ევროპელი მეცნიერების, ისტორიკოსებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების განცხადებით, ისინი ერთიანდებიან 2.8 მილიონი ევროს ღირებულების პროექტისთვის – ,,Odeuropa”, რათა აღმოაჩინონ და გააცოცხლონ ისტორიული სურნელები: მეთექვსმეტე საუკუნიდან დაწყებული მეოცეთი დასრულებული.
სამწლიანი პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის იანვარში იწყება: ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენლები გააციფრულებენ იმ ისტორიულ ტექსტებს, სადაც სურნელების აღწერას ვხვდებით. შინაარსს, რომელიც მომხმარებელს შვიდ ენაზე მიეწოდება, თან დაერთვება არომატული ნივთების ფოტოები.
დამუშავებული ინფორმაცია გამოიყენება ევროპის სურნელების შესახებ ონლაინ ენციკლოპედიის შესაქმნელად, სადაც მომხმარებელი გაეცნობა არა მხოლოდ არომატების ისტორიას, არამედ მათ ისტორიულ კონტექსტებს: კონკრეტული სურნელი რომელ ემოციასთან ასოცირდებოდა.
პროექტის ერთ–ერთი მთავარი მიზანია, რომ ყურადღება გამახვილდეს დროთა სვლასთან ერთად განსხვავებული სურნელების მნიშვნელობისა და გამოყენების ცვლილებაზე – რისი კარგი მაგალითიც თამბაქოს სუნის ისტორიაა.
მეთექვსმეტე საუკუნეში, როცა თამბაქო ევროპისთვის ახალი პროდუქტი იყო, ის ეგზოტიკურ სურნელთან ასოციდებოდა. თუმცა თამბაქო მალევე იქცა ყოფით, ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ სურნელთან. მეთვრამეტე საუკუნეში კი ადამიანები აქტიურად აპროტესტებდნენ თეატრებში თამბაქოს მომხმარებას. შედეგად, მისი სურნელი თანდათან გაქრა ინდივიდთა ყნოსვითი სამყაროდან.
Odeuropa–ს გუნდის განმარტებით, ისინი საკუთარ მიგნებებს ქიმიკოსებთან და პარფიუმერებთან ერთად დაამუშავებენ, რათა გააცოცხლონ ისტორიული სუნი. ამასთანავე, მათთვის მნიშვნელოვანია, აღმოაჩინონ, როგორ მიაწოდონ ახალი სურნელები ადამიანებს, რათა გააუმჯობესონ მუზეუმისა და სხვა ისტორიული ადგილების ვიზიტორების შთაბეჭდილებები.
პროფესორ ვილიამ ტულეტის განმარტებით, სურნელს შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს ადამიანების მუზეუმებთან დამოკიდებულებაზე. გასათვალისწინებელია, რომ ეს მიმართება ტრადიციულად მხოლოდ უარყოფით სურნელებზე კონცენტრირდებოდა – სასწავლო ლიტერატურაში მხოლოდ ასეთ სუნებზე (მაგალითისთვის – შავი ჭირის პერიოდი) იწერება. სწორედ ამის შეცვლა სურთ პროექტის მონაწილეებს.