ჟურნალისტიკა ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში | ინტერვიუ ნინო გაგუასთან

მიმდინარე საუკუნე ხშირად მოიხსენიება, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქა. ბუნებრივია, მნიშნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ჟურნალისტიკაც – სფერო, რომელიც ამუშავებს და ქმნის ინფორმაციებს. უკვე წლებია, საზოგადოება ხარისხიანი მედიისგან ამბის გავრცელების გარდა სხვა უნარებსა და შესაძლებლობებსაც მოითხოვს. გაიზარდა და დაიხვეწა ადამიანთა გემოვნება. მონაცემთა და მულტიმედია ჟურნალისტიკა კი ის დარგია, რომელიც ამარაგებს თანამედროვე ადამიანს ანალიტიკური მასალითა და ლოგიკური დასკვნებით და აწვდის საინტერესო ინფორმაციებს ვიზუალური ეფექტების გამოყენებით.

ნინო გაგუა პროფესიით ჟურნალისტი და მედიამენეჯერია. განათლება საქართველოსა და რიგაში მიიღო. მონაცემთა ჟურნალისტიკით სწავლის დასრულებისას დაინტერესდა და აკადემიური ცოდნის მიღების შემდეგ კარიერული განვითარება თვითშემეცნების გზაზე განაგრძო. 2019 წელს გაიარა ერიქსონის საერთაშორისო პროგრამა ქოუჩინგის მეცნიერებასა და ხელოვნებაში. ბოლო ხუთი წელია მონაცემთა დამუშავებისა და ვიზუალიზაციის კუთხით აქტიურად მუშაობს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან. პროფესიული ჩარჩოს მიღმა დაკავებულია სულიერი და ეზოთერული ცოდნის ძიებით.

როგორ მოხვდით მულტიმედია/მონაცემთა ჟურნალისტიკაში, რა აუცილებელ უნარებსა და ცოდნას უნდა ფლობდეს ადამიანი, რათა ამ პროფესიას წარმატებით დაეუფლოს?

2014 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მივიღე მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში. ამ განათლებამ და გამოცდილებამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრების კურსი. გადავწყვიტე მედია მენეჯმენტის კუთხით ცოდნის ამაღლება და 2017 წელს რიგაში დავამთავრე სტოკჰოლმის ეკონომიკური სკოლის პროგრამა მედია მენეჯმენტში. 2017 წლიდან ვარ მიწვეული ლექტორი GIPA-ში, მონაცემთა ჟურნალისტიკის და ვიზუალიზაციის განხრით სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებზე.

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მონაცემთა ჟურნალისტიკით დავინტერესდი. მაშინ ახალ მიმართულებად ითვლებოდა  და შესაბამისად ქართულად ნაკლები ინფორმაცია იყო, თუ როგორ უნდა გესწავლა მონაცემთა ჟურნალისტიკა და ვიზუალიზაცია. დავიწყე თვითშემეცნება. გავეცანი საერთაშორისო პრაქტიკებს და კურსებს.  პროფესიონალურ დონეზე ვისწავლე მონაცემთა ჟურნალისტიკისთვის საჭირო  პროგრამები: Adobe Illustrator, Photoshop და სხვა ონლაინ პლატფორმები. მონაცემების მოპოვების, ანალიზის და დამუშავების პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პირველი ჩემი მასალა – ინტერაქციული რუკა – საქართველოს მიტოვებული სოფლების სტატისტიკაზე გავაკეთე. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში 231 სრულად მიტოვებული და 258 სოფელი გვაქვს ათამდე ადამიანით დასახლებული. სამწუხაროდ, ეს მონაცემები მზარდია წლიდან წლამდე.

ძირითადი უნარები, რომელიც მონაცემთა ჟურნალისტს სჭირდება, არის ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის სწორად ანალიზი ვიზუალიზაციისთვის.

როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან თანამედროვე და გასული საუკუნის ჟურნალისტიკა ვიზუალური თვალსაზრისით?

სანამ ვიზუალურ განსხვავებაზე ვისაუბრებდეთ, განვსაზღვროთ, რა არის ტრადიციული და ახალი მედიის საკომუნიკაციო არხები. ტრადიციული მედია მოიცავს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: რადიოს, ტელევიზიას, ჟურნალ-გაზეთებსა და სხვა ბეჭდურ პუბლიკაციას. ხოლო ახალი მედია მოიცავს მასობრივ კომუნიკაციას ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ახალმა მედიამ ჟურნალისტიკის სწრაფ განვითარებას შეუწყო ხელი და იქმნება ისეთი მედია მასალები, სადაც შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ციფრული მედიაფორმის (აუდიო, ტექსტი, ანიმაცია, ვიდეო, გრაფიკა და სხვა) ინტეგრაციით შეიქმნას ინტერაქციული მასალა, რაც ტრადიციული მედიის პირობებში, მისი ფორმატიდან გამომდინარე. შეუძლებელია.

თუ გავითვალისწინებთ ორ ფაქტს – რომ, 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი 4,66 მილიარდი ადამიანი ანუ გლობალური მოსახლების 59%-ია და რომ, მეცნიერული დასკვნით, ადამიანი იმახსოვრებს დანახულისა და გაკეთებულის 80%-ს, მაშინ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ  ინტერაქციულ მასალაზე მოთხოვნა მარტო ციფრულ მედია ორგანიზაციებში არ გაიზრდება და ეს სხვა სფეროებსაც შეეხება.

რა დადებითი და უარყოფითი შედეგები მოიტანა მედიასივრცეში ჭარბი ვიზუალური მასალების გამოჩენამ?

ამ შემთხვევაში, ციფრულ მედიაზე გავაკეთებ აქცენტს, რადგან ჭარბ ვიზუალურ მასალაზე წვდომა პირადი ონლაინ მედია პლატფორმებიდან გვაქვს. საერთაშორისო კვლევის თანახმად, ინფორმაციის 90%-ს ტვინი ვიზუალურად იღებს და ტექსტთან შედარებით 60,000-ჯერ უფრო სწრაფად ამუშავებს. ამასთან, თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება უკვე მკითხველის ქცევის შესწავლა და ანალიზი, რამაც განაპირობა ისეთი ციფრული მედია პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა, როგორიცაა: მონაცემთა ვიზუალიზაცია, ინფოგრაფიკა, მიმი/გიფები, მოკლე ვიდეოები, პროდუქტის ფოტოები, მომხმარებლის მიერ დაგენერირებული ფოტო/ვიდეო მასალები და სხვა.

დღეს ჯანსაღი კონკურენცის პრინციპი ციფრულ ეპოქაში ზღვა ვიზუალურ ინფორმაციას ქმნის და გვაწვდის, ამის პარალელურად მკითხველის ყურადღებაც მზარდია გემოვნებიან და ხარისხიან ვიზუალზე.  ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ განვითარების პროცესის დამკვირვებლებიც და მონაწილეებიც ვიყოთ და ზედმეტი ინფორმაციით გონების გადატვირთვას გავუმკლავდეთ “ინფორმაციული დიეტით” ანუ ზომიერად ვატაროთ დრო სოციალურ მედიაში.

რა გამოარჩევს მონაცემთა ჟურნალისტს ჩვეულებრივი ჟურნალისტისგან?

ტრადიციული მედიის ფოკუსი ახალ ამბებზეა მიმართული და ჟურნალისტი თემებზე მუშაობის დროს, ძირითადად, ამოტრიალებული პირამიდის პრინციპით ხელმძღვანელობს და პასუხობს კითხვებს: ვინ? რა? როდის? სად? რატომ? და როგორ?

ხოლო მონაცემთა ჟურნალისტის ფოკუსი არსებული და მიმდინარე მონაცემების გაანალიზებით ამბის მნიშვნელობის პოვნაა. სამუშაო პროცესი ოთხ ეტაპს მოიცავს: მონაცემების მოპოვებას, დამუშავებას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას. მონაცემთა ჟურნალსტები გვაწვდიან ინფორმაციას, რა გავლენა და მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამ ამბავს ჩვენზე. მაგალითად, რელური ინფორმაციაა, რომ 2002 წლიდან საქართველოში სასუნთქი გზების სიმსივნეების რაოდენობა 6.6-ჯერ არის გაზრდილი. ამ ინფორმაციას თუ დავამატებთ, თუ რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული საქართველოში, რამდენი სამშენებლო ნებართვაა გაცემული, მაშინ მიღებული და შეჯერებული ინფორმაცია აუცილებლად დააფიქრებს ჩვენს მკითხველს ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე.

რა სამომავლო პერსპექტივა აქვს წინ მულტიმედია ჟურნალისტიკას, გაიარა თუ არა უკვე მან თავისიოქროს ხანა“?

Media + Interactivity + Huperlink = Multimedia

მედია + ინტერაქტიულობა + ჰიპერლინკი = მულტიმედია

ეს მულტიმედიის მარტივი ფორმულაა. შესაბამისად, მულტიმედიაში დასაქმებულს უნდა ჰქონდეს ყველა ტიპის მედია ფორმის (ტექსტი, აუდიო, ფოტო, ვიდეო, ვიზუალური)  მასალაზე მუშაობის ცოდნა და გამოცდილება. ეს სფერო ციფრული ტექნოლოგიების პარალელურად ვითარდება და დღეს მიღებული ცოდნა შეიძლება გამოცდილებად დაგრჩეს. აქ სულ თვითგანვითარებაში და ინფორმაციულ სიახლეებში უნდა იყო. ამ სფეროს ხანგრძლივი “ოქროს ხანა” აქვს, რადგან მულტიმედია ჟურნალისტებზე დღეს გაზრდილია მოთხოვნა ყველა სფეროდან.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ მულტიმედია ჟურნალისტიკა ეს ის ცოდნაა, რომელიც ყველა სფეროში გამოგადგება.