მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში ქალების, ბიზნესისა და სამართლის შესახებ, რომელიც მსოფლიოს სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემაში გენდერულ თანასწორობას აფასებს. წლევანდელი ანგარიში ქალების, ბიზნესისა და სამართლის შესახებ მსოფლიო ბანკის რიგით მეექვსე გამოცემას წარმოადგენს და მასში 190 ქვეყნის ეკონომიკის კვლევაა თავმოყრილი.
© World Bank Group
კვლევა ქალების ბიზნესში და სამართალში ჩართულობას ამავე სახელწოდების ინდექსით ზომავს, რაც რვა ინდიკატორით ფასდება, ესენია – სამუშაო ადგილი, ხელფასი, გადაადგილების თავისუფლება, მშობლის სტატუსი, ოჯახური მდგომარეობა (ქორწინება), მეწარმეობაში ჩართულობა, საკუთრების ფლობა და პენსიის მოცულობა.
2017 წლის 2 ივნისიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით ინტერვალში, გამოკვლეული ქვეყნებიდან, ორმოცი ქვეყნის პოლიტიკაში გენდერული თანასწორობისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა მსოფლიოში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას. 190 ქვეყნიდან მხოლოდ რვამ დააკმაყოფილა დისკრიმინაციის საზომი რვავე კრიტერიუმი და ქალების, ბიზნესისა და სამართლის ინდექსში ასი ქულა დააგროვა. ეს ქვეყნებია: ბელგია, კანდა, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, ლატვია, ლუქსემბურგი და შვედეთი.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იმ ქვეყნებმა, რომელთა ქალების, ბიზნესისა და სამართლის ინდექსში დაბალი შეფასებები აჩვენეს 2016 წლის ანგარიშში, ეს მონაცემები ორი წლის ვადაში მკვეთრად გამოასწორეს და გენდერული თანასწორობის განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენეს. ამ ქვეყნებში საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნეპალი, ბაჰრეინი, ტუნისი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოიაზრება.
ქალების ბიზნესში და ეკონომიკაში ჩართულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიო ბანკის პირველი ანგარიშის გამოცემის, 1970 წლის, შემდეგ. ქალების ბიზნესში და სამართალში ჩართულობის საზომი რვა კრიტერიუმიდან თითოეულში საშუალოდ ორმაგი ზრდა შეინიშნება. თუმცა პროგრესის მიუხედავად, დღესდღეობით, ქალებს მხოლოდ სამი მეოთხედი აქვთ იმ შრომითი უფლებებისა, რომლითაც მამაკაცები სარგებლობენ.
მსოფლიო ბანკის კონკრეტული ანგარიში ერთ-ერთი უნიკალური და მნიშვნელოვანი კვლევაა ქალების გაძლიერებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ. იგი ღირებულ მონაცემებსა და რესურსებს სტავაზობს საზოგადოებას და ქალების უფლებების განვითარების ისტორიაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.