პორტუგალიაში მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები ადგილობრივთა უფლებებით ისარგებლებენ

Photo By Ricardo Resende

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე პორტუგალიამ მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების დასაცავად შესაბამისი ზომები მიიღო. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიგრანტები და თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში იმყოფებიან და პორტუგალიაში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განცხადება შესაბამის ორგანოებში აქვთ შეტანილი, პანდემიის განმავლობაში იმავე უფლებებით ისარგებლებენ, რომლითაც პორტუგალიაში მუდმივად მცხოვრები პირები.

იმისათვის, რომ აღნიშნულმა პირებმა შესაბამისი სერვისებით თავისუფლად ისარგებლონ, საჭიროა წარადგინონ მტკიცებულებები, რითიც დაადასტურებენ, რომ მათ განცხადება შესაბამის ორგანოებში უკვე შეტანილი აქვთ და ის განხილვის პროცესშია.

პორტუგალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, კლაუდიო ველოსოს თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში ორშაბათიდან შევა.

„იმის გამო, რომ მათი განცხადება ჯერ მიღებული არ არის, ადამიანებს არ უნდა ჩამოერთვათ სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობის უფლება. ასეთ საგანგებო ვითარებაში მიგრანტების უფლებები უნდა დავიცვათ“

ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 6 000-ს აღწევს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 100-ზე მეტია.