ისრაელი გეგმავს, იყოს პირველი ქვეყანა, სადაც სპეციალური ნებართვის გარეშე ცხოველის ბეწვის ყიდვა-გაყიდვა აიკრძალება.
გარემოს დაცვის მინისტრმა, გილა გამლიელმა, ახალი რეგულაციის დაანონსებისას აღნიშნა, რომ მოდის ინდუსტრიაში ცხოველების კანისა და ბეწვის გამოყენება ამორალურია. ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია Peta (People for the Ethical Treatment of Animals) მიესალმება ისრაელის გადაწყვეტილებას, რადგან, მათი განმარტებით, შეუზღუდავი ვაჭრობა გარეული ცხოველების ბეწვით შეურაცხყოფს ადამიანთა უმრავლესობის ეთიკურ ღირებულებებს.
GETTY IMAGES via BBC
აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, ბეწვის შეძენისა და გაყიდვისთვის აუცილებელია, ინდივიდმა ნებართვა მიიღოს. ნებართვა კი მხოლოდ კვლევისთვის, განათლებისთვის, რელიგიური და ტრადიციული მიზნებისთვის გაიცემა. როგორც ჩანს, გამონაკლისით ისარგებლებს ულტრა-ორთოდოქსების საკმაოდ დიდი თემი, რომლის მამაკაცი წევრების ნაწილი ატარებს ფართო, მრგვალ ბეწვის ქუდს – შტრეიმელს.
ახალი კანონით, ისრაელში უნებართვოდ ცხოველის ბეწვის ყიდვა-გაყიდვა ისჯება 22,000 დოლარის ოდენობის ჯარიმით ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით.