მეორე შანსი – ეკა ეგუტია

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო: ანა ბოკო

ეკატერინე ეგუტიას გზა ნიუ-იორკში საკუთარ ბიზნესამდე

ჰარვარდის კურსდამთავრებული ეკა ეგუტია იურისტის ნიუ-იორკულ ლიცენზიას დიდ გამოცდას უწყობს; თიბისი ბანკში მთავარი იურისტის პოზიციას ტოვებს; ფსონს აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა რეგიონის კლიენტებზე დებს და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ‒ ნინა კობახიძესთან ერთად საკუთარ კომპანიას ‒ EK LAW OFFICE-ს ‒ პირდაპირ ნიუ-იორკში აფუძნებს.

ამ ახალ ამბავში Forbes Woman-ისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტია: წარმატებული ქალი ტოვებს საკუთარ კომფორტის ზონას და ყველაზე მაღალი კონკურენციის პირობებში, არც მეტი, არც ნაკლები, ნიუ-იორკში აპირებს ყველაფრის ნულიდან დაწყებას და თავის დამკვიდრებას. ამ საქმეში მისი მთავარი თანამებრძოლი და კომპანიის კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი ისევ, წარმატებული ქალია.

რა შეიძლება იყოს ამაზე ინსპირაციული Forbes Woman-ისთვის? მხოლოდ ის, თუ საქართველოს მოქალაქეების მიერ ნიუ-იორკში კომპანიის დაფუძნება საქართველოდან პირველი ასეთი გაბედული ნაბიჯია.

ასეც არის.

ეკა ეგუტია პირველი ქართველი ქალი იქნება, ვინც საქართველოდან ნიუ-იორკში გაემგზავრება, საკუთარ იურიდიულ ბიზნესს და საადვოკატო საქმიანობას ამერიკაში გამართავს და აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ-საბჭოთა რეგიონის წარმომადგენლებს ამერიკაში ბიზნესის დაწყებას გაუმარტივებს.

ამ წერტილამდე ეკამ 14 წლიანი იურიდიული გამოცდილება დააგროვა ‒ საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო სექტორში და ბოლოს ‒ დიდ კორპორაციაში. ფიქრობს, რომ საქართველოში თვითრეალიზება შეძლო და ადგილობრივ ბაზარზე, კარიერული თვალსაზრისით, მაქსიმუმს მიაღწია. ამიტომაც მიუწევს გული ახალი გამოწვევების და კონკურენციის, შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, ცენტრისკენ.

ნიუ-იორკზე ყველაზე ზუსტ შეფასებას ისევ ინგლისურად თუ ვიტყვით: ″If you can make it here, you can make it anywhere”. მაგრამ ‒ ჯერ აქ უნდა შეძლოს და ეს არ იქნება ადვილი საქმე.

„აქამდე სულ სხვაზე ვმუშაობდი ‒ ესეც გამოწვევაა ჩემთვის“ ‒ ღიმილით მიმხელს ეკა ეგუტია.

დღეს მის წინაშე კიდევ ორი გამოწვევა დგას. პირველი ‒ პრეცედენტულ სამართალში უნდა მოსინჯოს ბედი და შეძლოს, კონტინენტური ევროპული სამართლის შემდეგ, ამ ახალ სფეროში მტკიცედ მოიკიდოს ფეხი. და მეორე ‒ უნდა იპოვოს ისეთი ნიშა, რომელიც საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს ყველას, მათ შორის, თავად ამერიკელ იურისტებს ამერიკაში.

175 ათასზე მეტი იურისტით, ნიუ-იორკში ამ პროფესიის ადამიანების ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა, ვიდრე შეერთებული შტატების ნებისმიერ სხვა შტატში. ამასთან ნიუ-იორკის სამართლებრივი ბაზარი ყველაზე მსხვილია მთელ შეერთებულ შტატებში და ბოლო მონაცემებით შეფასებულია 430 მილიარდ ამერიკულ დოლარად.

ამ სტატისტიკის წაკითხვის შემდეგ, პირველი, რაც გავიფიქრე: ნებისმიერი პროფილის იურიდიული ფირმისთვის ნიუ-იორკი ყველაზე რთული ბაზარია, მაღალი კონკურენციით ‒ სადაც ჩასვლა და წარმატება ერთი ვერ იქნება, პირიქით, ამ ბაზარმა შეიძლება მხოლოდ თანმიმდევრული და ჯიუტი ძალისხმევა დააფასოს და ამას, სავარაუდოდ, საკმაო დროც დასჭირდება.

გავიფიქრე, მაგრამ არ ვთქვი და ეკას ბევრად მოკლედ ვკითხე, რას ელოდება.

„ყოველთვის მხოლოდ ჩემი თავის იმედი მაქვს”, ‒ ეს არის ეკა ეგუტიას მტკიცე პასუხი: „უნარი მაქვს, ჩემს თავს დავეყრდნო მხოლოდ. ჩემს თავს ვეუბნები, რომ შენ ამას შეძლებ, აიღებ რისკებს და გადაჭრი შენით. არ ვნებდები არასდროს. ერთხელ თუ არ გამოგივა, ყოველთვის გაქვს მეორე შანსი“.

შიშის გარეშე და პოზიტიური დამოკიდებულებით ცხოვრება, პირველ რიგში, ამერიკამ ასწავლა. ჰარვარდის დამთავრება მისთვის მხოლოდ პროფესიული ცოდნის მიღების საშუალება არასდროს ყოფილა ‒ გაცილებით მეტი იყო: „შესაძლებლობების უდიდესი არეალი გაიშალა ‒ ბევრი ინფორმაცია, ცნობილი სპიკერები და ლექტორები, საჭირო კონტაქტები, უმდიდრესი ბიბლიოთეკა“ ‒ გატაცებით მიყვება ეკა და მთავარ აქცენტს მცირე პაუზის შემდეგ ამატებს: „…და ღირებულებები, რომელიც დამოუკიდებელ პიროვნებად გაყალიბებს, გიბიძგებს ლიდერად ჩამოყალიბდე. დაიჯერო, რომ შეგიძლია შეცვალო რაღაც, რაღაც გამორჩეულს მიაღწიო“.

ცოდნა ეკასთვის ღირებულება ყოველთვის იყო. ბავშვობიდან ესმოდა, რომ ყველაფერს სწავლით და შრომით უნდა მიაღწიოს. ნახევრად ხუმრობით იმასაც ამბობს, ჯერ ევროპაში განათლების მიღება, შემდეგ ჰარვარდში ხარისხის დაცვა ‒ რაღაც მომენტში, დედაჩემის სურვილების ასრულება უფრო მეგონა, ვიდრე საკუთარი კარიერის შენების გააზრებული საფეხურებიო. თუმცა ფაქტია, ევროპაში მიღებულმა განათლებამ საქართველოში თვითრეალიზება შეაძლებინა, ჰარვარდში მიღებული განათლება კი ნიუ-იორკში იურისტის ლიცენზიის მიღებაში დაეხმარა და დღეს, უკვე პირველი ამბიციური ბიზნესგანაცხადის საფუძველი გახდა.

ეკასთან ინტერვიუს მზადების პროცესში ნიუ-იორკის იურიდიული ბაზრის შესახებ რაც წავიკითხე, ასეთ შთაბეჭდილებას მიტოვებს: საქმის კეთების მაღალი სტანდარტი; გადაწყვეტილების მიღებისას ინოვაციური, მოქნილი მიდგომები და მაქსიმალურად ვიწრო სპეციალიზაცია ‒ ეს ის მახასიათებლებია, რაც ამ ბაზარს ერთდროულად ხდის ძალიან მიმზიდველს და ძალიან რთულს ჩასაკბეჩად. ლუკმა ყელში რომ არ გაგეჩხიროს, საკუთარ ნიშას უნდა მიაგნო და სამიზნე ჯგუფებიც ძალიან ზუსტად უნდა აარჩიო.

ეკა ეგუტიას და მის გუნდს ასეთი ნიშა უკვე ნაპოვნი აქვს და ნიადაგიც იმდენად მოსინჯული, რომ ამ იდეის სქელტანიანი ბიზნესგეგმა საკმაო კილოგრამებსაც იწონის. „ასეთი დოკუმენტები შემიძლია იმ დამწყები ინვესტორებისთვისაც შევკრა, ვინც ამერიკაში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებს ხედავს, მაგრამ არ იცის თავისი საქმიანობა იურიდიულად როგორ გამართოს“ ‒ მიხსნის ეკა ეგუტია.

თავად უკვე გაიარა ყველა საჭირო პროცედურა და იდეიდან 7 თვის თავზე ნიუ-იორკშია და საკუთარი იურიდიული კომპანია აქვს. ამ კომპანიის სამიზნე ჯგუფები ნიუ-იორკში მცხოვრები აღმოსავლეთ ევროპელები, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები და ქართველები არიან ‒ მათ შორის ისინიც, ვინც ნიუ-იორკის შტატში ბიზნესის წარმოებას გეგმავენ და ფიზიკურად ამერიკაში არ იმყოფებიან.

„გამოწვევები იქნება“ ‒ მშვიდი ტონით მეუბნება ეკა ეგუტია, რაც ჩემთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ამ თემაზეც ბევრი აქვს ნაფიქრი ‒ სხვათა შორის, სულ ბოლო დეტალებამდე. აი, მაგალითად, მის იურიდიულ ფირმაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით დირექტორი ნინა კობახიძეა ‒ კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილებით და ასევე: ამერიკელი იურისტი ‒ კაცი ‒ მეტი სანდოობისთვის, რადგან ეს მიკერძოებაც წინასწარ აქვს იდენტიფიცირებული და იცის, გენდერული სტერეოტიპები არსებობს ყველგან ‒ მათ შორის, ამერიკაშიც: „ქალებს სჭირდებათ ათმაგად მუშაობა. სამართალში იშვიათობაა ქალები. ნიუ-იორკშიც იგივეა: თეთრკანიანი ჰალსტუხიანი კაცები არიან დომინანტები“. (white men in suits 🙂 )

თუმცა მეორე შანსის და საკუთარი თავის იმდენად გულწრფელად და ბოლომდე სჯერა, რომ წარმატების მიღწევა მისთვის გარდაუვალი მოცემულობაა ‒ საქმე მხოლოდ დროშია. „პირველ რამდენიმე კლიენტს რომ დავაკვალიანებ, ამოვისუნთქავ. პირველ დამატებით კადრს რომ დავასაქმებ, ჩავთვლი, რომ წარმატებას მივაღწიეთ“.

როგორც ჩანს დიდხანს ლოდინი არ მოუწევს, სანამ პირველ კადრს დააკვალიანებს. ამ სტატიის სტამბაში გაგზავნა ვერ მოვასწარით, რომ ნიუ-იორკული სტარტაპის დამფუძნებლებმა გზაში ამბავი დაგვაწიეს: 10 დღის დაფუძნებულ კომპანიას უკვე ჰყავს პირველი რეალური კლიენტი და ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოშიც პირველი პროცესი უკვე ჩანიშნულია.

ასე რომ, ახლა იმას დაველოდები, როდის დაასაქმებს ეკა პირველ კადრს. ამბის ფინალი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის. სტატიისაც ‒ თანაბრად. იშვიათია შემთხვევა, როცა წინასწარ ვიცი, რით დავასრულებ სტატიას იმისთვის, რომ თქვენ ‒ ჩემმა მკითხველმა ‒ ჟურნალის დახურვისთანავე არ დაივიწყოთ ჩემი გმირის ისტორია. ეს ის შემთხვევაა, როცა ამ სტატიის ბოლო ბწკარი სტატიის დაწერამდე ვიცოდი. ეს ეკას იურიდიული კომპანიის ნიუ-იორკის მისამართია. აბა, ჩაინიშნეთ: EK Law Office PLLC, 405 Lexington Avenue, 8th floor, New York, NY 10174, United States (www.http://ek-lawoffice.com)