიებით. მაგალითად, კარგი ფილმით. აი, ახლა მეუბნებიან, რომ „პარაზიტი“ აუცილებლად უნდა ინახოს. ხოდა, ვფიქრობ, რომ კარგია, ახლა წავალ, გავერთობი და იქნება კარგი საღამო, მაგრამ თუ არ ივარგა, ისიც მშვენიერია, რომ გადაადგილების თავისუფლება მაქვს, – ნახევარი საათის მერე ვიტყვი, რომ მეყოლეთ ვარდებივით, მე თქვენ თავს არ გაგაბურღინებთ-მეთქი და მშვიდად გავალ დარბაზიდან.“
როცა გიყვება, ყველაზე საშინელი მაშინ გეჩვენება ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა არ ეწერა. არადა, 34 წლამდე არ წერდა.
და როცა „ზინკა ადამიანს“ კითხულობ, ბოლო რომანს, რომელზეც ამბობს, ზუსტადაც ბოლო რომანია და მეტ რომანს აღარ დავწერო, თან იცინი, თან ტირი და თან შიგადაშიგ წამოიყვირებ ხოლმე: გადაიფიქრე, რა, გადაიფიქრე!
ანა კორძაია-სამადაშვილი ‒ მწერალი ანა კი არა, ქალი-ანა, რჩევებს არ იძლევა, მხოლოდ რეკომენდაციებს და, ისინიც, როგორც წესი, ავანტიურისტულია.
მას უნდა კითხულობდე, უსმენდე და ემეგობრო.
შესაძლებელია, რომ ერთ დღეს, ასე, ადგე და დაიწყო წერა?
მანამდე არაფერი მიგრძვნია საერთოდ, ვიყავი ჩემთვის გულმშვიდად და არხეინად. აზრი არ მომსვლია, არანაირი ფორმით, აბსოლუტურად. ეგ აზრი რომ მომსვლოდა, უფრო ადრე დავჯდებოდი და დავწერდი.
როგორი ბავშვი იყავით?
სადღაც სკოლამდე მიმაჩნდა, რომ დედამიწა იმისთვის ბრუნავს, მე ვიყო კარგად. ძალიან თავდაჯერებული ლაწირაკი ვიყავი, მერე სკოლამ რქები დამამტვრია.
სკოლა არ გიყვარდათ?
არა, არ მიყვარდა. არც ერთი სენტიმენტი სკოლასთან დაკავშირებული არ მაქვს. იმიტომ კი არა, რომ რამეს მიშავებდნენ. მე თვინიერი ადამიანი ვიყავი, დისციპლინური დარღვევები დიდად არ მქონდა, თუმცა შატალოზე დავდიოდი, რა თქმა უნდა. ძალიან უსიამოვნო ნაწილი იყო ჩემი ცხოვრების სკოლა. იმიტომ არა, რომ სწავლა მიჭირდა, ან მეგობრები არ მყავდნენ, ‒ სოციუმის თვალსაზრისით ჩინებულად ვგრძნობდი თავს, ‒ უბრალოდ, ის ფაქტი, რომ დილის 9-ის ნახევრიდან სადღაც უნდა დავრჭობილიყავი, არაფერს არ მაძლევდა. არ მესმოდა, რატომ უნდა მესწავლა რიგი საგნები, მაგრამ მიწევდა და ვიჯექი. სამაგიეროდ, უნივერსიტეტზე პირველი დღიდან ვაფრენდი, უბედნიერესი ვიყავი და ვსწავლობდი გიჟივით, იმიტომ, რომ ვსწავლობდი იმას, რაც ძალიან მომწონდა.
როდის წერთ?
მაგაზე სულ ვფიქრობ ხოლმე. როდესაც ძალიან კომფორტულად ხარ, ტოტალურად ბედნიერი, ყველაფერი ისეა, როგორც გინდა, რატომ უნდა გაქროლდე და ატეხო წერა, რომ არ მითხრა?! ასევე, როცა ძალიან გტკივა რაღაც და ძალიან ცუდად ხარ, რატომ უნდა წერო? ეს რაღაც პოსტ განცდებია ჩემს შემთხვევაში.
რაიმე კონკრეტული ამბის შემდეგ დაიწყეთ წერა?
გაზეთში ვმუშაობდი. რაღაც ტექსტი დავწერე, რომლითაც ვიფიქრე, რომ ჩემს მეგობრებს გავართობდი. ამოვბეჭდე და მივეცი ნინო სვანიძეს, ჩემს მეგობარს, რომელიც კორექტორად და რედაქტორად მუშაობდა. ხმამაღლა ვიცინოდით… შემოვიდა მალხაზ ხარბედია, რას იკრიჭებითო. ნინომ მისცა ტექსტი და მახომ წაიკითხა თუ არა, თქვა, ვბეჭდავთო.
თავიდანვე შეგეძლოთ შეფასება როგორ წერდით?
ის, რომ ენობრივად გამართული იყო და გრამატიკულ შეცდომებს არ ვუშვებდი, ნამდვილად ვიცოდი, და ისიც ვიცოდი, რომ სახალისო ტექსტი იყო, ვიღაც წაიკითხავდა და გაერთობდა, თუმცა, ის, რომ ამას გავაგრძელებდი, თავში აზრად არ მომსვლია. მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ „საბა“ მივიღე საუკეთესო დებიუტისთვის. აუცილებელი არ იყო კრებულის არსებობა, მოთხრობები შეიძლებოდა ყოფილიყო პერიოდიკაში. სამი მოთხრობისთვის მივიღე „საბა.“ხომ ამბობენ, კარგით, რა, რა მნიშვნელობა აქვსო, არა, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს! რამხელა სიხარული იყო, იცით? ჭკუიდან გადავდექი. თამაზ ჩხენკელი ჩემთვის იყო დიდი მაესტრო და ნოდარ კაკაბაძე, ჩემი პროფესორი. აქ რიდზე არ არის ლაპარაკი, ისინი ძალიან სერიოზული მასწავლებლები იყვნენ და უცებ მათ გადაწყვიტეს, რომ იმ წელს რაც დაიწერა, მათ შორის საუკეთესო იყო ჩემი სამი ქეციანი მოთხრობა. მუხლები მომეკვეთა, ჭკუიდან გადავდექი.
“ზინკა-ადამიანისთვის” წერის დროს მიცემულ ინტერვიუში ამბობდით, რომ ეს სავარაუდოდ, თქვენი ბოლო რომანი იქნება. რატომ? აზრი არ შეგიცვლიათ?
არა, დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. „ზინკაზე“ გავწვალდი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ტექსტზე ბევრად მეტი მუშაობა მომიწია, ვიდრე თავიდან ვაპირებდი. და აღარ მინდოდა. ის კი არა, რომ ეს პერსონაჟები მომბეზრდნენ, პირიქით, მე ისე მიყვარს ეს ხალხი, ვერც კი წარმოიდგენთ, უბრალოდ, მართლა, სრულიად შეუძლებელია რაღაცის ცნობიერებაში ამდენ ხანს ყოფნა.
სწრაფად წერთ?
წერით ძალიან სწრაფად ვწერ. მე არ გამომდის ცოტა დავწერე, მერე გავაგრძელე, მერე კიდევ ცოტა დავწერე. უნდა მივახტე. ამიტომ დიდხანს იხარშება.
გქონიათ შეგრძნება, რომ რაღაცები იმისთვის მოხდა, რომ დაგეწერათ?
მე არ მიმაჩნია ჩემი ტექსტები იმდენად მნიშვნელოვან რამედ, რომ განგებას რაღაც ჩაეწყო ამისთვის.
არის რაღაცებისგან გათავისუფლების კარგი საშუალება წერა?
რა თქმა უნდა. თეთრი ფურცელი ყველაფერს იტევს. ეს ის რაღაცებია, რასთანაც აღარასდროს დაბრუნდები, შენი აღარ არის, შეაჩეჩებ ვინმეს.
საკუთარ გმირებს თანაუგრძნობთ?
თავდავიწყებით მეცოდება, საკუთარ დაწერილზე მიტირია წერის პროცესში მწარე ცრემლებით. უბრალოდ, სხვა გზა არ იყო, უნდა მომკვდარიყო.
არის ხოლმე ცდუნება, რომ გეზი უცვალოთ ამბავს, იხსნათ გმირი?
არ გამოდის, ეს ძალიან უცნაური რამ არის, ფიზიკურად ვერ გააკეთებ. ნებისმიერ მწერალს რომ ჰკითხოთ, რაღაც მომენტში აქ ცოტა მისტიკური ამბავი ხდება. პერსონაჟი იწყებს თავის გზაზე სიარულს და შენ ვეღარ მოაბრუნებ უკვე.
ზოგადად, გეცოდებიან ადამიანები?
ძალიან საწყლები ვართ ჩვენ, უსაცოდავესები, საკუთარი თავის ჩათვლით.
წერას სანამ დაიწყებთ, გაქვთ რაიმე წინასწარი შეგრძნება ან განწყობა, რომელიც მანამდე მოდის?
არა, ჩვეულებრივი სამუშაოა, როგორც ის, რომ, მაგალითად, იატაკი უნდა მორეცხო.
მუზა არსებობს?
მე არასდროს მწვევია. ხომ რამდენიმე პროფესია მაქვს, ერთ-ერთი ესაა. ამიტომ ძალიან მარტივად წარმომიდგენია, რომ ერთ დღეს არაფერს დავწერ.
რა შეგრძნება გიჩნდებათ, როცა დიდ უნიჭობას კითხულობთ?
დიდი უნიჭობის კითხვა გრძელდება მაქსიმუმ 5 გვერდი, თუ ტექსტი პატარაა, და თუ რომანია, მაქსიმუმ 30 გვერდამდე შეიძლება მივიდე. წიგნებს აქვს ძალიან კარგი თვისება ‒ შეგიძლია დახურო და გადადო. რატომ უნდა ავაშლევინო ნერვები ვიღაცას, როცა ამდენი გადასარევი წიგნი მიდევს გვერდით? თუკი ტექსტი იწყება: „კარზე კაკუნი გაისმა: ეს მე ვარ, სევდა,“ ‒ ის არ უნდა გააგრძელო, არ შეიძლება, იმიტომ, რომ საკუთარ ფსიქიკას არაუკუქცევად ზიანს მიაყენებ.
კრიტიკის გეშინიათ?
კრიტიკის იმდენად არ მეშინია, ძალიან მაგარია, ვიღაც რომ წაიკითხავს შენს ტექსტს, რაღაცას იპოვის და მიგითითებს. უბრალოდ, როცა უკვე გამოქვეყნებულია ტექსტი და არაფერი ეშველება, მაგ დროს, ალბათ, ძალიან გულსატკენია კრიტიკა. მაგრამ როცა რედაქტორს მიუტან, ის უნდა გეტაკოს და სახით გატაროს შენს ნაწერზე. მე მომწონს, როცა საკუთარ ტექსტზე მამუშავებენ.
ფსიქოლოგიაში ერკვევით?
არა მგონია.
აბა როგორ წერთ “სწორად”?
ყურები მაქვს გამოფხეკილი და კარგად ვაკვირდები ადამიანებს. მიყვარს ამბების მოსმენა, ძალიან მიყვარს, როცა მიყვებიან ამბებს და ეს ამბები არ მავიწყდება. გამიმართლა, რომ კარგი მეხსიერება მაქვს. მახსოვს. უწვრილესი დეტალები რაღაც ამბების. და განსაკუთრებით თვითონ ამბები, რომლებიც დაიწყო, გაგრძელდა და დამთავრდა.
რთული ხასიათი გაქვთ?
არა მგონია. ჩემი წესდებით სხვის მონასტერში არ ვეტენები არასდროს. უბრალოდ, აი, ის, რომ ვერ ვიტან, როცა ვიღაც თავის კანონებს მკარნახობს, ვფიქრობ, შეიძლება ცოტათი მძიმე ხასიათზე მეტყველებდეს, არა?
მოგზაურობა გიყვართ?
ძალიან.
თბილისი?
ყველაზე ძალიან.
უცხო ქვეყანაში ორიენტირება იოლად გამოგდით?
თუ გერმანულენოვანი სივრცეა, იქ, რა თქმა უნდა, სხვა ამბავია, ძალიან მშობლიურია და კომუნიკაცია წამებში ხდება. ზოგადად კი, რეკომენდაცია ანა კორძაია-სამადაშვილისგან ასეთია: შედით ნებისმიერ ქალაქში სილამაზის სალონში და იქიდან რომ გამოხვალთ, უკვე გექნებათ სამი დაპატიჟება ყავაზე, ოთხი ‒ ცეკვებზე, გეცოდინებათ მთელი უბნის ჭორები, ვინ, ვის, როდის, რატომ და როგორ… რა გიხდებათ და რა ‒ არა.
რამდენი ხანია მარტო ცხოვრობთ?
1997 წლიდან.
საჭმელს ამზადებთ?
კი, კარგი მზარეული ვარ. თუკი დაემშვიდობებით მზადებას, გადახვალთ ჯანქ ფუდზე და დაგემართებათ ყველა უბედურება. ამიტომ თავის გადარჩენის საშუალებაა მზადება.
სახლის ნივთები გიყვართ?
თავდავიწყებით! სახლსაც რომ შეხედოთ, იოლად მიხვდებით. არაფერი არ არის ძვირფასი, რამე რომ გატეხოთ, მატერიალური ზარალი არ მომადგება, მეტსაც გეტყვით, ძალიან მშვიდად გადავიტან, უბრალოდ, შეძენა მინდა, მიყვარს, როცა მჩუქნიან რაღაც სისულელეებს. მე ვიცი, რომ ჩემნაირებზე დგას სრულიად იდიოტური ტურისტული ინდუსტრია, ჩემნაირებით არსებობს მშრალი ხიდის პრინციპის ბაზრობები.
ძველი ნივთების არ გეშინიათ?
არანაირად არ მაფეთებს.
თუ არის რამე, რაზეც ხელი ჩაიქნიეთ?
იცით რა, ჩავიქნიე და არ ვუტყდები ჩემს თავს, რომ კილიმანჯაროზე აღარ ავალ.
ზუსტად იცით?
ეჭვი მაქვს ასეთი. ოდესღაც მქონდა ტური ნაყიდი და გაფრენამდე ათი დღით ადრე ძაღლმა მიკბინა. ეს დიდი მარცხი იყო, თან მაშინ მასპინძელი მყავდა ტანზანიაში, ახლა აღარ მყავს. მაგრამ მინდა მაინც.
მტირალა ხართ?
დამჩემდა იცი რა, ჩემო კარგო? სისულელეებზე ვტირი, გული მიჩუყდება. შეიძლება ლექციაზე რაღაცას ვყვებოდე და უცებ მივხვდე, რომ დავაფეთებ სტუდენტებს იმიტომ, რომ ტირილს ამოვუშვებ, მაგალითად, ფილმის გამო.
საოჭების გეშინიათ?
საშინლად, გიჟივით.
ახალგაზრდებთან უერთიერთობა გიყვართ?
ძალიან. მე მიყვარს ხალხი, ვისთან ერთადაც ბევრს ვიცინი, მიყვარს, როცა ჩემ გარშემო მხიარულებაა, სევდას მე ვერ ვუძლებ, ისედაც ბევრია ამ ცხოვრებაში სევდა. რა პრინციპით შეიძლება ვიღაც კაცზე გადავირიო: თუ ის მიყვება მაგარ ისტორიებს და თუ მასთან ერთად ბევრს ვიცინი. აი, ეს მიყვარს და ეს ახალგაზრდებს ბევრს აქვს. ისინი ჯერ კიდევ დაუშინებელი ტიპები არიან, ამიტომ სამყარო ჯერ კიდევ ეუბნებათ: „ჰო“ და ეს ძალიან მაგარია! მერე, 30-ს რომ გადასცილდება და მიზნად დაისახავს ტოპ-მენეჯერი გახდეს ბანკში, უკვე-რა ვიცი. ის კი არა, რომ აღარ მიყვარს, უბრალოდ, აღარ მინდა რომ 24 საათი ჩემს გვერდით იყოს. სევდიანები ხდებიან.
რჩევისთვის მოგვართავენ ხოლმე?
არა, მეჯავრება და, საერთოდ, მიმაჩნია, რომ ეგ ბითურული ამბავია. რა უნდა ურჩიო ადამიანს. რა უნდა ვუთხრა, რო?! მე რა ვიცი. გარდა ამისა, რომც ვიცოდე, ჩავერევი მის ცხოვრებაში? თავში აზრდაც არ მომივა. საბოლოოდ მაინც ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. მიმაჩნია, რომ არავის რჩევა არ უნდა გაითვალისწინო, გარდა მარტივი ყოფითი ამბებისა. მაგალითად, რომელ აგარაკზე ჯობია წასვლა, იქ თუ აქ. და ამ ბიჭმა ასე მითხრა და რა ვუთხრა, მე რავი, რა უთხრა, ჩემი ბიჭი ხომ არ არის. ჩემი ბიჭი რომ იყოს, რამენაირად ვეტყვი და ნამდვილად არავის ვკითხავ, რა ვუთხრა.
სიყვარულზე აზრი შეგეცვალათ დროსთან ერთად?
არა. მე მგონია, რომ ყველაზე კარგი, რაც ცხოვრებაში შეიძლება შეგემთხვას, არის ის, რომ იყო შეყვარებული.
ჩხუბი შეგიძლიათ?
კი, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ვიღაცამ ან რაღაცამ წლების განმავლობაში მიშალოს ნერვები. პატარა რაღაცაზე არ ვვარდები, ამაზე თავს არ გავიფუჭებ, მაგრამ თუ ვხვდები, რომ სრულიად მიზანმიმართულად მიდის ბურღვა, მანდ უკვე პასუხს აღარ ვაგებ. თუ ჩხუბამდე მივიდა საქმე, ეს ნიშნავს, რომ მე იქ ურთიერთობის გარძელებას არანაირი ფორმით არ ვაპირებ. ანუ ვიჩხუბე და მერე შევრიგდით, ეს არ არსებობს. აქამდე თუ მიმიყვანე, მე აღარაფერი არ მინდა შენთან.
ნანობთ რამეს?
ძალიან განვიცდი რაღაცებს, რაც არ ვქენი, თორემ რაც ვქენი, ჩაიარა.
ფლირტი გიყვართ?
მე მგონი, ეს არის ერთადერთი, რაც ნორმალურ ადამიანს არანორმალურისგან განასხვავებს.
მნიშვნელოვანია, რომ ეპრანჭებოდე ვინმეს?
რა თქმა უნდა, თორემ ხომ შეიძლება მოწყენილობისგან მოკვდე?!
რაშია ქალების ძალა?
მე ძალიან მომწონს რომ ქალი ვარ, აღტაცებული ვარ ამ ამბით. ამას არამც თუ ხელი არ შეუშლია ჩემთვის რამეში, არამედ პირიქით. ვფიქრობ, ძალიან ხელსაყრელი მდგომარეობაა. თუ უნდათ ჩამქოლონ ფემინისტებმა, მე ვერ ვიგებ, რატომ იზღუდება ჩემი უფლება, თუ ვიღაც მეუბნება: შენი ჩემოდანი მძიმეა და, მოდი, აგიტან.
სიზარმაცე გიტევთ ხოლმე?
მე მგონი, ადამიანის ნორმალური მდგომარეობა არის სიზარმაცე. რატომ უნდა მინდოდეს მაინცდამაინც გავარდნა და რაღაცების ჩადენა, თუ მაქვს შანსი, რომ ეს არ გავაკეთო?
ბევრი ფული რომ გქონდეთ, იმუშავებდით?
ერთი წამითაც არა. რას ლაპარაკობთ, ეს რამ გაფიქრებინათ!
ფიქრობთ, რომ ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა ბედნიერებისკენ სწრაფვა? თავს ბედნიერად თვლით?
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბოლოოდ ყველა ადამიანს უნდა ბედნიერი იყოს. რა ფორმით უნდა, ეს სხვა საკითხია, ამაში ვერ ჩაერევი. არის რაღაცები, რის გამოც ტოტალურად ბედნიერი ვერ იქნები, იმიტომ რომ შენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ბედნიერი ქალი ვარ, ულაპარაკოდ!
ბედნიერი წამის დაწერა მარტივად გამოგდით?
პატარა სიხარულების ადამიანი უნდა იყო. როდესაც ადამიანს ბევრი მეგობარი ჰყავს, ეს ძალიან დიდი სიხარულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ერთ-ერთ მათგანს მაინც სჭირს რაღაც კარგი. საბოლოო ჯამში, პატარ-პატარა რამეები გვიხარია. მეგა სიხარული განა რამდენია? ვთქვათ, შვილები გააჩინე, კარგი შვილი გამოგივიდა, მიიღე ახალი ბინა,-ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ამას თუ გამოედევნე, დარდისა და მოწყენილობისგან სული ამოგვძვრება.
წარსულზე ბევრს ფიქრობთ?
წარსულთან დაკავშირებით ადრე თუ გვიან ყველა ტირის, ჩემო კარგო. იმას კი არ მისტირის, რაც მაშინ იყო, არამედ საკუთარ თავს იმდროინდელს. როცა ვიღაცები ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის იდეალიზება ხდება, ასე არაა, ‒ როგორ შეიძლება ფსიქიკურად ნორმალურ ადამიანს საბჭოთა კავშირი მოეწონოს, მაგრამ ენატრება ის, რომ ახალგაზრდა იყო. როცა ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი ბევრად გადასარევი და მრავალფეროვანია, თუნდაც იმიტომ, რომ ცხოვრება გაქვს წინ, დიდხანს იქნები ამ მშვენიერ დედამიწაზე.