ინტერვიუ ოლგა ბაბლუანთან
ავტორი: თამარა კაჭახიძე
ფოტო: ანა ბოკო
ყველაზე მეტად ალბათ თავისუფლება უყვარს. თავისი გამბედავი ხასიათით დაგაჯერებთ, რომ საკუთარ თავში აუცილებლად იპოვით ძალას, რომ უნდა ენდოთ თქვენს თავს და არასდროს შეწყვიტოთ ფიქრი დამოუკიდებლობაზე. თავისუფლების ამ დოზით სიყვარული მისი ყოველდღიურობაა – ხელოვნება, კინო, მედია… თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს და არც ამაში კარგავს მრავალფეროვნებას. გამორჩეულია მისი კომუნიკაციის სტილი, ეს კარგად ჩანს მის საქმიანობაშიც. ოლგასთვის საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე ფიქრი აქ არ სრულდება – ოჯახურ პროექტში, რომელიც თემურ და გელა ბაბლუანების ახალ კინოსკოლას წარმოადგენს, მარკეტინგის მიმართულებით არის ჩართული.
დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ვიწყებთ საუბარს, ამიტომ, მოდით დავიწყოთ სწორედ კომუნიკაციის არსის რაობით. რა ეტაპებს გავდივართ მას შემდეგ, რაც პირველი ნაბიჯების გადადგმასთან ერთად გვასწავლიან, თუ როგორ გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, შემდგომ კი როგორ ვქმნით საკუთარ პერსონაჟს ჩვენივე კომუნიკაციის ფორმებით?
კომუნიკაცია ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ისტორიაც ამას ჰყვება და უძველესი აღმოჩენებიც. მაგალითისთვის ეგვიპტის კედლებზე აღმოჩენილი იეროგლიფები ავიღოთ, ნაპოლეონ ბონაპარტმა სწორედ ეგვიპტეში ლაშქრობის დროს აღმოაჩინა ის, ჟან ფრანსუა შამპოლიონმა კი პირველმა გაშიფრა ეს იეროგლიფები – უძველესი საკომუნიკაციო საშუალება და დღემდე კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მომტანი – ამ ინფორმაციას მრავალი საუკუნე დასჭირდა ჩვენამდე რომ მოეღწია, თუმცა ახლა ტექნოლოგიური განვითარება ხელს გვიწყობს სწრაფ კომუნიკაციაში და უკვე ნებისმიერს შეუძლია საკუთარი “სათქმელი თქვას,” ასევე მონეტარიზაცია გაუკეთოს საკუთარ საქმიანობას.
ჩვენი სათქმელი ჩვენი აზროვნების გამოხატულების საშუალებაა, ამიტომ ვერც ბავშვს ასწავლი “ენის ადგმას” – ეს ბიოლოგიური პროცესია – ასე ვვითარდებით და ვყალიბდებით უკვე ზრდასრულ ადამიანებად. აღზრდის პროცესში სწავლება იმისა თუ რა უნდა ვთქვათ, ანუ ჩვენი აზროვნების შეზღუდვა და ფორმულირება დიდი ტრაგედიაა. განსაკუთრებით, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც საკმაოდ მკაცრი კონსერვატორული გარემოა, საღი და ჯანსაღი აზრის ნაკლებობას განვიცდით. ბავშვებს უნდა მიეცეთ საკუთარი სათქმელის ინდივიდუალური გამოხატვის საშუალება, რაც ჩამოაყალიბებს მათ დამოუკიდებლად მოაზროვნე ინდივიდებად.
საგანმანათლებლო დაწესებულებები ადრეული ასაკიდანვე ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში და ისინი დიდ გავლენას ახდენენ ჩვენივე სოციალიზაციის ფორმებზე. ამ მხრივ რა მნიშვნელობას უნდა იძენდნენ სკოლები და უნივერსიტეტები?
სკოლა და უნივერსიტეტი ბავშვის/მოზარდის პირველადი სოციალიზაციის ადგილია. განათლების ხარისხი თანამედროვეობასთან კავშირში უნდა გაუმჯობესდეს. ცოდნა ნებისმიერი სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალებაა; წინსვლისთვის, გარემოს შეცვლისთვის და განვითარებისთვის სწორედ ეს გვჭირდება. ამავდროულად, სკოლა მხოლოდ განათლებას არ გვაძლევს, ეს ფაქტობრივად ყველანაირი “პირველადი” ურთიერთობის ადგილია. მნიშვნელოვანია, მასწავლებელი იყოს აღმრზდელი, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს, ახალი აღმოჩენების საშუალებას გაუხსნის ახალგაზრდებს და საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება. სკოლა სამყაროს მიმართ კეთილგანწყობას უნდა აგრძნობინებდეს ახალგაზრდას, რომელიც საკუთარ მოგზაურობას სწორი საწყისი ბაზით გააგრძელებს.
განათლება და ახალგაზრდების ხმა – რა პრობლემებს ხედავთ დღეს საგანმანათლებლო სფეროში და თუ გაქვთ მათი აღმოფხვრის თქვენეული ხედვა?
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. მის სიტყვებს გავიმეორებ: “კიდევ ერთი ინგრედიენტი არის განათლება. ჩვენ გვჭირდება კავშირი პროფესიონალებს შორის. თუ წავიკითხავთ კვლევებს და გავესაუბრებით ინვესტორებს, ყველა გეტყვით, რომ საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ინვესტიციების განსახორციელებლად, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ საჭირო უნარ- ჩვევების ადამიანებს ვერ ვპოულობთ, რომლებიც სამუშაო ადგილზე დასაქმდებიან” – ჩემი ხედვითი პრიორიტეტი სწორედ პროფესიული განათლების ულტრა აუცილებლობაა.
ასევე, საჯარო განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. ვფიქრობ, რომ საჯარო სწავლებასა და კერძო სკოლებს შორის არ უნდა იყოს ხარისხობირივი უფსკრული, გიგანტური სხვაობა… მერე იკარგება სამომავლო პერსპექტივის სიჯანსაღეც, დემოკრატიული საზოგადოების შექმნის იდეაც…
ბაბლუანების ახალ პროექტს ქართულ-ფრანგული კინოხელოვნების სკოლა წარმოადგენს. როგორია თქვენი როლი მისი კონცეფციის ჩამოყალიბებაში?
ფრანგულ-ქართული კინოსკოლა გრძელვადიანი პროექტია. პირველი მასშტაბური სასწავლებელი კავკასიის რეგიონში. სწავლების კონცეფცია დამყარებულია ფრანგული სწავლების მოდელზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორები გვთავაზობენ. დეტალებში საჯარო განხილვა ჯერ ადრეა, მაგრამ რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ ეს იქნება უდიდესი პროექტი ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის კუთხით. პოსტსაბჭოთა რეგიონებში, და, ზოგადად, აღმოსავლეთ რეგიონში – არ არსებობს მსგავსი კინოსკოლა. ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია რეგიონალურ განვითარებასთან, რომ არ ვისაუბროთ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყანაში პროფესიონალების ჩამოყალიბებას ამ მიმართულებით. იქნება ეს პოტენციალი, ინტელექტუალური თუ ბუნებრივი რესურსები, გარემო… ყველა კომპონეტი ხელს გვიწყობს, რომ ჩავებათ მსოფლიო კინო ინდუსტრიაში. და, რაც მთავარია, ახალგაზრდებს მივცეთ განათლების გრძელვადიანი საშუალება. ქართულ-ფრანგული კინოსკოლა ჩემი ოჯახის პროექტია, მე მარკეტინგული კუთხით ვიღებ მონაწილეობას. ჩვენი პარტნიორები მხოლოდ უცხოელები არიან, ამიტომ, ამ ეტაპზე, ამ თემაზე უფრო ვრცლად საუბარი მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა ვერ იქნება. თუმცა ერთს დავამატებ: ძალიან კარგად მივდივართ!
თქვენი საქმიანობა მედია კომუნიკაციაში ასევე განათლების გარშემო ტრიალებს…
საქართველოში მოსახლეობის 80% ინფორმაციას ტელევიზიიდან იღებს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე გავლენიან მედია საშუალებას ისევ ტელევიზიები წარმოადგენს. მედიას აქვს უდიდესი გავლენა ხალხზე. დღევანდელ პოლიტიზირებულ გარემოში, სადაც ტელევიზიების დიდი ნაწილი სარეკლამო ბაზარზეა დამოკიდებული, ჩემი მიზანი იყო შემექმნა შემეცნებითი გადაცემა, რომელიც აზრის არა თუ ფორმირებას, არამედ სწორი აზროვნების საშუალებას მისცემდა მაყურებელს. გადაცემის კონცეპტიდან გამომდინარე, მაყურებელს ვაწვდით კულტურულ-შემეცნებით ინფორმაციას მხოლოდ ანალიზზე დაყრდნობით.
ისტორიულმა წარსულმა საზოგადოებას დაუკარგა სათქმელისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვის ფუფუნება. როგორ უნდა დავიბრუნოთ ეს სილაღე და როგორია ამაში ხელოვნების როლი?
ხელოვნება ზოგადად სულიერი საკვებია. კრეატიული გარემო, სწორედ თავისუფლების მთავარი საწყისია. თვითგამოხატვის საშუალება: მუსიკა, კინო, მხატვრობა, თანამედროვე ხელოვნება, ქუჩის მხატვრობა… ეს ყველაფერი იდეების აფეთქებას გავს, რომლებიც გვიყვებიან სიყვარულზე, სიცოცხლეზე, წუხილზე, სიხარულზე, სოციალურ პრობლემებზე… ხელოვნება დემოკრატიული სივრცეა, სადაც ყველას აქვს მსჯელობის, აზროვნებისა და შეფასების საშუალება ჩარჩოების გარეშე. პოლიტიკური ნების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ, შემოქმედებითი გარემოს შექმნა.
ისევ თავისუფლებაზე – თუ ვკარგავთ, როგორ დავიბრუნოთ ის და შემდგომში როგორ აღარ გავუშვათ ჩვენი ცნობიერებიდან?
თავისუფლება პიროვნულ ძალას საჭიროებს. პასუხისმგებლობა, არჩევანი, წინააღმდეგობების გადალახვა და გამბედაობა გვჭირდება ყოველდღიურად იმისთვის, რომ პიროვნული თავისუფლება შევინარჩუნოთ. თავისუფლებაში პოულობს ადამიანი საკუთარ თავს. ეს ფენომენი არ ისწავლება – ბუნებრივი მოთხოვნილებაა ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის. ვერც სიყვარულს ვერ მივიღებთ შინაგანი თავისუფლების გარეშე… სჯობს იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, ვიდრე დათრგუნულმა გაატარო არსებობა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ არ ვართ თავისუფლები და ნებისმიერმა ჩვენგანმა, ჩვენივე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით უნდა ვეცადოთ, რომ წვლილი შევიტანოთ ქვეყნის გაერთიანებაში.
აღარ ვკითხე – თვლით თუ არა, რომ კინოხელოვნება მართლაც ათავისუფლებს ადამიანს? პასუხი ცხადზე ცხადი იქნებოდა; აი როგორ შეიძლება იქცეს კინოსკოლა ახალგაზრდა თაობის ზოგადი ცნობიერების ამაღლების საფუძველი და შემდგომში უკვე პიროვნული თავისუფლების – ამაზე კიდევ ბევრი აქვს სათქმელი, ისევე როგორც თავისუფლებაზე, თუმცა ალბათ ცოტა განსხვავებულ ფორმატში, რაც მისი ფიქრების რეალობად ქცევას გულისხმობს.