კანადა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას ნივთებს აკრძალავს

კანადა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას ნივთების აკრძალვას გეგმავს. პირველ ეტაპზე აკრძალვა ერთჯერად პარკებს, საწრუპ ჩხირებს, პლასტმასის კონტეინერებსა და მსგავს ნივთებს შეეხება. კანადის მთავრობის ეს ინიციატივა, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნივთების სრულიად აღმოფხვრას ემსახურება.

Photo: iStock

კანადის მთავრობის ცნობებით, ქვეყანაში ყოველ წელს სამ მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასას ნარჩენი გროვდება, საიდანაც მხოლოდ 9% გადამუშავდება. ეს ნარჩენები მნიშვნელოვნად აზიანებს გარემოს, შესაბამისად, მთავრობის ინიციატივით, უნდა მოხდეს ერთჯერადი პლასტმასას ნივთების მათივე მრავალჯერადი ალტერნატივებით ეტაპობრივად ჩანაცვლება.

გეგმის ფარგლებში, კანადის მთავრობა პლასტმასას საგნების წარმოების ახალ სტანდარტებს შეიმუშავებს, რაც უშუალოდ გადამუშავებული რესურსებისგან წარმოებასა და პლასტმასას მინიმალურ გამოყენებას მოიცავს.

პანდემიისგან შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კანადის მთავრობამ აკრძალული ნივთების სიაში არ შეიტანა ვირუსისგან დამცავი ერთჯერადი საშუალებები, რაც მოსახლეობისათვის ყოველდღიურ აუცილებლობას წარმოადგენს.

კანადის გარემოს დაცვის მინისტრის, ჯონათან ვილკინსონის, განცხადებით, პლასტმასის ნარჩენებისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები თითოეული საზოგადოების წევრისათვის ნათელია და დროულად უნდა მოხდეს რეაგირება.

კანადა 2030 წლისათვის ნულოვანი პლასტმასას ნარჩენების შედეგის მიღწევას გეგმავს და 2021 წლის ინიციატივა ამ გეგმის მხოლოდ ცალკეული ეტაპია.