ნობელის პრემიის 2018 და 2019 წლის ლაურეატები ლიტერატურის დარგში ოლგა ტოკარჩუკი და პეტერ ჰანდკე გახდნენ. 2018 წელს შვედეთის აკადემიის სკანდალის გამო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაცემულა, ამიტომ წელს ორი ლაურეატი ერთდროულად გამოვლინდა.
ოლგა ტოკარჩუკი პოლონელი მწერალი და აქტივისტია. მას თანამედროვე პოლონურ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ოლგა 1962 წელს, სულეჩაუში (პოლონეთი) დაიბადა. მისი მშობლები მასწავლებლები იყვნენ, მამამისი კი ასევე სკოლის ბიბლიოთეკარი გახლდათ. ოლგას სწორედ აქ მიეცა შესაძლებლობა გაეღრმავებინა ლიტერატურული ცოდნა. ვარშავის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი, 1993 წელს მისი პირველი ნაწარმოების – “Podróz ludzi Księgi”(The Journey of Book-People) – დებიუტი შედგა.