პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი დაამტკიცა

2018 წლის 19 დეკემბერს პარლამენტში, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა სექსუალური შევიწროების რეგულირების საკითხებზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პრეზენტაცია წარადგინა.
 
შეხვედრაზე დაისვა ისეთი საკითხები, როგორიცაა სექსუალური შევიწროების დარეგულირების საკითხი საჯარო და შრომით სივრცეებში. აღსრულების მექანიზმად კი, საჯარო სივრცეში შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო შრომით სივრცეში სახალხო დამცველი განისაზღვრა.
 
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადებული იყო გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ USAID/PROLOG-ის მხარდაჭერით.
რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა, ასევე, კანონში განისაზღვრა სექსუალური შევიწროების დეფინიციაც და დადგინდა შესაბამისი სანქციებიც (ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე არასასურველი სექსუალური ქცევის გამო).
 
საქართველო პირველი არაა, სადაც ამ ტიპის კანონპროექტი დამტკიცდა. 2016 წელს კალიფორნიაში საკმაოდ ბევრი საჩივარი შევიდა სექსუალური შევიწროების ბრალდებით და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა კალიფორნიული მოდელი განსხვავდებოდა ქართულისგან და ასევე მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ეს კანონი მხოლოდ სამუშაო სივრცეებზე ვრცელდებოდა. შტატში მოქმედებდა სამი ტიპის კანონი, რომლითაც შემდგომ დასაქმებულები ხელძღვანელობდნენ, ესენია: ფედერალური კანონი (Federal Law), დასაქმების აქტი (The Fair Employment and Housing Act – “FEHA”), კალიფორნიის კონსტიტუცია.
 
თითოეული კანონი განსხვავებულად იცავს დასაქმებულს სექსუალური შევიწროებისგან, თუმცა ყველაზე „პოპულარული“ მაინც – „FEHA” აღმოჩნდა, რომელიც ძალიან კონკრეტულია და ნებისმიერი ტიპის შევიწროების შესახებ აკეთებს განმარტებას.
 
კანონპროექტის შედეგიანობა და პოზიტიურობაც სწორედ ამ მოდელის მიხედვით განისაზღვრა, რადგან დაზარალებული თავად ირჩევდა რომელი კანონის მიხედვით უნდა გაანალიზებულიყო თავისი საქმე სასამართლოში.
საინტერესოა შედეგების ანალიზის რა მოდელით იხელმძღვანელებს საქართველო.