ავტორი: მაკა ზანდუკელი
ფოტო: ანა ბოკო
1996 წელს, როცა „მოტიფი“ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, ქვეყანაში დიზაინისთვის ცოტას თუ ეცალა. ბიზნეს იდეა გაბედული და, მეტიც, ფაქტობრივად, იდეალისტური იყო, თუმცა, როგორც დრომ აჩვენა, თათეშვილების ოჯახს ალღომ არ უმტყუნა. წლების წინ პოტენციურ ევროპელ პარტნიორებს კომპანიის დამფუძნებლებში გამბედაობა და იდეის ერთგულება მოეწონათ. შედეგად, საქართველოში „მოტიფი“ გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე წამყვანი საერთაშორისო ბრენდები წარმოადგინა, როგორიცაა: ”B&B Italia”, ”Giorgetti”, ”Driade”, ”Barovier & Toso”, „Boffi”, ”Bulthaup”, ”Bang & Olufsen”, ”Flos”, ”Bticino”, ”Fantini”, ”Oikos”, ”Agape”, “Alessi“ ”Moooi” და მრავალი სხვა.
დღეს კომპანიის საქმიანობა მომსახურების სხვადასხვა სპექტრს აერთიანებს, მათ შორის, დიზაინის სტუდიასა და შოურუმებს თბილისსა და ბათუმში, სადაც წამყვანი ევროპული ბრენდების ავეჯი, განათება, აქსესუარები და მოსაპირკეთებელი მასალებია წარმოდგენილი. კომპანიის წარმატებულ საქმიანობას ამ ეტაპზე უკვე ოჯახის მეორე თაობა უდგას სათავეში. მშობლების დაწყებულ საქმეს, თუმცა მათივე კონსულტაციებით, დები – მაკა და თამარ თათეშვილები ხელმძღვანელობენ.
როგორ დაიბადა იდეა? თითქმის 25 წლის წინ თბილისში დიზაინი არ იყო პოპულარული სფერო და, მეტიც, ამისთვის, ფაქტობრივად, არავის ეცალა.
მზია თათეშვილი: 90-იან წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაცია იყო, მთელი ოჯახი ემიგრაციაში წავედით. დაახლოებით ხუთ წელიწადში დავბრუნდით იმის სურვილით, რომ საქმიანობა სამშობლოში გაგვეგრძელებინა. მე და ჩემს მეუღლეს, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პროფესიებისა, ყოველთვის გვიზიდავდა არქიტექტურა და დიზაინი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩვენ ვქმნიდით მიღებული სტანდარტებისგან სრულიად განსხვავებულ ინტერიერებს, რომელიც დიდ ინტერესს იწვევდა ჩვენს სამეგობრო წრეში. ხშირად დავდიოდით დიზაინის სხვადასხვა გამოფენაზე. სწორედ ერთ-ერთ გამოფენაზე გაგვიჩნდა საქართველოში დიზაინერული პროდუქციის, სამშენებლო, მოსაპირკეთებელი მასალების წარმომადგენლობის გახსნის იდეა. ისე მოხდა, რომ იმ გამოფენაზე ძალიან ცნობილი იტალიური ბრენდის, ”B&B Italia”-ს სტენდი აღმოვაჩინეთ, რომელმაც საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მენეჯერმა შენიშნა ჩემი განსაკუთრებული ინტერესი. გავეცანით ერთმანეთს. ეს იყო ბრენდი, რომლის დილერობაზეც აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან ბევრი ოცნებობდა. არცერთ განვითარებად ქვეყანაში ის არ იყო წარმოდგენილი. კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება, ძალიან მარტივად მიიღეს, რადგან ჩვენი იდეოლოგია სრულიად დაემთხვა მათ იდეოლოგიას. ასე გავხდით ამ ბიზნესის ელიტური წრის წევრები. მათ უკვე იცოდნენ საქმის მიმართ ჩვენი მიდგომა. ეს იყო ჩვენი ხედვის, ინტუიციისა და შინაგანი მოთხოვნილების შედეგი.
თამარ თათეშვილი: როცა კომპანია დაფუძნდა, მაკა, ჩემი და, 18 წლის იყო და თავიდანვე ჩაერთო პროცესში როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მან ალღო ადვილად აუღო მისთვის უცხო ბიზნესს. მე შედარებით გვიან შევუერთდი კომპანიას, ვმოგზაურობდი, ვსწავლობდი ინგლისში, ამერიკაში, მაგრამ პერიოდულად სულ ვიყავი ჩართული პროცესებში. პირველად საქმიანი ურთიერთობა 16 წლის ასაკში დავამყარე და ძალიან გამიადვილდა. ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვობიდან ეს სფერო ჩემთვის განუყოფელი ნაწილი იყო. სწავლა რომ დავამთავრე, დავოჯახდი, მარიამის დაბადების შემდგომ უკვე სრულად ჩავერთე კომპანიის საქმიანობაში. მე და მაკა ერთნაირად ვართ ჩართული ყველა პროცესში. ჩვენი გარემო და დამოკიდებულებები ძალიან ჰგავს ოჯახურს, განურჩევლად იმისა, თანამშრომელი ოჯახის წევრია თუ არა. მუშაობის სტილიც ასეთია: როგორც ოჯახის წევრები ზრუნავენ ოჯახზე, ისე ვზრუნავთ კომპანიაზე და ვცდილობთ, ჩვენი ყველა თანამშრომელიც ამავე განწყობით იყოს. ვფიქრობ, მხოლოდ ამ მიდგომითაა შესაძლებელი სათანადო მომსახურება გავუწიოთ მომხმარებელს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
მაკა თათეშვილი: პატარა ვიყავი და უცბად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, ჩემს ასაკთან შედარებით, ბევრი მომეთხოვებოდა. ასევე ევროპელი პარტნიორებისთვის უჩვეულო იყო 19 წლის გოგოსთან თანამშრომლობა. მაგრამ ეს პასუხისმგებლობაც მეამაყებოდა, მინდოდა უფრო და უფრო მეტი ცოდნა მიმეღო და მეტი შედეგი მეჩვენებინა, პირველ რიგში, ჩემი ოჯახისთვის. რა თქმა უნდა, მივილტვოდით კომპანიის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის. ყოველთვის გვქონდა წინსვლის უდიდესი სურვილი. არა იმიტომ რომ ეს იყო ამბიცია, უბრალოდ, რაღაცას რომ აკეთებ და გარკვეულ შედეგამდე მიდიხარ, არ უნდა გაჩერდე. ადამიანმა წინ უნდა იარო, მეტი და მეტი აკეთო, იშრომო. სწორედ ამის შედეგია ის, რომ კომპანიამ რაღაც ეტაპზე განიცადა რებრენდინგი და ჩვენს წარმომადგენლობას დაემატა სხვა გამორჩეული ბრენდები, რომლებიც ასევე რევოლუციონერები არიან დიზაინის სფეროში და ისტორიულად დიდი წვლილი მიუძღვით მის განვითარებაში. მათ შორის: “Louis Poulsen”, “Wittmann”, “Gebruder Thonet Vienna”, “Living Divani” და სხვა მრავალი საინტერესო, ისტორიული თუ ახლადშექმნილი კომპანია, რომლებიც ჩვენთვის ასევე ძალზედ სასიამოვნო და საამაყოა.
შეკითხვაზე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბიზნესში, სამივე დამფუძნებელმა ერთხმად მიპასუხა – “პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მომხმარებლის ნდობა.”
მზია თათეშვილი: ჩვენ გვჯეროდა, რომ საქართველოში მომხმარებელი მზად იყო ჩვენი პროდუქტებისა თუ სერვისების მისაღებად და ასეც აღმოჩნდა. რთული იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მივაღწიეთ იმას, რომ გვენდნენ. ჩვენ არ ვართ სავაჭრო ობიექტი, რომელიც მხოლოდ პროდუქტს ყიდის. პირველივე დღიდან ვთავაზობდით ახლებულ ხედვას, თანამედროვე მიდგომებს არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში. პირველები ვიყავით, ვინც მომხმარებელს ყველა ზემოაღნიშნული კომპონენტით გაჯერებული მომსახურება შესთავაზა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიგვეწოდებინა ჩვენი მომხმარებლების-თვის, რაზეც მაშინ ნაკლები აქცენტი კეთდებოდა. დღეს ეს უკვე ნომერ პირველი გამოწვევაა მსოფლიოსთვის.
მაკა თათეშვილი: ბიზნესში უმნიშვნელოვანესია კეთილსინდისიერად ისარგებლო მომხმარებლის მაღალი ნდობით. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ პოსტულატს. როცა საკუთარ პროფესიონალიზმში დარწმუნებული ხარ, სწორად აწვდი მომხმარებელს ინფორმაციას, აძლევ სწორ რჩევას და ამის შედეგად ის იღებს საუკეთესო შედეგს, მერე ისიც ადვილად შემოდის ნდობაში, თითქოს ენერგეტიკულად გადაეცემა შენი თავდაჯერებულობა. ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ამ სფეროში გავატარე და ზუსტად ვიცი, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე არაფერი არ ხდება. ეს ძალისხმევა კი გამოიხატება კომპანიის, პროდუქციის, თითოეული ნივთისა და მომხმარებლის სიყვარულში. ჩვენთვის გადამწყვეტია მომხმარებელი იყოს მადლიერი და არა ის, რომ მან რაიმე ნივთი შეიძინოს. მნიშვნელოვანია, საბოლოოდ მათ ის ესთეტიკა და ხარისხი მიიღონ, რასაც ჩვენი კომპანიისგან ელიან.
თამარ თათეშვილი: მთავარია, ძალიან გიყვარდეს საკუთარი საქმე. როცა მომხმარებელს მთელი გულით სთავაზობ მისთვის საუკეთესოს და დარწმუნებული ხარ პროდუქციაშიც და მომსახურების ხარისხშიც, ნდობა ავტომატური ხდება. ის განდობს გადაწყვეტილებას, რა იქნება მისთვის სწორი, რადგან ჩვენ, როგორც პროფესიონალები, ამას იოლად განვსაზღვრავთ. ამის შედეგად კი ხშირად თანამშრომლობა მეგობრულ ურთიერთობებშიც გადადის და ის კვლავ და კვლავ ბრუნდება აღფრთოვანებითა და მადლიერებით.
ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანმა კონკრეტულად იცის რა უნდა?
მაკა თათეშვილი: ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით მომხმარებლის სურვილებს. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი კომპანიის პრინციპებს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ცხოვრების სტილს. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ გაყიდვები რამენაირად დაუკავშირდეს მხოლოდ და მხოლოდ მარტივ ყიდვა-გაყიდვის პროცესს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი კომპანია აღარ იქნება ის, რაც ვართ და რისთვისაც შემოვედით ბაზარზე 23 წლის წინ.
ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი დიზაინ სტუდიო, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ არქიტექტურულ და დიზაინერულ პროექტებზე და მეორეა გაყიდვები.
ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართველ არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, რომ მათაც ჩვენი ცოდნა, ინფორმაცია გავუზიაროთ, დავეხმაროთ კოლექციების შექმნაში, პროდუქციის შერჩევაში. სამყაროში, სადაც უამრავი არჩევანია პროდუქციის და სტილის, რაც უფრო „სწორ“ არჩევანს გააკეთებენ დიზაინერები, რაც მეტი გემოვნებიანი, დახვეწილი ინტერიერი შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო სასიხარულო და საამაყოა ეს ჩვენთვის. წელიწადში რამდენჯერმე ჩამოგვყავს სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელი, დიზაინერი, ვცდილობთ, შევკრიბოთ ამ სფეროში მოღვაწე საზოგადოება და მოხდეს ცოდნის გაზიარება როგორც პროდუქციასთან დაკავშირებით, ისე გლობალურად, ინტერიერის სიახლეების და ტენდენციების მიმართულებით. ჩვენი სფერო მუდმივად ვითარდება, სულ სიახლეა, სულ ინფორმირებულობაა საჭირო. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენს საზოგადოებას მაქსიმალურად გავუზიაროთ ეს ინფორმაცია, რომ ამ ტენდენციებს არ ჩამორჩეს ქვეყანა და ფეხი აუწყოს დანარჩენ მსოფლიოს.
თამარ თათეშვილი: კი, ხშირია. ამ საუკუნეში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ არის პრობლემა და ეს ძალიან გვეხმარება, ისევე, როგორც მათი დახვეწილი გემოვნება და ინტერესი. გვქონია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ავტორების ნამუშევრებზე ხდება მოთხოვნა. 20 წლის წინ ამ მხრივ ძალიან გვიჭირდა. ელემენტარულად, ინტერიერის კატალოგები არ არსებობდა. არ იყო ინფორმაცია არც ბრენდებზე, არც მათ ავტორებზე, არც ხარისხის სტანდარტზე. ახსნა გვჭირდებოდა, რომ კონკრეტულ ნივთს ავტორი, არქიტექტორი ან დიზაინერი ჰყავდა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ჩვენ მნიშვნელოვანი როლი ვითამაშეთ, დიდი ძალისხმევის, დროისა და ფინანსების თვალსაზრისით, რომ ეს ცოდნა ჩვენს საზოგადოებაში გაჩენილიყო.
დღეს გაცილებით დიდი კონკურენციაა, ვიდრე ათეული წლის წინ, როცა ამ საქმეს იწყებდით.
მაკა თათეშვილი: ნებისმიერი ჯანსაღი კონკურენცია ავითარებს როგორც ქვეყანას, ისე კონკრეტულ ბიზნესს. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ ეს კონკურენცია იყოს ჯანსაღი, ცივილური და საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული. ჩვენ კონკურენტებს არ ვუპირისპირდებით, ჩვენ ვავითარებთ საკუთარ კომპანიას. ჩვენთვის კონკურენტული უპირატესობა არის ინოვაციური აზროვნება, კომპანიის ფილოსოფია და მიდგომები. ამას ვერც მოიპარავ და ვერც დააკოპირებ.
მაინც რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი წარმატებაში?
თამარ თათეშვილი: პირველ რიგში, ჩვენმა დამოკიდებულებამ საქმის მიმართ, რამაც მომხმარებლების ერთგულება განაპირობა. თუ ცდილობ შენი მაქსიმუმი გააკეთო საქმეში, მაშინ ამ საქმეს არ აღიქვამ როგორც უბრალოდ დასასრულებელ ობიექტს, სულ სხვა დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ და შეუძლებელია ასეთმა ძალისხმევამ სასურველი შედეგი არ გამოიღოს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ მუშაობის პროცესმა სიამოვნება მოგანიჭოს, მაშინ არც დრო გენანება, არც ენერგია და პირიქით, ერთგვარი გამარჯვების გრძნობა გეუფლება, როცა შენს ჩანაფიქრს უკვე ხორცშესხმულს ხედავ. ვიღაცისთვის შეიძლება ეს უბრალო ნივთები იყოს, ჩვენთვის კი ეს არის ხელოვნების ნიმუში, სკულპტურა, რომელიც შთაგონებას გვანიჭებს, კარგ განწყობაზე გვაყენებს და განსაკუთრებულ ემოციას ქმნის. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიერ წარმოდგენილი მრავალი სამრეწველო დიზაინის ელემენტი, არაფრით არ განსხვავდება არტისგან და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში გვხვდება.
მაკა თათეშვილი: მე და თათია ხასიათით ძალიან განვსხვავდებით, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამ განსხვავებულობით ვაბალანსებთ ერთმანეთს. საქმეები მეტ-ნაკლებად განაწილებული გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთობლივად, საერთო მსჯელობის ფონზე ვიღებთ. შეიძლება უბრალოდ შევხედოთ ერთმანეთს და ეს საკმარისი აღმოჩნდეს გადაწყვეტილების მისაღებად. ისეც ხდება, რომ ჩემს დაწყებულ სიტყვას თათია აგრძელებს ხოლმე, ან პირიქით. როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე? ძალიან დიდი შრომის, უძილო ღამეების, დახარჯული ნერვების, დროის, ენერგიისა და ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად.
მზია თათეშვილი: მე ვარ თვითმხილველი, როგორ შეუძლიათ ჩემს შვილებს მთელი დღე დაუთმონ სულ მცირე დეტალების შერჩევის პროცესს. ესაა საქმის სიყვარული. ყველა ნივთს საკუთარი სინათლე აქვს. ნივთებმა ეს სინათლე უნდა მოიტანოს თქვენამდე, მათმა ექსპოზიციამ ერთი მთლიანობის განცდა უნდა გაგიჩინოთ. მე ვიტყოდი, რომ „მოტიფის“ დიზაინი – ესაა პოეზია, სადაც თითოეული მარცვალი, თითოეული სასვენი ნიშანი სწორად უნდა დაისვას.
რაშია ქალების ძალა?
მაკა თათეშვილი: ჩემი აზრით, ყველა ქალი ბუნებით ძლიერია. თითოეული ჩვენგანი საქმის კეთებისას, ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ და შედეგს რომ ვიღებთ, ეს ისეთ სიამოვნებას გვანიჭებს, რომ შემდგომ გაჩერება შეუძლებელია. ქალების ძალა ნამდვილად არსებობს და თუ ყველა ქალი, საქმეში თავის მაქსიმუმს ჩადებს, შედეგს აუცილებლად მიიღებს.
თამარ თათეშვილი: ყველა ქალი ბუნებით დედაა. დედობა – ეს ერთგულება, უწყვეტი სიყვარული და მზრუნველობაა. ქალი საქმეშიც ამ ინსტიქტებით არის გაჯერებული და ჩემი აზრით, სწორედ ამაშია ქალის სიძლიერეც. ქალების ძალა გვეხმარება ერთგულად ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენს საქმეში, უკომპრომისოდ ვიაროთ წინ – დასახული მიზნისკენ!
მზია თათეშვილი: კიდევ ერთს დავამატებ: ქალების ძალა მათ საოცარ ინტუიციასა და გონიერებაშია.