პოლიტიკური მემკვიდრეობის კვალდაკვალ – ინტერვიუ სინდი მაკკეინთან

ოჯახში პირველი იყო, ვინც უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. მის არცერთ ნათესავს არ ჰქონია კოლეჯში ჩაბარების შანსი. მამამ და დედამ მხოლოდ საშუალო სკოლის დამთავრება შეძლეს. „ოჯახისთვის ჩემი უნივერსიტეტში სწავლა ბევრს ნიშნავდა. მუდმივად ვგრძნობდი ჩემი მშობლების მხარდაჭერას, ისინი ყოველთვის მამხნევებდნენ და ოცნებების ახდენისთვის ბრძოლისკენ მომიწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი საკუთარ ბიზნესს ფლობდა, მშობლები არასდროს მაიძულებდნენ ამ სფეროთი დავინტერესებულიყავი, მათ თავისუფლება მომცეს და ნება დამრთეს, ჩემით გამერკვია, რისი კეთება მსურდა. წარსულის გახსენებისას, სულ ვამბობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი იყო ჩემს ცხოვრებაში“, – ასე იხსენებს ამერიკელი ფილანთროპი და სენატორ ჯონ მაკკეინის ქვრივი – სინდი მაკკეინი საკუთარ ახალგაზრდობას.

ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიის Hensley & Co-ს, სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე – სინდი მაკკეინი Forbes Woman Georgia-ს ქალთა გაძლიერებაზე, ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, საქართველოს პროდასავლურ კურსზე და მისი ქმრის – საქართველოს უდიდესი პოლიტიკური მოკავშირის, ნამდვილი მეგობრისა და მხარდამჭერის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობაზე ესაუბრა.

მრავალშრიანი საგანმანათლებლო პროცესის, პროფესიული გამოცდილების შეძენის, წარმატებული კარიერის ოჯახთან შეთავსების პარალელურად, შრომით ბაზარზე არსებულ ვითარებაზე დაკვირვებით, სინდი მაკკეინმა შეძლო უკეთ დაენახა, თუ რა კონკრეტული პრობლემები აქვთ და რა გამოწვევების წინაშე დგანან სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ქალები.

„ჩვენ, ქალები, ჭკვიანები ვართ და, ფაქტობრივად, ბევრ რამეში უკეთესები, რადგან ერთდროულად ერთზე მეტი საქმის კეთება შეგვიძლია. მაგ. შეგვიძლია ვიმუშაოთ, ბიზნესი ვმართოთ და, ამავდროულად, შვილები აღვზარდოთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვიდგეთ მტკიცედ და მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა. ასევე, ჩამოვაყალიბოთ და შევინარჩუნოთ პირადი ფასეულობები, დამოკიდებულებები და რწმენა“, – ამბობს იგი.

ქალთა გაძლიერების პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად სინდი მაკკეინს სოციალური პასუხისმგებლობა მიაჩნია. მისი აზრით, აშშ-შიც და საქართველოშიც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა აისრულონ პროფესიული თუ პიროვნული ოცნებები, მატერიალურად უზრუნველყონ ოჯახი და განათლების მიღების შესაძლებლობა მისცენ შვილებს. თუმცა, არ ავიწყდება, რომ მსოფლიოში არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც ხალხს ამის შესაძლებლობა არ აქვს, განსაკუთრებით კი ქალებს. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები, კერძო პირები, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, მსოფლიოს უდიდესი ქველმოქმედები სულ უფრო მეტად აცნობიერებდნენ და გრძნობდნენ სოციალურ პასუხისმგებლობას, უფრო მეტ ინტერესს იჩენდნენ ქალთა პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. მაგალითად, ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, როგორიცაა სამხედრო დანაყოფებში, შეიარაღებულ ძალებში ქალების მიმართ დისკრიმინაცია, მათი უფლებების დარღვევა, ღირსების შელახვა, ხშირად იგნორირებული და უგულებელყოფილია. აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ქალთა პრობლემებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც სცდება პირად სივრცეს, ოჯახური ცხოვრების ფარგლებს. ქალებს სჭირდებათ თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, თანასწორუფლებიანი, სამართლიანი საზოგადოება, მათ სურთ ჰქონდეთ თავიანთი შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის შესაძლებლობა, ქალებს სურთ ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, აკეთონ ის, რაც სურთ, თან ისე, რომ საფრთხე არ ემუქრებოდეთ“, – ამბობს სინდი მაკკეინი.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობა კარგად ესმის, რადგან მაკკეინების ოჯახის მიმართ ყოველთვის არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი, ის ხშირად ექცევა ამერიკული თუ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. სინდი მაკკეინის თქმით, სოციალური მედიის პირობებში, ციფრულ სამყაროში პირადი სივრცის არარსებობა, საჯარო პირების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი აზრით, უმნიშვნელოვანესია დროის ეფექტურად მართვა და სწორი გადანაწილება. „ჩემი მთავარი მიზანი ოჯახის დროის რაციონალურად განაწილება იყო, ჩემს შვილებს მამასთან საკმარისი დრო გაეტარებინათ და საერთო ოჯახურ აქტივობებს ხელი არავისთვის შეეშალა“, – ამბობს ის.

მოგეხსენებათ, რესპუბლიკელი სენატორი, ორგზის საპრეზიდენტო კანდიდატი და თავისუფლების იდეალებისთვის მებრძოლი ჯონ მაკკეინი ამერიკის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ის სულ მხარდამჭერად ეგულებოდა და ეიმედებოდა საქართველოს. სენატორმა მაკკეინმა საქართველოს მხარდამჭერმა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კომენტარი 2008 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა. ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მან ამერიკელებს მოუწოდა დაინტერესებულიყვნენ პატარა და მოშორებული ქვეყნით, რომელსაც საქართველო ჰქვია, რადგან „ისტორია ხშირად პატარა და მოშორებულ ქვეყნებში იწერება.“ თავისუფლების დაცვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე მინიშნებით, სენატორმა განაცხადა: „დღეს ჩვენ, ყველანი ქართველები ვართ!“

„ჩემი ქმარი ყოველთვის იცავდა სუსტს ძლიერისგან, ჩაგრულს მჩაგვრელისგან… ის იყო ადამიანი, რომელიც საქართველოსნაირ ქვეყნებს სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების გამო მფარველობდა. ის თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შეუპოვარი და სამართლიანი დამცველი იყო. ვფიქრობ, მისი მემკვიდრეობისგან ხალხსა და ქვეყნებს შეუძლიათ ბევრი ისწავლონ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვანი საქმეებით რასაც ის აკეთებდა, არამედ იმ ღირებულებებითაც, რომლისაც მას სწამდა და რომელთა ერთგულიც სიცოცხლის ბოლომდე იყო“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში სინდი მაკკეინმა.

სინდი მაკკეინი მუდმივად აკვირდება კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, საქართველოსა და აშშ-ს პოლიტიკურ კლიმატს, რის შედეგადაც ორი ქვეყნის თავისებურებებში გარკვეული მსგავსება აღმოაჩინა. „მსგავსება სოციალურ და პოლიტიკურ პოლარიზაციაშია. ჩემი მეუღლის მსგავსად, სხვა ადამიანებმაც შეძლეს პოლიტიკურად აჭრელებული საზოგადოების შეკვრა, რომლებსაც აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი, იდეების გაზიარება და წინსვლა. მე სწორედ ამ პოზიციაზე ვრჩები და ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ მოვიქცეთ ცივილურად, ვისაუბროთ ერთმანეთთან, ვისწავლოთ განსხვავებული, თუნდაც რადიკალური აზრის მოსმენა, გავითავისოთ, რომ მოწინააღმდეგეთა იდეებიც შეიძლება ისეთივე კარგი იყოს, როგორიც ჩვენი. დღესდღეობით ერთმანეთის მიმართ საკმარისი პატივისცემა არ გაგვაჩნია, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე პოლიტიკურ და იდეოლოგიურ განსხვავებებს ეხება. ერთმანეთის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკაში,“ – ამბობს იგი.

სინდი მაკკეინთან გასაუბრების შესაძლებლობა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ ჩატარებული ყოველწლიური ღონისძიების – თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოგვეცა. ღონისძიების მთავარი არსი, ადგილობრივი პოლიტიკური აქტორების გაერთიანებასა და პოლიტიკური დისკურსის განხილვისთვის აუცილებელი მთავარი პლატფორმის შექმნას გულისხმობს.

საგულისხმოა, რომ ინტერვიუს დასასრულს, სწორედ პოლიტიკური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სინდი მაკკეინმა Forbes Woman Georgia-სთან და რამდენიმე სიტყვით, ახალგაზრდებსაც მიმართა:

„ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც სურვილებისა და მიზნების განხორციელების თავისუფლებას მისცემს მათ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ პოლიტიკაში ჩაერთოს, ეს არ ნიშნავს თანამდებობის დაკავებას ან პოლიტიკურ მოღვაწეობას, რაც თავისთავად კარგია, ეს ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში ჩართულობას და ამ დღის წესრიგში სწორი ვექტორების მხარდაჭერას.“

ფოტო: ანა ბოკო