“ლანჩხუთის” ბომბარდირი, რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი უკვე დატოვა | ინტერვიუ ხატია ჭყონიასთან

19 ნოემბერი ქართული ფეხბურთისთვის უმნიშნელოვანესი დღე აღმოჩნდა. ქალთა გუნდი “ლანჩხუთი” ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში მოხვდა. ძლიერი მეტოქე ნაკრებმა ხატია ჭყონიას გოლით, ანგარიშით 0:1 დაამარცხა.

Forbes Woman Georgia გთავაზობთ ინტერვიუს “ლანჩხუთის” მომბარდირთან, რომელიც მოგვიყვება, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული წარმატების მოპოვება და როგორია გუნდის შემართება სამომავლოდ.

საქართველოს საფეხბურთო ისტორიის უახლესი თავი „ლანჩხუთის“ გუნდმა საკუთარი ოფლით დაწერეთ, რა შეგრძნებები ახლდა თან ამ გამარჯვებას?

იმის გააზრება, რომ საქართველოს სპორტის ისტორია ჩვენი პატარა გუნდის დახმარებითაც დაიწერა, უდიდესი ბედნიერებაა. რომ არა ჩვენი ერთიანობა და შეკრულობა, ამდენს ნამდვილად ვერ მივაღწევდით და ვერც მე გავხდებოდი ბომბარდირი. ცხადია, ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. რაც შეეხება ემოციებს, ჯერ კიდევ არ ვართ პირველი შოკიდან გამოსულები, ეს საოცარი შეგძნებაა.

„ლანჩხუთი“ არა მხოლოდ პირველი ქალთა ქართული საფეხბურთო გუნდი, არამედ,ზოგადად, ისტორიაში პირველი ქართული გუნდია უმაღლესი დონის საფეხბურთო ტურნირზე. თავად როგორ შეაფასებდი ამ მოვლენას?

ვფიქრობ, ეს არ არის უბრალო შემთვევა ან უბრალოდ დამთხვევა. გურიაში ფეხბურთი უყვართ და ეს სიყვარული გამოიხატება არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ გულშემატკივართა მხრიდანაც – ისინი დიდ როლს თამაშობენ ჩვენს გაძლიერებაში.

მომდევნო თამაშები 8-9 და 15-16 დეკემბერს ჩაინიშნა. როგორ ემზადება გუნდი მომავალი ბრძოლებისთვის?

„ლანჩხუთი“ თამაშებისთვის მზადებას პირველი დეკემბრიდან დაიწყებს, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი ჯერ სანაკრებო შეკრებაზეა. ახალი წარმატებების მისაღწევად გუნდში მოტივაცია სულ უფრო მეტად იზრდება. მიღწეულმა შედეგებმა გაცილებით დიდი იმედი და რწმენა ჩაგვისახა. ასევე, უსაზღვროდ მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრების როლი ჩვენს შემართებაში. მადლიერები ვართ, რომ გველიან და სჯერათ ჩვენი.

გვიამბე, რა ბარიერები იყო აღმართული თქვენს წინ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?

ჩვენ ბევრი რთული წინააღმდეგობა გადავლახეთ, განსაკუთრებით, ჩემამდე მყოფმა ფეხბურთელებმა. ისინი ყოველდღე, ცუდი პირობების მიუხედავად (მოუწესრიგებელი მოედანი, სავარჯიშო ფორმებისა და გათბობის უქონლობა) დაუღალავად ვარჯიშობდნენ და დღემდე ერთად ვვარჯიშობთ.

აქვე მინდა აღვნიშნო მწვრთნელების დამოკიდებულება ჩვენდამი – ისინი მაქსიმალურად ხელს გვიწყობენ და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ჩვენ, უპირველესად, შეთანხმებულობითა და ერთიანობით მივაღწიეთ ამ შედეგს. უფრო მეტიც შეგვეძლება, უბრალოდ, ოდნავ მეტ ყურადღებას ვითხოვთ, რადგან ვიცით, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია. გვჯერა, რომ მალე ყველაფერი უკეთესად იქნება.

ხატია, შენ, ასევე, ქალთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი გახდი 2019 წელს. შენვე გეკუთვნის რეკორდი ქართულ ფეხბურთში – მეტოქესთან გატანილი 15 გოლით. მოგვიყევი, საიდან დაიწყო შენი დაინტერესება სპორტით და როგორი იყო გზა წარმატებისკენ.

დავიწყებ იქედან, რომ ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ვფიქრობ, დაბადებიდანვე მომყვება ფეხბურთისადმი სიყვარული და ინტერესი. პატარაობიდანვე ბიჭებთან ვთამაშობდი და ვვარჯიშობდი. წარმოდგენა არ მქონდა ქალთა ფეხბურზე. არც კი ვიცოდი, ასეთი რამ თუ არსებებდა საერთოდ, მაგრამ ქობულეთის სპორტსკოლის დირექტორმა, ზურა კაიძემ, ჩამოაყალიბა ქალთა გუნდი ქობულეთში და ამის შემდეგ უფრო მონდომებული ვიყავი, რათა დიდი წარმატებისთვის მიმეღწია.

რა თქმა უნდა, წარმატებამდე ძალიან გრძელი და რთული გზა გამოვიარე, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მე არ ვნებდებოდი და, ვფიქრობ, საქართველოსთვის მოტანილი წარმატება ამად ნამდვილად ღირდა.

გარდა ამისა, წარსულში 10 წელი ვთამაშობდი თურქეთის გუნდში. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ბომბარდირი და ევროპის ლიგაზე ასპარეზობა ჩემთვის განსაკუთრებით დიდი პატივია. ახლა კიდევ უფრო მეტი მინდა გავაკეთო ჩემს კარიერაში, მიზნებიც ბევრი მაქვს და კარგად მესმის, რომ მათ მიღწევას უფრო მეტი შრომაც დასჭირდება. ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მინდა, ისევ დავრჩე ამ სფეროში და კარიერა, როგორც მწვრთნელმა, ისე გავაგრძელო.