ავტორი: ქეთა ბაღაშვილი
ამერიკის ცივ ნაწილში ცხოვრებისას, პალმებით გარშემორტყმული თეთრსანაპიროიანი შტატის არსებობა კიდევ უფრო წარმოუდგენელი გახდა. წარმოუდგენელი გახდა ისიც, რომ გაუსაძლისი სიცივის შეგრძნებას ცხელ სანაპიროზე მიღებულ რუჯამდე სულ რამდენიმე საათიანი ფრენა აშორებს.
ნიუ-იორკიდან აფრენილი თვითმფრინავი 3 საათში ზღაპრულ მაიამიში ეშვება. მაიამის იმედების გაცრუება არ უყვარს, ყველაფერი ზუსტად ისეთი არარეალურია, როგორც ფოტოებში. თეთრქვიშიანი, გრძელი სანაპირო ზოლი, გამჭვირვალე ოკეანე, მეტისმეტად ცისფერი და უღრუბლო ცა და ბევრი სიმწვანე.
ფოკუსს დანახულიდან მოსმენილზეც თუ გადავიტანთ, უფრო ფართოდ შევძლებთ დანახულის აღქმას. მაიამი ძალიან საინტერესო კულტურულ მიქსს და მისთვის შესაფერის მუსიკას, საინსტაგრამე სტენსილებს და ურბანულ სანაპიროებს გვთავაზობს.
ჩასულები, პირველ რიგში, აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ამერიკის ამ ნაწილში დომინანტი ენა ესპანურია, თუმცა აქაურობა ნიუ-იორკული ესპანური სამეზობლოსგან, კორონასგან განსხვავებით, სადაც მაღაზიების ვიტრინებში ესპანური სტილის სამოსი და ტროტუარებზე დომინოს ხმამაღლა მოლაპარაკე მოთამაშეები არიან, ხოლო ბოსტნეულის დახლებიდან ესპანური სალსას ნოტები ისმის, ბევრად მეტს წააწყდებით. შეგხვდებიან ადამიანები, რომლებიც საუბარს ესპანურად იწყებენ და ადამიანები, რომლებიც ისე ამთავრებენ წინადადებას, რომ ერთ ინგლისურ სიტყვასაც არ გეტყვიან. ზოგიერთ მაღაზიაში გამყიდველი ფასსაც კი ესპანურად გეტყვით (გიპასუხებთ) და მოთმინებით დაელოდება, როდის გადაიხდით თქვენთვის გაუგებარ თანხას.
კიდევ ერთი, რაც აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის კონტრასტულობაა. უზარმაზარი ვილების წინ, ერთი ბოთლი წყლის ამარა დარჩენილ, მზისგან მეტისმეტად გარუჯულ უსახლკარო ადამიანებს შეიძლება შეხვდეთ. აქ ისინი, ვისაც ყველაფერი აქვთ და ისინი, ვისაც არაფერი – გვერდიგვერდ ცხოვრობენ. თუმცა, საინტერესოა, რომ მაიამიში, წელიწადში ორჯერ, იანვარში და აგვისტოში უსახლკაროების აღწერა ტარდება, რათა, როგორც ამბობენ, გაიგონ საიდან მოდის პრობლემა და მისი გადაჭრა შეძლონ. სწორედ ამიტომ, თუ 90-იან და 2000-იან წლებში უსახლკარო ადამიანების რაოდენობა მაიამის ქუჩებში 6000-ს აღწევდა, ბოლო წლებში იგი 1000-ს ჩამოსცდა.
თუ თქვენ, როგორც ამერიკელი მოგზაურები იტყოდნენ, Budget friendly (ბიუჯეტური) მოგზაურობის მომხრე ხართ და თანხის დახარჯვას ძვირადღირებულ სასტუმროში ახალი გამოცდილების შეძენა გირჩევნიათ და თუ მოგზაურობა თქვენთვისაც, პირველ რიგში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ახალი კავშირების გაჩენას ნიშნავს, არჩევანი აუცილებლად Freehand Miami-ზე უნდა შეაჩეროთ.
Freehand Miami – ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და საინტერესო ადგილია, სადაც ღამის გათენებას შეძლებთ. ის ისტორიულ, არტ-დეკო შენობაში მდებარე Indian Creek Hotel-ის რეინვენციაა და სანაპიროდან სულ რაღაც ერთი ბლოკის დაშორებით მდებარეობს, დამსვენებლებს სთავაზობს როგორც private, ასევე shared- საძინებლებს. საღამოობით, შებინდებულზე, როცა ბარი მუშაობას იწყებს, ტურისტები ეზოში, აუზის გარშემო იკრიბებიან, საუბრობენ, ეცნობიან ერთმანეთს და თავის ქვეყნებზე უყვებიან. საინტერესოა, რომ კოქტეილ ბარმა, რომელიც Freehand Miami-ის ეზოში მდებარეობს, სახელად Broken Shaker, საუკეთესო ამერიკული სასტუმრო-ბარის ჯილდოც კი მოიპოვა. ამიტომ ის მაიამიში გადამალულ აუცილებლად სანახავ ადგილადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ.
South Beach
მაიამი ბიჩიდან რამდენიმე მილში მდებარეობს და ყველაზე პოპულარული ადგილია დამსვენებლებისთვის. Ocean Drive-ი და Lincon Road-ი სავსეა ღია კაფეებით და პლაჟიდან დაბრუნებული მიმზიდველი ახალგაზრდებით. სანაპიროზე სეირნობისას, ცისფერ ფერში ჩაყლაპული ჰორიზონტის ცქერის, იქვე განლაგებული მაღაზიების, რესტორნების, სასტუმროების, ბარებისა და კლუბების დათვალიერების შემდეგ, დრო დგება მაიამის საშუალება მივცეთ, უფრო მეტი ფერი დაგვანახოს.
Wynwood
მაიამის თავისი ბრუკლინი აქვს, უფრო კონკრეტულად, ვაინვუდი. ბრუკლინის ახალგაზრდულ სამეზობლოს, ბუშვიკს წააგავს, სადაც უამრავ არტისტს, ფერად კედლებს და კლუბებს წააწყდებით. ვაინვუდში ყოველ პარასკევს-კვირის ჩათვლით ადგილობრივი არტისტები საკუთარ ნამუშევრებს გამოფენენ და ყიდიან.
Little Havana
მაიამის ყველაზე ფერადი, კუბური ნაწილია და მის რიტმს “კალიო ოჩოს” ქუჩის მოედნის ცენტრთან მიახლოებისთანავე იგრძნობთ. ქუჩა სავსეა კუბური განწყობებით, რესტორნებით, მაღაზიებითა და ფრესკებით. რაც უფრო ღრმად შედიხართ “ლითელ ჰავანას” სამეზობლოში, მით უფრო მეტად იტვირთება ქუჩები კუბური ხასიათითა და სიმსუბუქით. “ლითელ ჰავანაში” შეხვდებით ლოს-ანჯელესის “ვოლქ ოფ ფეიმის”კუბურ ვერსიას, სადაც ვარსკვლავებზე გამოსახულ იმ ადამიანთა სახელებს წაიკითხავთ, რომლებსაც კუბური კულტურის ჩამოყალიბებაში მიუძღვით წვლილი.
სამეზობლოში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი Máximo Gómez Park-ია, რომელსაც დომინოს სკვერადაც იცნობენ. პარკში პატარა მაგიდები ერთმანეთის მიყოლებითაა ჩამწკრივებული, რომლებსაც გარშემო მოხუცი კაცები უსხედან; ცხელი დღის მოსაწყენი საათები დომინოს თამაშში, წარსულზე ლაპარაკში და კუბური მოგონებების გახსენებაში გაჰყავთ.
BAL HARBOUR
ატლანტის ოკეანის ფონზე ბალ ჰარბორის მდიდრულ რეზორტებსა და ბრწყინვალე კონდომის კოშკებს გადააწყდებით. “ბალ ჰარბორი” “მაიამი ბიჩის” ჩრდილოეთით მდებარე, ექსკლუზიურად მშვიდი სანაპიროა მაიამიში. იგი ცნობილია, როგორც განსატვირთი ადგილი მდიდარი ადამიანებისთვის, უამრავი მაღაზიით, ელეგანტური სასტუმროებითა და 5 ვარსკვლავიანი რესტორნებით.
მაიამის სამეზობლოები ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც მდიდრულ ვილებში და ქუჩაში მცხოვრები მაიამელები, თუმცა მაიამი არც ერთ მათგანს არ უცრუებს იმედს. ცა ყოველ დილით ისევ მეტისმეტად ცისფერია, ოკეანე გამჭვირვალე, პალმები კი – მწვანე.