რეი ხვდება ნიკოს

ავტორი: ნინი ბარბაქაძე

© ელენე მენთეშაშვილი

 

სამხრეთ ლონდონის ჰაირმარკეტის ქუჩაზე, Dover Street Market-ის სპირალის კიბეზე ვიზიტორი მრგვალი ფორმის ფანჯრის პანელით დაფარულს, თვალწარმტაც კედლისპირა ტილოს დაინახავს. გამოსახულება გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის 1906 წლის ნამუშევრის – „ხუთი თავადის ქეიფის“ ფრაგმენტია. Dover Street Market, რომელმაც თავდაპირველი ლოკაცია 17-18 დოვერ სტრიტი, ანუ “Burberry-ის” სამხრეთ პიკადილიის ყოფილი შენობა 2016 წელს დატოვა, ფიროსმანის ნამუშევარს სწორედ ამავე წლის მარტიდან მასპინძლობს. მრავალრიცხოვანი ბრენდების ვარიაციით დაკომპლექტებულ ბაზარზე, სადაც თეთრი, გიგანტური კერამიკული ბურთებიდან დაწყებული, “Margiela-ს” თვითფრინავის კაბინებით დამთავრებული, სხვადასხვა ინსტალაციები ყოველ თვე იცლვება. ფიროსმანის თავადი კი უშიშრად უმზერს მაყურებელს, თავისი მყარად მომარჯვებული ყანწით.

ყველაფერი რეი კავაკუბოს მიერ განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიფაქიზითაა შერჩეული. რეი კავაკუბო იაპონელი დიზაინერია, გამორჩეული ხედვითა და ნიჭით. ის Comme des Garcons-ის და Dover Street Market-ის დამფუძნებელია. ფიროსმანის ნამუშრევის Dover Street Market-ის სივრცეში ხანგრძლივი არსებობა სულაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იაპონელი მოდის დიზაინერის საკმაოდ უჩვეულო გემოვნებას, რომელიც 1980-იანი წლებიდან დღემდე არყევს მოდის ინდუსტრიის ფუნდამენტს. მოქეიფე ჩოხიანი კაცის გამოსახულების შეუსაბამობა ამ გარემოსთან სწორედ კავაკუბოს ხელწერაა.

© Denna Jones

 

„სხვა დიზაინერებთან შედარებით, რეის განსაკუთრებულად გამორჩეული ესთეტიკური ხედვები და შთაგონებები აქვს“ – ამბობს Dover Street Market-ის გაყიდვების ასისტენტი, რომელმაც ჩემი დაუშრეტელი ინტერესი ფიროსმანის ნახატის მიმართ გაიკვირვა, რადგან ის ვიზიტორების უმრავლესობას შეუმჩნევლად რჩება. “რეის არასდროს აინტერესებდა სხვა ადამიანების შეხედულებები, თუ ადამიანებს ესმით – ესმით, თუ არა – არა. 1981 წლის პარიზული დებიუტის შემდეგ, კავაკუბო ტრადიციული მოდის ტროპების გადახარისხებას ემსახურება, განსაკუთრებით Comme des Garcons-ის დიზაინებს შორის ყველაზე გამორჩეული კოლექციის “Body Meets Dress, Dress Meets Body” მეშვეობით. ანალოგიურად, შესაძლოა დავუშვათ, რომ თავის დროზე ფიროსმანმა ქვეცნობიერად შეარყია წინა საუკუნის ხელოვნების ნორმები იმ ნამუშევრების შექმნით, რომელიც ხშირად უგულებელყოფილი იყო, რადგან ფიროსმანი სახატავ ტილოდ ზეთოვან ქსოვილს იყენებდა.

სწორედ ფიროსმანის არასტანდარტული ნახატებით გამოწვეულმა აღტაცებამ ჩამოიყვანა იაპონელი დიზაინერი საქართველოში 1989 წელს, როდესაც მან Comme des Garcons-ის კამპანიისთვის ფოტოგადაღება მოაწყო. ფოტოგადაღების ინსტალაცია თბილისიდან 20 წუთის სავალზე აეწყო. ბირმინგემში დაბადებული ფოტოგრაფის ბრაიან გრიფინის მიერ გადაღებული ფოტოები, ჟურნალ “Six-ის” 1990 წლის გამოცემაში დაიბეჭდა.

Comme des Garcons-ის გამოცემამ, კავაკუბოს ხედვის მკაცრი ვიზუალური აგრეგაციის ლუსტრირება მოახდინა. ჟურნალში A3 ზომის განცალკევებული ფურცლები აღწერს საქართველოს მთიან ლანდშაფტებს, იმ პერიოდში როცა ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე იდგა. პეიზაჟებთან ერთად ვხედავთ Comme des Garcons’-ს ავანგარდული და ქართული ადგილობრივი ტანისამოსის შერწყმას. ქართველი ახალგაზრდა ჩაცმულია თეთრ Comme des Garcons ანსამბლში, ის სახეზე თეთრი, ნაკეცებიანი ქსოვილით და თავზე ტრადიციული ქართული ქუდითაა შემოსილი. კადრში მოხუცებულთა ჩრდილები ჩანს, შთამბეჭდავად შავი და შემზარავი. ეს ჩრდილები ცას ერწყმის და თან ბუნდოვან, ერთგვარ საბჭოურ მელანქოლიას ასხივებს.

სურათები უცნაურად რთულ ხარისხს და გულუბრყვილობას გადმოსცემენ, რომელიც ფიროსმანის ნამუშევრებისთვისაც დამახასიათებელია. ბრაიან გრიფინმა ბრიტანული გამოცემის “Dazed & Confused-ის” ინტერვიუში თქვა, რომ რეისთვის ეს ფოტოგადაღება “Six-ისთვის” გადაღებულთაგან ფავორიტია. იქნებ მარტოსული ადგილობრივების მკრთალი ასახვით, გრიფინის და კავაკუბოს მიზანი ნიკოსეული “Comme-ს“ ვერსიის შექმნა იყო.

„იქნებ რეისთვის ფიროსმანის ტილო საქართველოში გადაღებული კადრების ანარეკლია“ – ამბობს გაყიდვების ასისტენტი, თან ტილოს ფრაგმენტს შესცქერის. ფიროსმანის ნახატის ელემენტები იმ სპონტანური, ნაივური, შეულამაზებელი ფოტოგადაღების შეხსენებაა. თითქოს ზუსტად ამ მიმნდობ, რომანტიკულ განწყობას ხედავს კავაკუბო ფიროსმანის ტილოში, რომელიც ადრეული მეოცე საუკუნის თბილისური ცხოვრების პანორამულ ლანდშაფტებს ასახავს. Comme დes Garcons-ს სამოსს კარგად ნაცნობი, ცელქი და ამავე დროს მისტიური გულუბრყვილობა ახასიათებს. სწორედ ასე გულუბრყვილოდ დგას ფიროსმანის თავადიც Dover Street Market-ზე. ის შეძლება ხშირად შეუმჩნეველი დარჩეს ვიზიტორებისთვის, მაგრამ რეიმ ყოველთვის იცის, რომ ის იქ არის.