მალალა იუსაფზაი ბრიტანული ვოგის გარეკანზე გამოჩნდება

ოცდასამი წლის აქტივისტი და ქალთა უფლებათა დამცველი, მალალა იუსაფზაი, ბრიტანული ვოგის ივლისის ნომრის გარეკანზე გამოჩნდება.

პაკისტანელმა გოგონამ პირველად თხუთმეტი წლის ასაკში მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება, როდესაც სწავლის უფლებისთვის ბრძოლის გამო თალიბანის რეჟიმმა მისი მოკვლა სცადა. მალალას ცხოვრება სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ შეიცვალა. ის ჩვიდმეტი წლის ასაკში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგზარდა ლაურეატი გახდა.

Nick Knight/British Vogue

ჟურნალის გარეკანზე მალალა ტრადიციული მუსლიმური სამოსით, წითელი კაბითა და თავსაბურავით, გამოჩნდება. ბრიტანულ ვოგთან ინტერვიუში ახალგაზრდა აქტივისტმა აღნიშნა, რომ თავსაბურავი აღმოსავლეთ ირანული ეთნიკური ჯგუფის – პუშტუნების – კულტურული სიმბოლოა. 

„ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ მუსლიმ, პუშტუნ ან პაკისტანელ გოგონებს დაჩაგრულ, ხმადაკარგულ ან პატრიარქატს დამორჩილებულ მსხვერპლებად აღგვიქვამენ. მე კი მინდა ყველას ვუთხრა, რომ ხმის ამოღებისა და თანასწორობის უფლება საკუთარი კულტურის ფარგლებშივე შეიძლება გქონდეს“.

მალალამ ვოგთან ინტერვიუში სტუდენტური ცხოვრების გამოცდილებაზე, თანამედროვე აქტივიზმის პრობლემებსა და საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პაკისტანელი აქტივისტი დღემდე აქტიურად აგრძელებს ბავშვთა უფლებების დაცვას, ქალთა განათლების ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლას და შთააგონეს ახალგაზრდებს, რომ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნსა და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო.