ავტორი: მაკა ცხვედიანი
ფოტო: ანა ბოკო
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის მოდის კვირეულზე დიზაინერი მარიამ გვასალია სამედიცინო თემატიკით წარდგა. საღამოსა და კოქტეილის კაბებზე დატანილი რენტგენისა და კარდიოგრამის სურათები, ძვლები, ექიმების მთავარი ატრიბუტები– ეს ელემენტები ერწყმოდა დიზაინერის დამახასიათებელ ფერად და სახასიათო ხელწერას. დღეს, როცა მოდის სამყაროში რთულია რამეს ახალი დაარქვა, მარიამის ქსოვილების პრინტი ერთხმად შეფასდა როგორც ახალი და მოულოდნელი.
წარმატებული ჩვენების ინსპირაცია სულ სხვა მოულოდნელობა გახდა, რომელმაც წელიწად–ნახევრის წინ მარიამი მთავარი გამოწვევის წინაშე დააყენა. დიზაინერმა მძიმე დაავადება დაამარცხა და მოდის სამყაროში მისი შთამბეჭდავი დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის მიმართ სიყვარულის ცრემლებამდე ემოციური გამხელა.
ჩაცმა ყოველთვის გაინტერესებდათ?
დიახ, ტანსაცმელი ბავშვობიდან მაინტერესებდა, სულ მინდოდა რაღაც განსხვავებული მომერგო. დედაჩემი ცდილობდა ასაკისა და სკოლის შესაბამისად მცმოდა, რომ ძალიან ამოვარდნილი არ ვყოფილიყავი. სტანდარტული ჩაცმულობა არც ახლა მიყვარს. სამსახურშიც ყოველდღიურად ფერადი და განსხვავებული ტანსაცმელი მაცვია.
როგორ ფიქრობთ, ტანსაცმელი ადამიანის ხასიათის გაგრძელება და თვითგამოხატვის ფორმაა?
ზოგისთვის უპირობოდ ასეა. ადამიანი, როგორც წესი, თავის ხასიათსა და განწყობას გარკვეულ დონეზე მაინც გამოხატავს ჩაცმით. ზოგი– მეტიც, პირდაპირ აჩვენებს საკუთარ ხასიათს და სამყაროს მიმართ დამოკიდებულებას სამოსით. დიზაინერები, მით უმეტეს. თუ ადამიანი ძალიან ფერად ტანსაცმელს ქმნის, ვერ წარმომიდგენია, რომ ის მხიარული და კონტაქტური არ იყოს, ბუნება არ უყვარდეს.
თქვენ როგორ ადამიანად გახასიათებთ თქვენი შექმნილი სამოსი?
ალბათ, ჩანს, რომ მხიარული ვარ, ლაღი, მარტივად შემიძლია ყველა პრობლემის გადალახვა. კიდევ ჩემს ბავშვურობასაც ასახავს, ალბათ. დღემდე მიხარია ჩემს შვილთან ერთად მულტფილმების ყურებაც, საქანელაც და სასრიალოებიც. რაც ფერადია, ყველაფერი მომწონს, მერე ეს ფერები ტანსაცმელზე გადამაქვს.
შთაგონება საიდან მოდის?
ყველაფერი, რასაც ვხედავთ და განვიცდით, ჩვენს გონებაში ილექება და შემდეგ იმაზე აისახება, რასაც ვაკეთებთ. ბოლო კოლექციაც იმის შეჯამება იყო, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვნახე: ექიმი, რენტგენი, სამედიცინო ხელსაწყოები, ანალიზის პასუხები, სინჯარები, კოლბები…
არის ხელოვნება ამ ნანახისა და განცდილისგან გათავისუფლების საშუალება?
კი, არის. ცუდად რომ ვიყავი, ორი კვირის გარდა, თითქმის არ იყო დღე, რომ საქმეს მოვწყვეტოდი. წელიწად–ნახევრის განმავლობაში თურქეთში ვმკურნალობდი და იქაც სულ ვმუშაობდი. ძალიან ვეცადე მნიშვნელოვნად არ დატყობოდა ჩემი ცუდად ყოფნა საქმეს. როცა იმას აკეთებ, რაც ძალიან გიყვარს, ეს გეხმარება უფრო იოლად გადაიტანო ნებისმიერი სირთულე.
გეშინოდათ?
არცერთ ეტაპზე არ მქონია განცდა, რომ ყველაფერი დამთავრდა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ დროში გაიწელებოდა მკურნალობის პროცესი. განსაკუთრებით რთული თურქეთში პირველი ჩასვლა იყო. არ ვიცოდი, რომ დარჩენა მომიწევდა და აღმოჩნდა, რომ თვე–ნახევრით მტოვებდნენ. იმედი წამითაც არ დამიკარგავს, პირიქით, მჯეროდა, რომ ამ რთულ ეტაპს კარგი ამბები მოჰყვებოდა.
შეგცვალათ იმან, რაც გადაიტანეთ?
აი, თავიდან მეგონა, რომ რაღაცები გადააფასა. ვფიქრობდი საკუთარ თავს უფრო დიდ დროს დავუთმობდი, ვიდრე საქმეს, ჯანმრთელობაზე უფრო ვიზრუნებდი, მაგრამ ახლა, რაც თბილისში დავბრუნდი და კარგად ვარ, ისევ დამავიწყდა, რომ მეტ დასვენებასა და სიმშვიდეს ვგეგმავდი.
როგორ ფიქრობთ, განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს?
მკურნალობის გარდა, ვთვლი, რომ სამოცი–სამოცდაათი პროცენტი შენზეა დამოკიდებული, როგორ წავა მკურნალობის პროცესი, მარტო შენ ვერ მართავ, მაგრამ ვერც მარტო ექიმი და მედიცინა მართავს შენს ორგანიზმსა და გონებას. რაღაცნაირად უცებ უნდა მიხვდე, რომ მზად ხარ ამ ყველაფრისთვის– გადალახავ და ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი ექიმიც ამბობდა, რომ განწყობა ძალიან ბევრს წყვეტს. როცა მკურნალობას იწყებ, უნდა იცოდე, რომ ლეიკემია ამ ეპოქაში განკურნებადია და ტირილს და მოთქმას ჯობია მობილიზდე. მე, პირიქით, ბევრჯერ მიფიქრია, კარგია, რომ ეს მე დამემართა და არა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს–მეთქი, იმიტომ, რომ მათ შეიძლებოდა უფრო გასჭირვებოდათ გადატანა. მე ჩემი ოპტიმიზმი მშველის. როცა ასეთი ხასიათი გაქვს, ბევრად იოლად ერევი რაღაცებს.
საქმეში წარმატებას რა განსაზღვრავს?
უმნიშვნელოვანესია, როცა საქმე ძალიან გიყვარს. ბევრი მუშაობს, ძალ–ღონეს არ ზოგავს, მაგრამ არ უყვარს ის, რასაც აკეთებს. მე ჩემს საქმეს მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით არ ვუყურებ. ეს ყველაფერი თვითონ მომწონს და ძალიან მსიამოვნებს, როცა ვინმეს ჩემი შექმნილი სამოსი აცვია.
როგორ ფიქრობთ, რა ტიპია ადამიანებს მოსწონთ თქვენი ტანსაცმელი ყველაზე მეტად?
რაღაცებს ისეთსაც ვქმნი, რაც ნეიტრალურია, მაგრამ მთლიანობაში, ალბათ, ლაღ, თავისუფალ და სიცოცხლით სავსე ადამიანებს მოსწონთ ჩემი კოლექციები.
რას ნიშნავს თქვენთვის წარმატებული ქალი?
როცა სხვებს აინტერესებთ ის, რასაც აკეთებ, ითვლება, რომ წარმატებული ადამიანი ხარ, მაგრამ პირადად ჩემთვის წარმატებაა– გქონდეს შენი საქმე და ამ საქმის გარეთ ახერხებდე გართობასაც და ოჯახთან ურთიერთობასაც. როცა საკუთარი ბიზნესი გაქვს, უკვე წარმატებულად გთვლიან, თუმცა მე კომერციულ განვითარებაზე მეტად ის მაინტერესებს, საკუთარი კოლექციებით საქართველოს სახელი საზღარგარეთ, მსოფლიო მოდის სამყაროში გავიტანო.
ვინაა თქვენი მთავარი მოტივატორი?
ოჯახის წევრები, რომლებიც სულ ჩემს გვერდით არიან. ორი ძმა და ერთი და მყავს. ჩემი 8 წლის შვილი, თამუნა. ყველაზე მეტად მათი აზრი მაინტერესებს ხოლმე. ჩვენების ბოლოს ვინც არ უნდა მოვიდეს და მომილოცოს, თვალებით სულ ოჯახის წევრებს ვეძებ.
გამორჩეულად საყვარელი ფერები თუ გაქვთ?
ყველა ნათელი ფერი მომწონს, თუმცა არის პერიოდები, როცა რომელიმე კონკრეტულ ფერს ამოვიჩემებ ხოლმე და ეს არაა მოდის ტენდენციებზე დამოკიდებული. ვგიჟდები მწვანე ფერზე, რომელიც ბუნების, სოფლის ასოციაციებს იწვევს ჩემში.
ურბანული გარემო გიყვართ?
კი, ბუნებისა და სიმშვიდის პარალელურად, ქალაქიც ძალიან მიყვარს თავისი ხმაურით, ტემპით. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ თანამედროვეობის ყველა ელემენტი მომწონს. მაგალითად, სიგიჟემდე მინდა წერილები ისევ ფოსტალიონს დაჰქონდეს. მე და ბებია დღესაც ვუგზავნით ერთმანეთს ხელნაწერ ღია ბარათებს. თურქეთშიც მიგზავნიდა და ძალიან ემოციური იყო.
რა იყო ბოლო კოლექციის მთავარი გზავნილი?
მუშაობა ჩემთვის უჩვეულო სადა და დამჯდარი ფერებით დავიწყე, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ პრაქტიკულად ყველა ნათელი ფერი დაემატა კოლექციას. ეს ბუნებრივიც იყო: რეალურად, მომხდარს ჩემთვის ისეთი დაღი არ დაუსვამს, რომ ამას განწყობა და აღქმა გაემუქებინა. თუმცა ემოციური ჩვენება იყო, ბევრმა მითხრა, ვტიროდიო; შენს ისტორიას მოჰყევი ამ კოლექციითო. თუ ყველაფერი კარგად მთავრდება, სამყარო ისევ ფერადი და მხიარული ხდება. კარგად დასრულებულ ამბავზეა ეს კოლექციაც.
როგორ რეზონანსს ელით?
გულწრფელად რომ გითხრათ, დიდი მოლოდინი მაქვს. ჩემი ჩვენებები უცხოურ პრესაში ხშირად ფასდებოდა ხოლმე როგორც განსხვავებული, ინდივიდუალური.
მგონია, რომ ეს კოლექცია ყველაზე უჩვეულოა, რაც შეიძლებოდა შემექმნა.