ისტორიული წრებრუნვა – საქართველო და რუსეთი

ავტორი: ნინი თურქია

საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს თანამედროვე ისტორიას მუდმივად რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებები სდევს თან და, დიდძალი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ახერხებს ამ დაღისგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერი ორი საუკუნის წინ დაიწყო. მაშინ, როდესაც ჩრდილოელმა მეზობელმა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებული შეთანხმება დაარღვია და 1801 წელს საქართველოს ანექსია მოახდინა.

ეს იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა იმპერიის პერიფერიად იქცა და დაკარგა საკუთარი იდენტობის შეგრძნება. გახდა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მსხვერპლი და ხსნასაც სწორედ მისგან ელოდა. ქართველი ხალხი ნელნელა კარგავდა საკუთარ მეობას, ეროვნული თვითშეგნება ქვეითდებოდა და ქვეყანა უფრო და უფრო მეტად სცილდებოდა მსოფლიოს ინტელექტუალური განვითარების ცენტრსდასავლეთს.

1832 წლიდან საქართველოში გამოიღვიძა თვითშეგნებისა და თვითგამორკვევისაკენ მისწრაფებამ. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წყურვილმა და იდეამ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. ეს იდეა არ იყო მხოლოდ ერთჯერადი იმპულსური წარმონაქმნი, არამედ წარმოადგენდა ბაზისს შემდგომი პოლიტიკური თუ სოციალური იდეების განვითარებისათვის.

დასავლეთ ევროპისგან ინსპირირებულმა, ლიბერალურგანმათავისუფლებელმა მოძრაობამ ქართულ ცნობიერში შემოაღწია და ერის გათავისუფლებისთვის ბრძოლას ჩაუყარა საფუძველი. ამ პერიოდის ქართული საზოგადოების მეტამორფოზა ისეთივე ფუნდამენტური და ძლიერი იყო, როგორიც იმდროინდელი პოლიტიკური რევოლუციები დასავლეთ ევროპაში.

ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოაზროვნეები 100 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, გამოეკვლიათ ის სახელიმწიფოებრივი საფუძვლები, რომელსაც მოკლებული იყო დაჩაჩანაკებული და გაბეჩავებული საქართველო. ისინი იბრძოდნენ ეროვნული იდენტობის აღორძინებისა და ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებისათვის. ამზადებდნენ იმ ნიადაგს, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა ისეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაფუძნება, რომელიც არ იქნებოდა დროს ჩამორჩენილი და თავისუფლად შეძლებდა განვითარებული დასავლეთის ფერხულს შებმოდა.

მოაზროვნეები რამდენიმე ძირითად პრინციპს გამოყოფდნენ, რომელთა არსებობაზე იქნებოდა შესაძლებელი დამოუკიდებელი საქართველოს დაარსება. ესენი იყო: ეროვნული თვითგამოღვიძება, რუსეთის თვითმპყრობელობისგან თავის დაღწევა, ქვეყნის კეთილდღეობა და ძალით ჩამოშორებულ ევროპასთან დაახლოება. ამის განხორციელებისათვის კი აუცილებლად მიაჩნდათ ძლიერი სოციალური და პოლიტიკური, ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბება, საზოგადოებაში განათლების დონის ამაღლება და იმ ღირებულებების საზოგადოებრივ ცნობიერში ინტეგრირება, რომელზეც დაფუძნებული იყო დასავლეთის განვითარებული ქვეყნების იდენტობა.

მაშინ, როდესაც საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი როლი ითამაშეს ისეთმა მოაზროვნეებმა, როგორებიც იყვნენ: სოლომონ დოდაშვილი, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და კიდევ ბევრი სხვაყველაზე მეტად თანამედროვეობას ნიკო ნიკოლაძის, ნოე მანიშვილისა და ნოე ჟორდანიას იდეები ესადაგება.

ნიკო ნიკოლაძე ტექნოკრატიის ქომაგად გვევლინება. იგი ქვეყნის განვითარების მომავალს ტექნოლოგიებსა და მეცნიერებაში ხედავდა.

„…რაც მტრის რიცხვს ჩვენთვის ოცი საუკუნის განმავლობაში ვერ დაეკლო, ის ოცი წლის განმავლობაში მტრის დაწინაურებამ წაგვართვა: მაშინ უცხოეთის წინ დაიჩოქა ჩვენმა გონებამ, რაკი სცნო, რომ უცხოეთი ჩვენზე უფრო ოსტატი, უფრო მეცნიერი, უფრო გონიერი ყოფილა. რაკი ჩვენ რწმენა დავკარგეთ ჩვენს თავზე და გონებაზე, რაკი ჩვენს საკუთარ გულში ბრმად და ხეპრად ვიცანით თავი, რაკი ის მორალური ძალა ხელიდამ გაგვიცურდა, რომელიც ამაყად შეგვატაკებდა ხოლმე ათჯერ თუ ასჯერ უფრო მომეტებულ მტერსმტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა საკუთარმარწმუნების დაკარგვამწაგვახდინა,“ ‒ წერდა ნიკო ნიკოლაძე.

ნიკოსათვის, განათლება, ტექნოლოგიური და მეცნიერული წინსვლა ის მთავარი ღერძი იყო, რომელიც განვითარებულ დასავლეთთან დაგვაახლოვებდა.

დღესაც, მსოფლიოს ბაზარზე მთავარ აქტორად ტექნოლოგიური განვითარება გვევლინება. იმისათვის, რომ დროს ფეხი ავუწყოთ და განვითარებულ სამყაროში ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ, აუცილებელია ტექნოლოგიური ინოვაციების შეთვისება, გათავისება და მათი დახმარებით იმ უფსკრულის გადალახვა, რომელიც რუსეთის დისტოპიურმა მმართველობამ საქართველოსა და დასავლეთს შორის წარმოშვა.

რაც შეეხება, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის მრწამსს, ისინი დამოუკიდებელი საქართველოს ბაზისს ქვეყნის ძლიერ ეკონომიკაში ხედავდნენ.

უეჭველია, ეკონომიკა პოლიტიკისა და მასთან ერთად იდეოლოგიის საფუძველია. დაეცემა რომელიმე ერის ეკონომიკური საქმიანობა, ადრე თუ გვიან ასეთივე ბედი მოელის მის პოლიტიკურ ცხოვრებასაც. განვითარდება ეკონომიკა, ეს აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკური მაჯისცემის გაცხოველებას,“ ‒ წერს ნოე რამიშვილი.

ქართველი პოლიტიკური მოღვაწე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მთავარ ეკონომიკურ აქტორებად ინგლისსა და აშშს ასახელებს. მისი თქმით, რუსეთიეკონომიკური თვალსაზრისით მაჩანჩალას წარმოადგენს. მართალია, იქ განვითარდა ინდუსტრია, მოეწყო სხვადასხვა საწარმოო დარგები, მაგრამ ეს მხოლოდ სახელად იყო რუსული, არსებითად ყველგან ბატონობდა უცხოური კაპიტალი, რომლის კონტროლს ემორჩილება მთელი რუსეთის მრეწველობა.“

იმპერიის ეკონომიკური ჩამორჩენის შედეგად მოხდა ის, რომ რუსეთმა საქართველოში შემოსვლისთანავე დაანგრია ქვეყნის ეკონომიკა, გაზიდა მთელი სიმდიდრე და შებოჭა ადგილობრივი საწარმოო ძალები. „მიუხედავად ამისა, ქართული ფულის კურსი მაინც მაღლა იდგა და რუსულ ფულს რამდენიმეჯერ სჯობნიდა. პატარა საქართველო ეკონომიკურად და ფინანსურად უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვინემ რუსეთი. ამიტომ იყო მოსკოვის ბრძანებით ქართული ფული გაუქმდა, ბათუმი ჩაკეტეს და ევროპას ძალით მოსწყვიტეს, რომ ამ გზით ხელოვნურად დასცენ საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობა“, ‒ წერს ნოე რამიშვილი 1924 წელს.

ნოე რამიშვილის აზრით: „საკმარისია ნორმალური წესების დამკვიდრება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენა, რომ საქართველომ თავისი ეკონომიკური საქმიანობით ახლო მომავალში საპატიო ადგილი დაიკავოს სხვა ერთა შორის.“

იგი ხედავდა ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინების აუცილებლობას, სწამდა, რომ საქართველო დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა მსოფლიო ბაზარზე ფეხის მოკიდებას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში რუსეთი ეკონომიკურ პარაზიტად გვევლინება.

დღეს მსოფლიოში ვითარება შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა ჩრდილოელი მეზობლის ინტერესები და იმპერიალისტური მისწრაფებები. მისი გავლენა საქართველოში იმდენად დიდია, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ორპრორუსულ და ანტითვითმპყრობელურ ნაწილად არის გახლეჩილი.

რუსეთის მმართველობის მძიმე უღლისგან თავის დაღწევა მხოლოდ მისგან დამოუკიდებელი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი. რუსეთის ბაზარს ჩამოშორებათვალის გახელისმსგავსია. მის გარდა მსოფლიოში 194 ქვეყანა არსებობს. ზოგი საქართველოს მსგავსად პატარა, ზოგი კი მასზე ბევრად დიდი.

მხოლოდ ჩრდილოეთის შემყურენი კი კიდევ უფრო დავშორდებით, კიდევ უფრო ჩამოვრჩებით მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს. მოვა დრო და თვალის გახელის შემდეგ, ვეღარ ვიპოვით ადგილს იმ შეცვლილ სამყაროში, რომელიც ჩვენ არ დაგველოდება.