დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის სცენაზე. ცნობილი გამოცემები ხშირად წერენ ქართულ სცენასა და კლუბებზე. გარდა იმისა, რომ ამ ადგილის დაკავება საქართველოში მცხოვრები ადამიანების დამსახურებაა, მასში უდიდესი წვლილი ქართულმა კლუბებმა და მათმა ქალმა ლიდერებმა შეიტანეს.
“ბასიანი,” “ხიდი” და “მტკვარზე” თბილისში არსებული ძირითადი კლუბებია, რომლებშიც ქართველ და უცხოელ მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბის ელექტრონული მუსიკის არტისტების მოსმენა შეუძლიათ. ამასთან ერთად, სამივე კლუბის ლიდერი ქალია.
2012 წელს კლუბი “მტკვარზე,” შემდეგ 2014 წელს – “ბასიანი” და 2016 წელს კლუბი “ხიდი” გაიხსნა.
სამივე კლუბმა საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების წესის ფორმირებასა და შეცვლაში უდიდესი როლი შეასრულა.
ინტერვიუში წარმოგიდგენთ კლუბების: “ბასიანის,” “ხიდის,” და “მტკვარზე“ დამფუძნებლებს – ნაჯა ორაშვილს, თამუნა აქსანდერს და ქეთა გაბუნიას.
BASSIANI – ნაჯა ორაშვილი
როგორ მოგივიდათ BASSIANI-ს შექმნის იდეა და რატომ აირჩიეთ ეს სახელი?
“ბასიანი”- გამარჯვების სიმბოლოა, რომელიც საკლუბო კულტურისა და მუსიკალური სცენის განვითარების გარდა, თავიდანვე მოიაზრებდა უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას. რკინის მუზარადის უკან გაბრაზებული ადამიანები დგანან, რომლის მთვარი იარაღი ერთობა და სოლიდარობაა.
როგორ მოხვდი იქ, სადაც ახლა ხართ?(გზა სკოლიდან შრომით ბაზარზე გასვლამდე)
ოჯახის წევრებთან მორიგი კამათის დროს, რომელიც კლუბში გაშვებას ეხებოდა, მამამ ასეთი რამ მითხრა: თუ გინდა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მაშინ საკუთარ ფინანსურ შემოსავალზეც თავად იზრუნეო. მაშინ 15 წლის ვიყავი, თუ არ ვცდები, მეორე დღესვე დავიწყე მუშაობა. ოთხმოცდაათიანი წლების თბილისის ჩაბნელებულ კორპუსებში დავდიოდი და მოსახლეობას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების ყიდვასა და გამოწერას ვთავაზობდი. პირველი ხელფასის აღებისას მივხვდი, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება მოვიპოვე, ამის შემდეგ ერთი დღეც არ გასულა, რომ არ მემუშავა, 19 წლის ასაკში უკვე სამი სამსახური მქონდა, რამაც დისციპლინა და შრომისმოყვარეობა გამომიმუშავა, სწორედ ესაა ჩემთვის თავისუფლება – პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თავდაუზოგავი შრომა მიზნის მისაღწევად.
რა იყო მთავარი რისკები და დაბრკოლებები, რომლებსაც ბასიანის შექმნაში გადააწყდით?
უამრავი დაბრკოლება და იმედგაცრუება შეგვხვედრია 5 წლის მანძილზე – იქნება ეს ფინანსური პრობლემები, სამთავრობო თუ საზოგადოებრივი წნეხი. ამ ქვეყანაში რთულია კომპრომისების გარეშე მუშაობა, მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ის ღირებულებები იყო, რომელზეც დგას ეს სივრცე. საერთო მიზნის მისაღწევად სწორედ ჩვენი პრინციპულობა და სიმტკიცე გვეხმარება. თუმცა დღემდე ყველაზე დიდ გამოწვევად უსაფრთხო და თავისუფალი სივრცის შენარჩუნება რჩება; რთულია ათასობით ადამიანის ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება, სწორედ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და უფრო გვაძლიერებს.
როგორ ფიქრობთ, რატომ რჩება აქ დაკვრის შემდეგ თითქმის ყველა არტისტი აღფრთოვანებული? რა ხვდებათ მათ საქართველოში თავიანთი ქვეყნებისგან განსხვავებული?
ცოცხალი და გულწრფელი ენერგია საცეკვაო მოედნებზე და იდეალური მასპინძლობა და პროფესიონალიზმი სცენის უკან – ალბათ ესაა, რაც მათ აღაფრთოვანებთ. თუმცა მიჭირს არტისტების ეროვნული ნიშნით გამორჩევა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი უკრავს, ჩვენ ადგილობრივი სტუმრების მიმართაც ზუსტად იგივე დამოკიდებულებას ვიჩენთ.
რთული იყო კაცების გარემოცვაში მყოფი ქალისთვის წარმატების მიღწევა? შეგქმნიათ თუ არა დაბრკოლებები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამო?
„ბასიანის“ გუნდში 5 ბიჭია, ჩვენ საერთო ხედვები და ღირებულებები გვაერთიანებს, თითოეული ჩვენგანისთვის მთავარი არსი თანასწორი გარემოს შექმნაა. თუმცა, როგორც ქალს ათჯერ მეტი ძალისხმევა დამჭირდა, რომ თავი დამემკვიდრებინა სოციუმში. ქალების პრობლემებიც საერთოა. მეც ბევრჯერ დავუჩაგრივარ, ბევრჯერ უძალადიათ ჩემზეც, გულიც უტკენიათ… ამიტომაც ვიბრძვი გამალებით ქალების გაძლიერებისთვის და მათი უფლებების დასაცავად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალები მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
რა არის პირადად თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის და სოციალური კატასტროფის წინაშე დგას, ჩემი სამომავლო გეგმებიც ამას უკავშირდება. ერთი წელია ხმა არ ამომიღია, აქტიურად ვმუშაობდი სამომავლო გეგმებზე – ახლა, ისე როგორც არასდროს ქუჩაში ხმაურის და წინააღმდეგობის დაბრუნების დროა.
MTKVARZE – ქეთა გაბუნია
როდის მოგივიდათ კლუბის “მტკვარზე” შექმნის იდეა?
ძალიან დიდ ხანს ვეძებდით სივრცეს, სანამ 2012 წელს „მტკვარზე’ ვიპოვეთ. მაშინ მიღებული იყო, რომ ყველაფერი ქალაქის ცენტრის რამდენიმე ქუჩაზე უნდა ყოფილიყო თავმოყრილი, აქედან გამომდინარე, ძნელი იყო გვენახა ადგილი, სადაც არც მეზობლები შეწუხდებოდნენ, არც სხვა პრობლემები შეიქმნებოდა. მერე მივხვდით, რომ უნდა გაგვერისკა და მოგვეძებნა რაღაც სხვა. “მტკვარზე” რომ ვნახეთ, არავის წარმოედგინა, რომ ვარდისფერ კედლებში და დიდ ფარდებში კლუბის გაკეთებას გადავწყვეტდით. 1954 წლიდან ეს სივრცე მუშაობდა როგორც რესტორანი. ჩვენ მოგვხიბლა აქაურობის ისტორიამ; ეს იყო ჩვენი ქალაქის მოსახლეობის და სტუმრების ერთ-ერთი მთავარი შეკრების ადგილი. ვიფიქრეთ, რომ ეს ისტორია უნდა გაგვეახლებინა და გაგვეკეთებინა უკვე ჩვენი თაობისთვის კომფორტული და თავისუფალი სივრცე. თავიდან იყო ძალიან რთული, რადგან მანამდე გვქონდა პროექტი, რომელიც რამდენიმე თვით ადრე დაგვეხურა ადგილთან წარმოქმნილი პრობლემების გამო. მძიმე ფინანსური მდგომარეობა შეგვექმნა და პრაქტიკულად, ჩვენი ხელებით გავაკეთეთ, სასაცილო ინვესტიციით – სახლიდან მოტანილი აპარატურით, ბარშიც ბოთლის გასახსნელები სახლიდან გვქონდა მოტანილი. ძალიან რთული წლები გამოვიარეთ.
წლების განმავლობაში რა დაბრკოლებები შეგხვედრიათ?
დღეს უკვე გაცილებით სხვანაირი სიტუაციაა, ხალხმა ისწავლა ერთმანეთის პატივისცემა, ის რომ არ იყოს კონფლიქტური სიტუაციები – პირველი წლები იყო სრული კოშმარი. შუა კვირაშიც კი ღამე მელანდებოდა, რომ ვიღაც შემორბის, ვიღაცას დაარტყამს. ცხოვრების წესზეც ჰქონდათ ბევრი ფობია, ჰომოფობია, სექსიზმი, ყველანაირი სტიგმა რაც შეიძლება რომ არსებობდეს; რა თქმა უნდა, ეს კლუბის სივრცეშიც ცდილობდა შემოჭრას და ამასთან გამკვლავება იყო ძალიან რთული, კარში ვიდექი და სათითაოდ ვარჩევდი ადამიანებს, მქონია შემთხვევები, ძველი ბავშვობის მეგობრისთვისაც კი ძალიან დიდი წინააღმდეგობა გამიწევია და საერთოდ ამიკრძალავს მოსვლა. სანამ არ იქცევი ამ საზოგადოების უსაფრთხო წევრად, შენი ადგილი ჩემთან არ არის.
ახლა ახალი თაობაც წამოვიდა, რომელიც სრულიად სხვანაირად ფიქრობს, გაცილებით გახსნილი და მიმღებია.
მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი დავიკავეთ. რატომ?
ზოგიერთი ამბობს, რომ თბილისში ეს ყველაფერი 3-4 წლის წინ დაიწყო, თუმცა ეს ისტორიის გაყალბება მგონია, თუნდაც 90-იანებში, მაშინ როდესაც შუქი არ იყო, უკვე იქმნებოდა ჩვენთან ელექტრონული მუსიკა და საზღვრებს გარეთ აღიარებებსაც პოულობდა. 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში იყო ბევრი ძლიერი პროექტი, ჩამოდიოდნენ უმნიშვნელოვანესი არტისტები აჭარა მიუქზიქ ჰოლში, სვიჩში. იყო ბერლინ კლუბი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ქალაქზე, მისი გართობის თუ სოციალიზაციის სტილზე.
ალბათ ქართველები ზუსტად მაგან გადაგვარჩინა ამდენ შემოსევას, რომ სიმღერა და ცეკვა ძალიან გვიყვარს, მაშინაც კი ვცეკვავთ და ვმღერით, როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრევა. ძალიან სასაცილო და სევდიანი იყო, ცოტა ხნის წინ ამ სფეროს დიდ წარმომადგენელს ვესაუბრებოდი და მითხრა, რომ ახალგაზრდების ყველაზე დიდი პროტესტი მაშინ იშვა თქვენს ქვეყანაში, როდესაც ცეკვა აგიკრძალესო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გასაბრაზებელი იყო, ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება კლუბში შესვლა და ძალიან მახინჯი პრაქტიკაა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში გარეთ ხალხი არ გამოსულა; ჩვენთან 10 000 ადამიანი გამოვიდა და სამი დღე სახლში არ წასულა. რეალურად ეს სფერო იქცა ახალგაზრდებისთვის თვითგამოხატვის საშუალებად, იმიტომ რომ იმდენად ერთფეროვანია ყველაფერი, კვირის განმავლობაში არაფერი არ ხდება, არ არის ცოცხალი ახალგაზრდული ცხოვრება, კლუბები კი ერთგვარ სოციალურ სივრცედ იქცა, სადაც მხოლოდ მუსიკის მოსასმენად და საცეკვაოდ არ დადიან. ალბათ იმის გამო, რომ ძალიან სტრესული ქვეყანა გვაქვს და რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კლუბები, სადაც კავშირები მყარდება, ახალი იდეები იბადება, ერთმანეთთან მშვიდი კონტაქტის საშუალება გვაქვს.
მთავარი ნიშა რაც თქვენს კლუბს უჭირავს?
ძალიან ხშირად გვქონდა შემოთავაზება, რომ გადავსულიყავით უფრო დიდ ადგილას, მე ყოველთვის ვფიქრობდი რომ თბილისს სჭირდებოდა შედარებით მომცრო ზომის, უფრო მყუდრო კლუბი, რომელიც ძალიან ავთენტური იქნებოდა. ამაში შენობამაც შეგვიწყო ხელი. ისტორიის მქონე ადგილები, ახალ მეხსირებას აჩენენ.
მტკვარზე ალბათ ყველაზე ბევრნაირი მუსიკაა დაკრული, ყველაზე მეტი ექსპერიმენტი ჩაგვიტარებია ამ 7 წლის მანძილზე და არასდროს ჩაგვიკეტავს თავი კონკრეტულ ჟანრებში.
მტკვრის იდენტობა ძალიან თვითმყოფადია, არ ჰგავს სხვას არავის, მუდმივად განსხვავებულ და მსოფლიო ელექტრონული მუსიკის სცენის ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან დიჯეებს აღმოაჩენთ ჩვენ ლაინ აფში და ასევე, ადგილობრივი სცენის ყველაზე მეტი მუსიკოსიც ჩვენთან უკრავს.
წლების წინ ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთი ან ორი ქალი დიჯეი იყო, ბოლო წლებში ძალიან ბევრი გამოჩნდა. ყოველთვის მეფიქრება იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკრავენ იგივე მუსიკას, მათი მუსიკის ხასიათი ძალიან გამორჩეულია, იგრძნობა მთელი ის ბრძოლა, რაც გამოიარეს იმისთვის, რომ დამდგარიყვნენ სცენაზე და ასევე, უარყვეს ქალური სტიგმები. ეს ქალები ჩვენი კლუბის ხშირი სტუმრები არიან.
რატომღაც, მტკვარს რომ ვუყურებ ჩემთვის მისი იდენტობა ქალის არის.
KHIDI – თამუნა აქსანდერი
როდის და როგორ მოგივიდათ “ხიდის” შექმნის იდეა?
კლუბ „ხიდის“ შექმნის იდეა გაჩნდა 4 წლის წინ, როდესაც მივაგენით თბილისში ყველაზე უნიკალურ ადგილს ვახუშტის ხიდის ბურჯს. საინტერესო ის არის, რომ ეს იდეა ბავშვობიდან მომდევს, როდესაც პირველად მოვუსმინე სხვადასხვა ლეგენდარული არტისტების ვინილებს და ჩემს ოცნებად, უფრო ვიტყოდი თინეიჯერის, მიზნად იქცა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც პირადად ვიქნებოდი დიჯეი, მოვუსმენდი იმ მუსიკას, რომელიც მე მიყვარდა და რომელიც მე და ჩემს მეგობრებს გვაერთიანებდა. 2015 წელს ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით და მივხვდი, რომ ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ ეს გამოსულიყო. უამრავ პრობლემასა და დაბრკოლებას გადავაწყდით შენების და შექმნის პროცესში, მაგრამ იმდენად გვჯეროდა ამ იდეის, რომ ჩვენ ეს შევძელით; დღეს არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება დიჯეი არ ვარ, მაგრამ ვარ ამ ერთიანობის დიდი ნაწილი.
თქვენ გარდა ვინ არიან ის ადამიანები, ვინც შექმნასა და განვითარებაში წვლილი შეიტანა?
ეს სივრცე არის ხალხის შექმნილი – ადამიანების, რომლებიც დღემდე დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ აქ მოსულ მოცეკვავეებს “რეივერებს” სრული კომფორტი ჰქონდეთ. მე, ჩემმა მეუღლემ იოჰან აქსანდერმა და ნინო ტოგონიძემ სრული ნდობა გამოვუცხადეთ ჩვენს გუნდს და მათთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ ავაშენეთ ის სივრცე, რომელიც ყველას გვაბედნიერებს. მე და ნინო წლების განმავლობაში ვაკეთებდით სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებს და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას ახალგაზრდებისთვის, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ერთი განსაკუთრებული ადგილი უნდა შეგვექმნა. იმ ადამიანებთან ერთად მოვედით დღემდე, რომლებიც ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან ჩვენი იდეის, ჩვენ სამნი ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ გვაერთიანებს ერთი იდეა, რომელსაც ჰქვია „ხიდი“.
ხიდის გარდა თბილისში კიდევ რამდენიმე კლუბია – რა გამოგარჩევთ მათგან?
„ხიდი“ აერთიანებს მუსიკის და ხელოვნების მოყვარულებს, რაც უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ელექტრონული მუსიკა. „ ხიდი“ ძალიან საინტერესო სივრცეა არქიტექტურის თვალსაზრისითაც. ინდუსტრიალი ტექნოსა და EBM-ის ჟღერადობა ძალიან კარგად მოერგო „ხიდის კედლებს.“ გვყავს ბევრი უცხოელი და ქართველი რეზიდენტი, რომლებიც დღითი დღე იზრდებიან და გვთავაზობენ ძალიან მაღალ ხარისხს.
ჩვენ არ გვეშინოდა ექსპერიმენტების და ქვეყნისთვის ახალი არტისტების გაცნობის.
რაც ყველაზე მთავარია, მიუხედავად მძიმე მუსიკისა, ჩემთვისაც და ბევრი სხვა ადამიანისთვის ჩვენი სივრცე არის დიდი პოზიტივის გამცემი ადგილი, აქ ხალხი კომფორტულად გრძნობს თავს, იმუხტება ენერგიით. ჩვენ ამ სივრცეში ბედნიერება გვაერთიანებს!
საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეძლო მსოგლიოს ელექტრონული მუსიკის სცენაზე. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს?
ჩემი აზრით, საქართველოს საკლუბო ინდუსტრიამ უდიდეს წარმატებას მიაღწია ხარისხით. ყველამ გარისკა იმით, რომ თავიდანვე მაღალი ხარისხის არტისტები მიაწოდა მსმენელს, რომლებიც მაშინ ეცნობოდნენ ამ მუსიკას, თუმცა ძალიან კარგად მიიღეს და მოთხოვნებიც გაზარდეს, რამაც ავტომატურად არტისტებისთვისაც საინტერესო გახადა ქართული ბაზარი. ეს არის მიზეზი, რატომაც საქართველოს, ასეთ მოკლე დროში, კლუბური მუსიკალური კულტურა გაუტოლდა სხვა წარმატებული ქვეყნების კლუბურ კულტურას.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?
განვითარება! ჯერ მაინც ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი, მალე გამოვა „ხიდის“ ახალი ლეიბლის ფირფიტა, აუცილებლად უნდა დავამატოთ მეტი მოსასვენებელი ადგილები და მოვაწყოთ ეზოს ტერიტორია, გარე დღის ივენთებსაც ვგეგმავთ და პატარა კაფეს, გემრიელი, ვეგეტარიანული, ჯანსაღი საჭმლით. ახლა ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ძალიან დიდი საქმეა ჩვენთვისაც, უკვე 3 წელია წვიმის დროს „ხიდში“ წყალი ჩამოდის, ეგ პრობლემაც რომ აღარ გვექნება, მესამე სართულის არტ სივრცესაც უფრო ინტენსიურად დავტვირთავთ გამოფენებით და პერფორმანსებით.
რას ნიშნავს თქვენთვის “ხიდი?”
„ხიდი“ ხელს უწყობს ადამიანების თვითშეცნობის პროცესს და ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბებას, ათავისუფლებს შექმნილი და ჩამოყალიბებული სტიგმებისგან და ქმნის ყველასთვის მისაღებ ერთიან სივრცეს, სადაც არ არსებობს განსხვავება ადამიანებს შორის, ამ სივრცეში შემოსული ყველა ერთია და ერთი იდეის თუ სულისკვეთების ქვეშ ერთიანდება. “We create bridges not walls.”