ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, ისეთ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, სადაც განათლების მიღება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ღირებულება იყო. მშობლებისგან მუდმივად მესმოდა, რომ არ არსებობს გადაულახავი ბარიერები, რასაც მოისურვებ და მიზნად დაისახავ, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. მიხსნიდნენ, რომ ჩემი მიღწევები და, ზოგადად, განვითარების გზა სწავლაზე გადის და განათლების მიღების გარეშე, ეს გზა ვერ მიმიყვანდა დანიშნულების ადგილამდე.
ისინი მუდმივად ცდილობდნენ ჩვენს მრავალმხრივ განვითარებაზე და სურდათ ვეზიარებინეთ მაქსიმალურად მეტი უნარისთვის. ამიტომ, სპორტი და მუსიკა დიდი დოზით იყო ჩემს ბავშვობაში. ალბათ ამან შემდგომში განაპირობა ჩემი მრავალმხრივი ინტერესებიც. არ ვიცი, როგორ ახერხებდნენ თავისი დაკავებული გრაფიკის ფონზე, მაგრამ, პრაქტიკულად, ყველა სპორტის სახეობაზე დავდიოდი. ძალიან ვუმადლი მათ, რომ ხარისხიანი განათლების მოცემა შეძლეს ჩემთვის და ამ პროცესში მუდმივად მხარში მედგნენ. ბავშობიდანვე მინდოდა ქირურგობა. დღესაც ვფიქრობ, რომ კარგი ქირურგი ვიქნებოდი და უფრო მეტი ადმიანისთვის შევძლებდი დახმარების გაწევას. ასევე, ბავშობიდანვე მქონდა სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლება მიმეღო, მაგრამ მაშინ ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო. ამის ნიშნად, სკოლის დამთავრებისას, ბოლო ზარზე თავისუფლების ქანდაკება მქონდა დახატული ჩემს პერანგზე. ეს ოცნება მოგვიანებით ამიხდა და აშშ-ს სამ უნივერსიტეტში შევძელი სწავლის მიღება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ინგლისურენოვან ‒ დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტში („აიეტი“) ჩამებარებინა, რომელიც ამერიკული სამედიცინო პროგრამით სწავლების შესაძლებლობას იძლეოდა საქართველოში. სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით, მე ორმაგი ძალისხმევის დახარჯვა მიწევდა, რადგან მედიცინასთან ერთად, პარალელურად, ინგლისური ენის სწავლაც მიწევდა ჩემით.
სწავლის დასასრულს გამოცხადდა გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის, რომელიც საზღვარგარეთ სწავლა-პრაქტიკას გულისხმობდა. მე, ფინეთში, თვალის ქირურგიის კლინიკაში მოვხვდი. როცა ფინეთიდან დავბრუნდი, ინტერნატურის გასავლელად, ერთ-ერთ თვალის კლინიკაში დავიწყე მუშაობა. სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი ჩემს პროფესიულ განვითარებაში და სამომავლო არჩევანში. იმ მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა, რომელსაც ფინეთში ვეუფლებოდი, აქ, საქართველოში, 15 წლის შემდეგ დაიწყეს. ფინეთიდან დაბრუნებულმა უფრო მწვავედ აღვიქვი საქართველოს მახინჯი და მოუწესრიგებელი ჯანდაცვის სისტემა, ექიმების უკიდურესად დაბალი ხელფასები, დამოკიდებულება პაციენტების მიმართ, მათგან ფულის აღება და ჯიბეში ჩადება და ა.შ ამ და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, პრაქტიკულად, რამდენიმე თვეში გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს მახინჯი სისტემა შემეცვალა და ბევრი მეშრომა ამ მიზნის მისაღწევად. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) დაარსება, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა დავამთავრე, რომლის დასრულებისთანავე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა.
ეს იყო ყველაზე საინტერესო, მაგრამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ამ პერიოდში მომიწია საკუთარი თავის გამოცდა და დავრწმუნდი ქალის ხასიათის სიძლიერეში. მომიწია როგორც პოლიტიკის შემუშავების მხარეს, ასევე პოლიტიკის განმახორციელებლის მხარეს მუშაობა. ვხელმძღვანელობდი რეფორმებისა და პროგრამების დეპარტამენტს, საბიუჯეტო და შესყიდვების სამმართველოს, და ბოლო ოთხი წლის მანძილზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. თავიდან ოცდაოთხსაათიანი შრომა დამჭირდა, რომ სამინისტროში წლების მანძილზე მომუშავე პროფესიონალებს დავწეოდი ცოდნაში. თანამშრომლებს ვერ წარმოედგინათ, რა უნდა მესწავლებინა მათთვის, ერთ პატარა ახალმისულ გოგოს, რომელსაც წამყვანი პოზიცია მეკავა, ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო, შეიცვალა ჩემ მიმართ დამოკიდებულება და ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა სხვადასხვა დეპარტამენტში.
როცა ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდს ვიხსენებ, გარკვეულწილად, სიამაყე მიპყრობს, რომ სისტემის რეფორმირებასა და ამ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ვქმნიდით ხელშესახებ ცვლილებებს არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. ვიყავი ყველაზე მასშტაბური და ლიბერალური რეფორმის ნაწილი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, არასდროს ვაძლევ საკუთარ თავს თვითკმაყოფილების მორევში გადაშვების უფლებას. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მიავაღწიე, თუმცა ეს არის ერთგვარი მოტივაცია კიდევ უფრო მეტის გასაკეთებლად, უფრო დიდი მიზნის მისაღწევად. ამიტომაც, არასდროს ვჩერდები და აქტიურად მივიწევ წინ, რაშიც თვითგანვითარება, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა, პროფესიული უნარების ამაღლება მეხმარება.
ცხადია, დადგა ის დროც, როცა ჯანდაცვის სამინისტროში ჩემი თავი ამოვწურე; მრავალმხრივი და ღირებული გამოცდილება დავაგროვე. პროფესიული და პიროვნული განვითარების დაუშრეტელი სურვილი, მამაჩემის მიერ ნასწავლი პრინციპი, რომ მუდმივი სწავლა ერთადერთი გზაა, არასდროს დამვიწყებია, შესაბამისად, როცა “Civil Service Leadership Award” პროგრამა გამოცხადდა, და მონაწილეობა მივიღე. იმ დროს რას ვიფიქრებდი, თუ ერთ დღეს ამ პროგრამის შესარჩევი კომისიის წევრი გავხდებოდი წლების შემდეგ. აპლიკაცია ჯანდაცვის მენეჯმენტზე შევავსე და პასუხი მაქსველის საჯარო მართვის სკოლიდან მივიღე (სირაკუზის უნივერსიტეტი), რომელიც საჯარო პოლიტიკაში და ადმინისტრირებაში ნომერ პირველი სკოლაა. ეს პროგრამა მაძლევდა შანსს უფრო ღრმად და საფუძვლიანად შემესწავლა საჯარო პოლიტიკის და ადმინისტრირების სფერო, მით უმეტეს, ისეთ სკოლაში, სადაც ლექციებს კითხულობენ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები. ეს ნამდვილად გამორჩეული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.
აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, შეთავაზება საკონსულტაციო კომპანია EY საქართველოსგან მივიღე. დასავლეთში, საკონსულტაციო ნაწილმა გადაუსწრო აუდიტს, გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი იყო საქართველოშიც განვითარებულიყო ეს მიმართულება. შესაბამისად, შემომთავაზეს საჯარო და სახელმწიფო პრაქტიკის განვითარება და ხელმძღვანელობა. უკვე მეხუთე წელია ვხელმძღვანელობ სახელმწიფო და საჯარო სექტორის პრაქტიკას და ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის განვითარებასა და მის ევროკაშირთან ინტეგრაციის პროცესში. მთავრობები, მსოფლიო მასშტაბით, უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე არიან, რომელიც ტექნოლოგიური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორებით არის გამოწვეული. ჩვენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა მოგვაქვს და ლოკალურ საჭიროებებსა და კონტექსტს ვარგებთ და ყოველთვის ვხელმძღვანელობთ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე.
წინა წელს სტენფორდის უნივერსიტეტის, დემოკრატიისა და განვითარების სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გავხდი საქართველოდან, 25 სხვა ქვეყნის სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის ლიდერებთან ერთად. პროგრამა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იყო დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებების ხელშესაწყობად ახალი ინსტიტუციური მოდელების შესასწავლად. პროგრამა ასევე ითვალისწინებს, სილიკონის ველის ტექნოლოგიური ფირმების ვიზიტებს და გამოცდილების პრაქტიკული სემინარებით შევსებას.
მრავალწლიანი სამუშაო და აკადემიური გამოცდილების მიღების შედეგად დავრწმუნდი, რომ თვითრწმენა და თავდაჯერებულობა განვითარებისთვის და უზრუნველყოფილი მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, თავდაჯერებულობა არ გამორიცხავს თავმდაბლობას. ამ თვისებების შეძენა/განვითარებისთვის ბევრი ხერხი არსებობს. მომწონს, როცა წარმატებული ქალები თავიანთ შთამაგონებელ ისტორიებს უზიარებენ ახალგაზრდა გოგოებს და შთააგონებენ, რომ წარმატების გზა ნამდვილად სწავლასა და თვითგანვითარებაზე გადის.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემი მშობლების მხარდაჭერა. მათ არასდროს უთქვმთ, რომ მე წარმატებას ვერ მივაღწევ, იმიტომ რომ ქალი ვარ. პირიქით, დედა ძალიან ძლიერი ქალია და მამაც მუდმივად მიმეორებდა იგივეს, რომ ეს არ იყო კაცების სამყარო და ქალსაც იგივე თავისუფლება აქვს.
ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი ქალი ვიყავი საქართველოში, ვინც ადრეულ ასაკში დაიწყო ავტომობილის მართვა. ტარებისკენაც მამაჩემმა მიბიძგა და მასწავლა. 1994 წელს იშვიათად ნახავდით ქალს საჭესთან. მას შემდეგ მიყვარს და ხშირად ვიმეორებ ამ მეტაფორას: „ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე, თავად უნდა იჯდე საჭესთან“, უარი უნდა თქვა უკვე გატკეპნილ გზებზე და მუდმივად ეძებო ახალი.
დასანანია და გული მწყდება, რომ ძალიან ბევრი ქალი „საჭესთან ყოფნას“ უკანა სავარძელზე ჯდომას ამჯობინებს, არ ცდილობს მწვერვალების დაპყრობას და პროცესების სათავეში ყოფნას, არ ავლენს ამბიციურობას, სიმამაცეს, არ აქვს სურვილი თავად იყოს ლიდერი. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით გვჭირდება „საჭესთან მჯდომი“ ლიდერი ქალები. თუმცა, ბოლო პერიოდში, სულ უფრო მეტ მონდომებულებს, მოტივირებულებს, მიზანდასახულ და თავდაჯერებულ ქალებს ვხედავ. ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის და, რაც მთავარია, სწორად აფასებენ, რომ განათლება და ცოდნის გაღრმავება ის ქვაკუთხედია, რომლის გარეშეც პროგრესი ვერ მოხდება.
დასასრულს, მინდა მივმართო ქალებს და ვუთხრა, რომ იყვნენ უფრო მამაცები და აქტიურები. ახსოვდეთ, რომ თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი მიღწევადია. რასაც არ უნდა აკეთებდე, ხარისხიანად გააკეთე და პასუხისმგებლობით. და მთავარი, არასდროს დაივიწყონ, რომ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იყო კარგი ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ იყო წარმატებული საჯარო მოხელე, კარგი თანამშრომელი და ძლიერი ლიდერი. მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თაობას და ვთხოვო, ნუ დარჩებიან სხვაგან, უცხო ქვეყანაში, ჩამოვიდნენ აქ და თავიანთი ცოდნა, გამოცდილება, მონდომება საქართველოს მოახმარონ. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია.
ფოტო: ანა ბოკო