მეხსიერება, აღქმა და კოგნიტური ნეირომეცნიერება

ავტორი: ზაზა დობორჯგინიძე

როგორ წარმოქმნის ტვინის ელექტრული აქტივობა ჩვენს გონებას? ისტორიის უმეტესობის განმავლობაში ადამიანებს არ ჰქონდათ მეთოდები, რათა შეესწავლათ ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებას. რა ხდება ტვინში, როცა ჩვენ აღვიქვამთ საგნებს, ვიმახსოვრებთ ამბებს ან ვსწავლობთ ახალ ინფორმაციას? 1970-იანი წლებში მეცნიერებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად მრავალრიცხოვანი ნეიროგამოსახვითი ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყეს. მაშინ, როცა ზოგიერთი სკანერი ზომავს სისხლის დინების ცვლილებებს ტვინის რეგიონებში, სხვებს მრავალი ნეირონის ჯგუფური აქტივობის შედეგად გამოწვეული ელექტრული და მაგნიტური ველების აღწერა შეუძლიათ. ამ პერიოდში გაჩნდა ახალი დარგის სახელი, კოგნიტური ნეირომეცნიერება. ქართველ მეცნიერს და დოქტორანტურის სტუდენტს ლევან ბოკერიას მრავალ ასეთ კვლევაში მიუღია მონაწილეობა და გამოცდილება აქვს კოგნიტური ნეირომეცნიერების არაერთ საინტერესო მიმართულებაში. იგი ყურადღების, მეხსიერების და აღქმის ნეირონულ მექანიზმებს იკვლევს.

©️ გიორგი ნაზღაიძე

როდის იგრძენით პირველი ბიძგი, რომ ტვინი შეგესწავლათ?

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ფილოსოფიით დავინტერესდი: რელიგიის ფილოსოფია, ეთიკა, გონების ფილოსოფია და ა.შ. პარალელურად ამ დროს მივხვდი, რომ მეცნიერება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის საუკეთესო მეთოდია. აქედან ერთი ნაბიჯი იყო ნეირომეცნიერებამდე: თუ გონების შესახებ ფილოსოფიური კითხვები გაქვს, ბევრ მათგანზე პასუხის გაცემის საუკეთესო მეთოდი არის მეცნიერება, რომელიც ემპირიულად და სისტემატურად შეისწავლის ადამიანის გონებას – ეს კოგნიტური ნეირომეცნიერებაა.

უფრო რომ დავკონკრეტდე, პირველი კურსი, რომელიც ნეირომეცნიერებაში გავიარე იყო „ქცევის ნეირონული საფუძვლები“. ამ ლექციებით გავეცანი თანამედროვე ნეირომეცნიერების აღმოჩენებს, მხედველობის აღქმის და ტვინის მხედველობის ქერქში ნეირონების აქტივობის თითქმის ერთი-ერთში შესაბამისობას, ტვინის კონკრეტული რეგიონების დაზიანებების შედეგად სპეციფიკური ტიპის მეხსიერების ჩავარდნებს, ტვინის მოტორული ქერქის ნეირონების აქტივობით გამოძრავებულ რობოტულ ხელს. ამის შემდეგ რთულია გაექცე იმ აზრს, რომ ტვინის აქტივობა გონების აქტივობის საფუძველია და რომ მისი შესწავლა აუცილებელია გონების შესასწავლად. საბოლოოდ ბაკალავრზე ორივე, ფილოსოფიისა და კოგნიტური ნეირომეცნიერების ფაკულტეტები ავირჩიე ფოკუსად.

როგორ აღმოჩნდით ამ პროფესიაში?

ამერიკაში ბაკალავრის პირველ ორ წელიწადში დიდი თავისუფლება გეძლევა, რომ სხვადასხვა სფეროებს გაეცნო და მხოლოდ შემდეგ აირჩიო მთავარი საგანი. ეს არის თავისუფალი მეცნიერებები, ე.წ. liberal arts education. ამის წყალობით გავეცანი თავიდან ფსიქოლოგიას, ხოლო შემდეგ ნეირომეცნიერებას. ამავე დროს, მშობლების რჩევის შედეგად, მეორად საგნად ეკონომიკასაც ვსწავლობდი, რამაც ასევე ძალიან გამიტაცა. ნეირომეცნიერებას გაყოლა ნიშნავდა, რომ საქართველოში საბოლოოდ ვეღარ დავბრუნდებოდი, რადგან, სამწუხაროდ, ეს სფერო აქ არაა განვითარებული. ამიტომ ეკონომიკაზე გაგრძელება ალტერნატივად მიმაჩნდა. საბოლოოდ მაინც ტვინის მიმართ ინტერესმა მიბიძგა ბაკალავრის

შემდეგ ორ ლაბორატორიაში მემუშავა მხედველობის ნეირომეცნიერებაზე. ამას მოჰყვა შემდეგ მაგისტრის ხარისხი და საბოლოოდ კოგნიტური ნეირომეცნიერების დოქტორანტურა.

რა დაბრკოლებებს გადააწყდით, როგორც უცხოელი სტუდენტი?

ალბათ განსაკუთრებულს არაფერს, რასაც ნებისმიერი სხვა უცხოელი ახალგაზრდა სტუდენტი არ წააწყდებოდა: ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნა, მუშაობის უფლების შეზღუდვები და რეგულაციები, ენობრივი ბარიერი და ა.შ. მაგალითად, თავიდან რომ ამერიკაში ჩავედი არ ვიცოდი “whats up”-ის როგორც მისალმების მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ ჯერ ჩემი რეაქცია, როცა პირველად ასე მომმართეს და შემდეგ სხვების რეაქცია ჩემს რეაქციაზე. ინგლისური კარგად ვიცოდი, მაგრამ ჟარგონის ენა სულ სხვაა და ნულიდან გიწევს შესწავლა, რათა იქაურ სოციალურ წრეს მოერგო. ნებისმიერი ახალგაზრდა უცხოელი სტუდენტისთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება კულტურული შოკია. რთულია თავიდან ახალ სოციალურ ურთიერთობებსა და ცხოვრების სტილს აჰყვე. თუმცა ეს ყველაფერი დაბრკოლებასთან ერთად დიდი შესაძლებლობაცაა, რომ ცხოვრებაზე გლობალური პერსპექტივა ჩამოიყალიბო და ფართო კონტაქტები დაამყარო სხვადასხვა ქვეყანაში.

ვინ ან რა იყო თქვენი ბავშვობის უდიდესი გავლენა, რომლემაც გიბიძგათ ნეირომეცნიერებაში მოგესინჯათ ძალები?

არ მახსენდება გამოკვეთილად რაიმე ფაქტორი, რაც კონკრეტულად ნეირომეცნიერებას უკავშირდება. მაგრამ სკოლიდანვე მიყვარდა ბიოლოგია, კარგი მასწავლებლის და ალბათ ბებიაჩემის და ოჯახის სხვა წევრების გამო, რომლებიც ექიმები იყვნენ. ფილოსოფიისკენ ბიძგი კი სკოლის პერიოდში რელიგიის მიმართ კითხვებმა გამოიწვია. ბავშვობიდან თავი მორწმუნედ მიმაჩნდა, და სკოლაში მივხვდი რომ სინამდვილეში ქრისტიანობისა არაფერი მესმოდა და ამ ყველაფერს ინერციით მივყვებოდი. ამის შემდეგ რთულია არ შეეჯახო დიდ კითხვებს: რა არის ცხოვრების აზრი, საიდან მოდის მორალი, სიკვდილის მნიშვნელობა, და ა.შ. შესაძლებელია ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლას საფუძვლად ეს უდევს, რამაც საბოლოოდ ბიოლოგიის სიყვარულთან ერთად ნეირომეცნიერებამდეც მიმიყვანა.

რა იყო ყველაზე დიდი საგანმანათლებლო გამოწვევა პროფესიული განვითარების კუთხით?

უცხოეთში სწავლა და ცხოვრება ძალიან დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ამ მხრივ მსოფლიოში სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის, რადგან დაფინანსების წყაროები მატულობს. იმედია ეს ტენდენცია საქართველოშიც გაგრძელდება. სხვა მხრივ, ყველაზე დიდ გამოწვევას ალბათ ახლა წავაწყდი კემბრიჯში – სადოქტორო პროგრამაზე. ბაკალავრიატში დინებას მიყვები: დავალებებს ამზადებ, დედლაინებს ებრძვი, გამოცდებს აბარებ. სასწავლო მასალა და სტრუქტურა ძირითადად მოცემული გაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებ. სადოქტოროზე კი, და ნაწილობრივ კვლევითი მაგისტრატურის დონეზეც, ეს სტრუქტურა ქრება, თავისუფლება გეძლევა და შესაბამისად უზარმაზარი პასუხისმგებლობაც, რომ შენით აირჩიო მიმართულება, კვლევის თემა, მეთოდები, და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ განსხვავებული აზროვნების ფორმაა და რაც ადრე შეძლებ ასეთი უნარების განვითარებას, მით უფრო მეტად დაგეხმარება მომავალში.

როგორ ქმნიან ის კვლევითი ცენტრები, რომლებშიც გიმუშავიათ კომფორტულ გარემოს პროფესიული განვითარებისთვის, რაც მაგალითად, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ?

ერთ ფაქტორს გავუსვამდი ხაზს: კარიერული ცენტრების არსებობას. როჩესტერის უნივერსიტეტში, სადაც ბაკალავრზე ვსწავლობდი, იყო კარიერული ცენტრი, სადაც ნებისმიერ სტუდენტს შეეძლო მისვლა და ინდივიდუალური რჩევების მიღება კარიერასთან დაკავშირებით. აქ ვისწავლე როგორ შევადგინო სხვადასხვა ტიპის გამორჩეული რეზიუმე, როგორ დავწერო კომპაქტური, მაგრამ ეფექტური იმეილი დამსაქმებლებისთვის, როგორ მოვემზადო ინტერვიუსთვის, როგორ ავხსნა მოკლედ თუ ვრცლად ჩემი ინტერესები და მიზნები, და ა.შ. რა პოზიციებსაც მას შემდეგ მივაღწიე კვლევით ცენტრებში მხოლოდ ნაწილობრივ იყო დამოკიდებული ჩემს მეცნიერულ შესაძლებლობებზე. კარიერულ წინსვლაში სტრატეგიული მიდგომა და კომუნიკაციების სწორი დამყარებაც უმნიშვნელოვანესია, ანუ ე.წ. networking. ასეთი ცენტრები ჩემი აზრით ყველგან უნდა იყოს, რადგან ამ უნარებს ლექციების დროს არ გვასწავლიან.

რა იყო თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი კვლევითი გამოცდილება?

ყველაზე შთამბეჭდავი კვლევითი გამოცდილება ალბათ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში მივიღე. იქ პარალელურად რამდენიმე პოზიციაზე ორ ლაბორატორიაში ვმუშაობდი. ერთგან კვლევითი ასისტენტი და ლაბორატორიის მენეჯერი ვიყავი დაბალ დონეზე, ხოლო მეორეგან კვლევითი ასისტენტი და ამავდროულად MRI-ის ოპერატორი. მანდ ვისწავლე MRI მანქანის მართვა, მისი ფუნქციონირება და მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის მეთოდები. ეს უძლიერესი მოწყობილობაა, რომელიც ნეირონების აქტივობას ირიბად ზომავს, აქტივობისას გაზრდილი მეტაბოლიზმის შედეგად გამოწვეული სისხლის მიმოქცევის ცვლილებების დაფიქსირებით. MRI-ის ოპერატორობა ნიშნავდა, რომ უნდა დავხმარებოდით კვლევით ჯგუფებს, რომლებიც ჩვენთან მოდიოდნენ, მანქანის გამზადებასა და ექსპერიმენტის ჩატარებაში. შედეგად, ძალიან ბევრ პარადიგმას და თანამედროვე მეთოდს პირდაპირ გავეცანი, მრავალი კონტაქტი დავამყარე სხვადასხვა უნივერსიტეტების მკვლევრებთან და წარმოდგენა შემექმნა როგორი კითხვები შეიძლება დაისვას ამ სფეროში და როგორ უნდა ააწყო ექსპერიმენტი მათ საპასუხოდ. მაგალითად აქ ატარებდნენ კვლევას მეხსიერებაზე ტრანსკრანიალური მიკროსტიმულაციის (tDCS) ეფექტზე, ინსულტის შემდეგ ტვინში არსებული ფუნქციური კავშირების გადაწყობაზე და მოძრაობაზე, მათ ეფექტზე, კრეატიულობის ფუნქციურ საფუძვლებზე, ფსიქოპატებსა და ალტრუისტებს შორის ტვინის ანატომიურ და ფუნქციურ განსხვავებებზე და ა.შ.

შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი პირველი რეცენზირებული აკადემიური ნაშრომის შესახებ?

პირველი ასეთი ნაშრომი 2018-ში გამოქვეყნდა ჟურნალ Royal Society Open Science-ში, სათაურად „Cue predictability does not modulate bottom-up attentional capture.“ ამ პროექტზე ჰოლანდიაში ვიმუშავე, როგორც კვლევით ასისტენტად, მაგისტრატურის პარალელურად. პროექტის მიზანი იყო ყურადღების ფენომენის ერთ-ერთი ასპექტის შესწავლა. ყურადღების ორი სახეობა არსებობს: მიზანმიმართული ყურადღება და სტიმულით გამოწვეული ავტომატური ყურადღება. ამ ბოლო ტიპის ყურადღების მაგალითია მანქანაში უცებ ღვედის შეკვრის სიგნალის ჩართვა. ასეთი სტიმული ძირითადად მოულოდნელია და ავტომატურად, უნებლიედ იპყრობს ყურადღებას. ჩვენ გვაინტერესებდა რამდენად იყო ასეთი ყურადღების მიპყრობა დამოკიდებული სტიმულის მოულოდნელობაზე. რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ, სხვადასხვა სახის მოლოდინების მანიპულაციების შედეგად ჩვენ დავადგინეთ, რომ მოლოდინის არსებობა არ ასუსტებს სტიმულით გამოწვეული ყურადღების მიპყრობის ეფექტურობას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ერთ ნაშრომზე დაყრდნობით დასკვნები არ გავაკეთოთ. მეცნიერებაში ნებისმიერი ჰიპოთეზის მიღების კრიტერიუმი უნდა იყოს მრავალი კვლევის შედეგების ერთობლიობა.

©️ გიორგი ნაზღაიძე

შეგიძლიათ აღწეროთ რა განსხვავებები და მსგავსებები არსებობს ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავებაში, კომპიუტერებთან შედარებით?

ისტორიის განმავლობაში ტვინს ხშირად ადარებდნენ უახლეს ტექნოლოგიებს. თავის დროზე წყლის საათს, შემდეგ ტელეფონის ხაზების გადამრთველ მოწყობილობას (telephone switchboard), ხოლო ახლა კომპიუტერებს. ერთი მკაფიო განსხვავება ტვინსა და კომპიუტერს შორის ისაა, რომ კომპიუტერის სტრუქტურა და ფუნქცია გაცილებით უკეთ გვესმის ვიდრე ტვინის. ტვინი ყველაზე კომპლექსური რამაა, რასაც სამყაროში შევხვედრილვართ, და მიუხედავად ბოლო წლების პროგრესისა, ჯერ ის მხოლოდ ზედაპირულად გვაქვს შესწავლილი. ტვინიც და კომპიუტერიც დიდწილად ელექტრული სიგნალების გადაცემით მუშაობს. ის სისტემებად არის მოწყობილი და ამ სისტემებს გარკვეული განმასხვავებელი ფუნქციები აქვთ. კომპიუტერმა დიდი ხანია გადაუსწრო ადამიანის ტვინს მახსოვრობის და სისწრაფის პარამეტრებში. სამაგიეროდ, ტვინი გაცილებით უფრო ეკონომიური გამოთვლითი მანქანაა ვიდრე კომპიუტერი. თანამედროვე ძლიერი ხელოვნური ინტელექტის სისტემები ასობით ან ათასობით ვატის ენერგიას მოიხმარენ, რომ ადამიანს გაუტოლდნენ რაიმე კონკრეტულ დარგში: მაგალითად Deep Blue, რომელმაც კასპაროვი დაამარცხა, Alpha-Go – მსოფლიოს გოს ჩემპიონი ლი სედოლი დაამარცხა, ან IBM Watson-ი თამაშ Jeopardy-ში ადამიანთან გაიმარჯვა. ადამიანის ტვინი კი დაახლოებით 20 ვატ ენერგიას მოიხმარს. განსხვავება კიდევ უამრავია, მაგრამ ერთს მინდა ხაზი გავუსვა. ბევრს ჰგონია რომ ტვინს ისეთივე მეხსიერება აქვს როგორც კომპიუტერს: დეტალური და მოვლენების სწორად ამსახველი. სინამდვილეში ადამიანის მეხსიერება რეალობის საშინლად დამახინჯებული ანარეკლია. ტვინში დასამახსოვრებლად შემოსული ინფორმაცია თავიდანვე რამდენიმე ფილტრს გადის, სადაც ჩვენი მოლოდინები და წინასწარი განწყობები პირდაპირ ცვლილებებს ახდენენ. შემდეგ მოგონების ყოველი ხელახალი გახსენება იწვევს ამ მოგონების მცირედ ცვლილებას, ისე რომ დროთა განმავლობაში შეიძლება ვერც მიხვდეთ ისე შეიცვალოს დეტალები. ეს მრავალი ექსპერიმენტით არის დადგენილი და სამწუხაროა, რომ ბევრ სამართლებრივ სისტემაში თვითმხილველის ჩვენება ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე დგას მტკიცებულებათა შორის. მკითხველს ვურჩევდი ელიზაბედ ლოფტუსის ვიდეოებსა და კვლევებს გაეცნოს.

რა განსხვავებაა წარმოსახვის უნარსა და აღქმას შორის, აქვთ თუ არა მათ საერთო ნეირონული მექანიზმი?

წარმოსახვის უნარი ნებაყოფლობითი უნარია, ხოლო შემეცნება ავტომატური, გარე სტიმულაციით განპირობებული. თანამედროვე ტექნოლოგიებით, მაგალითად ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით (FMRI) და პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიით (PET) დადგინდა, რომ ვიზუალური წარმოსახვის დროს ადამიანის ტვინის მხედველობის ქერქი აქტიურდება. ეს სმენას და სხვა მოდალობებსაც შეეხება. მაგალითად, ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც შინაგანი ხმები ესმით სმენითი ქერქის აქტივობა უფიქსირდებათ, მსგავსად ისე, როგორც ჩვეულებრივი სმენისას. როგორც ჩანს, წარმოსახვას და შემეცნებას სხვადასხვა წყარო, მაგრამ ნაწილობრივ, საერთო ნეირონული საფუძვლები აქვთ.

როგორ ყალიბდება ვრცელი ინფორმაციის ცალკეული ერთეულები ტვინში ერთიან ცნობიერ აღქმად სახის ამოცნობის პროცესში?

სახის ამოცნობა და მისი ნეირონული საფუძვლები ძალიან საინტერესო თემაა. ეს ის თვისებაა, რაც ადამიანებს გამორჩეულად ღრმად გვაქვს განვითარებული. ახალდაბადებული ბავშვებიც კი ავლენენ მიდრეკილებას სახეების მიმართ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება სახის აღქმა ევოლუციურად განპირობებული თვისება იყოს, თუმცა ამაზე ბევრი დავაა მეცნიერებს შორის. სახის აღქმა ისე იწყება, როგორც ყველა სხვა ნივთის. ადამიანის მხედველობის ქერქი იერარქიულად არის მოწყობილი, სადაც ქვედა სექციები შემოსულ ინფორმაციას პირველად გადაამუშავებენ და შემდეგ გადასცემენ მაღალი დონის რეგიონებს უფრო კომპლექსური ანალიზისთვის. იერარქიის ქვედა დონეზე თვალით აღქმულ სურათში არსებული კონტურები, ხაზების ორიენტაციები და კონტრასტის ცვლილებები გამოვლინდება. იერარქიის მომდევნო, ზედა რეგიონები უფრო რთულ ფორმებს, ფერებს, და სივრცით ურთიერთობებს ადგენენ. ნივთების საბოლოო იდენტიფიცირება საფეთქლის წილის ქვემო ხვეულში (Inferotemporal Cortex) ხდება, თუმცა განსხვავებით სხვა ნივთებისგან, სახეების აღქმას ამ რეგიონის არაპროპორციულად დიდი წილი მიაქვს და მას სახის თითისტარასებურ არეებს (Fusiform Face Area) უწოდებენ. ამ რეგიონის დაზიანების შემთხვევაში ვიღებთ პროზოპაგნოზიას, როდესაც ადამიანი ვერ ცნობს სახეებს, თუმცა სხვა ნივთების აღქმასთან არანაირი პრობლემა არ აქვს.

ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში ჩავერთე, სახეების აღქმის ახალ ჰიპოთეზას იკვლევდა: რომ სახის- მაგვარი სტიმულის აღქმა არა მხოლოდ იერარქიულად უმაღლეს დონეზე, არამედ ვიზუალური სისტემის დაბალ დონეებზეც ხდება. შესაძლებელია, რომ სახეების ევოლუციური მნიშვნელობიდან გამომდინარე აღქმის სისტემა ისე ჩამოგვიყალიბდა, რომ სახის დაფიქსირება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, შემოსული ინფორმაციის დამუშავების საწყის ეტაპზევე. ქცევითი ექსპერიმენტების, ფუნქციური MRI-ისა და ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევების შედეგად ამ ჰიპოთეზის მხარდამჭერი შედეგები მივიღეთ. ეს ნაშრომი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და იმედია მალე გამოქვეყნდება.

მეხსიერების და დასწავლის გაუმჯობესების მიზნით რა სტრატეგიებს და მეთოდებს გვირჩევდით, როგორც ყოველდღიური სიტუაციებში, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების გარემოში?

ამაზე ერთი შეხედვით მოსაწყენი პასუხი უნდა გაგცეთ. ყველაზე ნაღდი და დადგენილი მეთოდი რათა მეხსიერება გავაუმჯობესოთ არის საკმარისი ძილი და ფიზიკური აქტიურობა. უძილობის შედეგად კომპლექსური აზროვნება, ინფორმაციის აღქმა, და აღქმულის კონსოლიდირება მნიშვნელოვნად ზიანდება. ზოგჯერ გამოცდის წინ მთელი ღამის გათენებას სჯობს დაიძინო, რომ რაც აქამდე ისწავლე ის მაინც შეგინარჩუნდეს და მეორე დღეს გაგახსენდეს. ფიზიკურ აქტივობას რაც შეეხება, სხეულის ჯანმრთელობის გარდა მას უძლიერესი ეფექტი აქვს გონების სისხარტეზე, სწავლის უნარზე, და მეხსიერებაზე. დღესდღეობით არსებული ყველა ე.წ. ტვინის სავარჯიშო პროგრამები და აპლიკაციები რომ აიღოთ, მათი ეფექტი ახლოსაც ვერ მივა იმ ეფექტთან, რაც ვარჯიშს აქვს მეხსიერებაზე.

ამის გარდა არსებობს სწავლის სხვადასხვა ეფექტური სტრატეგიები. მაგალითად ე.წ. სივრცული დასწავლა (spaced learning). მრავალი ექსპერიმენტით დადგინდა რომ მასალის ერთ ჯერზე თავიდან ბოლომდე შესწავლას სჯობს იგივე დრო რამდენიმე დღეზე გადაანაწილო და სწავლის პერიოდებს შორის პაუზები აიღო. ასევე ცნობილია ე.წ. აღდგენით დასწავლის მეთოდოლოგია (retrieval prac- tice), სადაც მასალის ხელახალი გადაკითხვის მაგივრად ჯობია პირველი წაკითხვის შემდეგ პატარა ტესტი ჩაიტარო და ინფორმაცია გაიხსენო. განსხვავებით უბრალოდ პასიურად გადაკითხული ინფორმაციისგან, თვით- გახსენებული ინფორმაცია გაცილებით უფრო მდგრადია დავიწყების მიმართ.

ბევრი ელოდება რომ მეცნიერება შეიმუშავებს რევოლუციურ ტვინის იმპლანტს ან წამალს, რომელიც მახსოვრობას გაგვიუმჯობესებს. მართალია ამაზე ბევრი მუშაობს და იმედია მალე რეალობადაც იქცევა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ის მეთოდები უნდა ავითვისოთ რაც გაგვაჩნია და ვიცით რომ მუშაობს, რამდენადაც მოსაწყენადაც არ უნდა მიგვაჩნდეს ისინი.

თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა არის თქვენი მთავარი რჩევა მოზარდებისთვის, რომლებიც პროფესიად ნეირომეცნიერების არჩევას გეგმავენ?

ისწავლეთ სტატისტიკა! რაც მეტი, მით უკეთესი. ყველა ექსპერიმენტის შედეგს სტატისტიკური ინტერპრეტაცია სჭირდება, და დღეს სტატისტიკის ფუნდამენტური ცოდნის სერიოზული დეფიციტია ნეირომეცნიერებასა და ფსიქოლოგიაში, პროფესიათა ყველა დონეზე. ახლაც ვწუხვარ, რომ მეტი სტატისტიკისა და მათემატიკის კურსები არ ავიღე ბაკალავრიატში. ამავდროულად სცადეთ, რომ მრავალი სახის ლაბორატორიაში მიიღოთ კვლევითი გამოცდილება. ხელმძღვანელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან კვლევის სტილით, მეცნიერებისადმი დამოკიდებულებით და სტუდენტებისადმი ყურადღებით. მნიშვნელოვანია, მეცნიერების სხვადასხვა კულტურას ეზიაროთ და შემდეგ აირჩიოთ რომელ სტილში გსურთ თავად გაგრძელება.