ლიბიაში გემის ჩაძირვის შედეგად ათობით მიგრანტი დაიღუპა

photo – Dorian Mongel

ლიბიის სანაპიროსთან საზღვაო კატასტროფა მოხდა. ევროპისკენ მიმავალი გემის ჩაძირვის შედეგად, სულ ცოტა, 45 მიგრანტი და ლტოლვილი, მათ შორის, 5 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას გაეროს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

შემთხვევა ზუარას სანაპიროსთან, ლიბიის რეგიონში მოხდა, როდესაც მოულოდნელად ძრავა წყობიდან გამოვიდა და აფეთქდა. ამ დროისთვის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ცნობით, გემზე 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მედიას კი კატასტროფის შესახებ 37-მა გადარჩენილმა შეატყობინა, რომლებიც ადგილობრივმა მეთევზეებმა იხსნეს სიკვდილისგან.

ამჟამად UNHCR და მიგრანტთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ერთობლივი ძალებით აწარმოებენ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს დაკარგული მიგრანტების გადასარჩენად. აღსანიშნავია, რომ გადარჩენილები, ძირითადად, სენეგალიდან, მალიდან, ჩადიდან და განადან არიან. ისინი ლიბიის საზღვრების გადაკვეთის შემდეგ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს ყოფილი მმართველის, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობისა და მკვლელობის შემდეგ, ლიბია ძირითადი სატრანზიტო ქვეყანა გახდა მიგრანტებისთვის. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ლიბიიდან ევროპის საზღვრის უკანონოდ გადალახვის მცდელობისას. მიგრანტების ევროპაში გაქცევის ძირითადი მიზეზი კი ლიბიაში შეიარაღებული ძალების მიერ მათზე ძალადობა, ფულის გამოძალვის მცდელობა და ტრეფიკინგია.