ინტერვიუ ნატალი საბანაძესთან, საქართველოს ელჩთან ბელგიაში

ავტორი: ელენე ჯაფარიძე

– მოგესალმებით ქალბატონო ნატალი, მინდა დიდი მადლობა გითხრათ თქვენი ვიზიტისთვის.

– პირიქით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის.

– ქალბატონო ნატალი, მოკლედ მოგვიყევით თქვენი კარიერული გზის შესახებ, რომელიც დღემდე გამოიარეთ, რათა მკითხველს უკეთესად გავაცნოთ თქვენი თავი

– ძალიან დიდი ხანია საქართველოში აღარ ვარ, ჩემი წასვლისას 1994 წელი იდგა, პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველოში ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. საკმაოდ პატარა ასაკში, სკოლას როცა ვამთავრებდი, გავიცანი პროფესორი ალექსანდრე რონდელი, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დააარსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იქ ჩაბარებაზეც მიბიძგა. ამ პიროვნებამ ფაქტობრივად ცხოვრება შემიცვალა, არა მარტო მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც და მთლიანად ჩემი თაობის ბევრ ახალგაზრდას. სწორედ ამ დროს დაიწყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და რომელიც აფინანსებდა ერთი წლით აშშ-ს უნივერსიტეტებში სწავლებას. მოვხვდი ამ სამ ქართველ სტუდენტს შორის, რომლებმაც ეს დაფინანსება მოიპოვეს და სასწავლებლად ამერიკაში წავიდნენ. სამივე მეორე კურსელი გახლდით. გარკვეულწილად აქაც გამიმართლა, რადგან ალექსანდრე რონდელის გაწეულმა რეკომენდაციამ იმუშავა და ძალიან ცნობილ, სვარტმორის კოლეჯში მოვხვდი, რომელშიც საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ ერთ ადამიანს არჩევდნენ და ის მე აღმოვჩნდი. ამის შემდეგ სწავლა გავაგრძელე, ასევე, საკმაოდ ცნობილ მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში. ეს გახლავთ უძველესი ცნობილი ქალთა კოლეჯი, რომელშიც ჩემი პროფესორი, ახლა უკვე უბრალოდ ჩემი მეგობარი და საქართველოს ცნობილი მკვლევარი, სტივენ ჯონსი მასწავლიდა. იქ კი, თავად კოლეჯის დაფინანსებით ბაკალავრიატი დავასრულე. შემდეგ ძალიან მომინდა საქართველოში დაბრუნება და 1997 წელს დავბრუნდი, სწორედ მაშინ, როდესაც კვლავ არეულობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები იცვლებოდა. დავიწყე მუშაობა ამერიკის საელჩოში. მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ მომავალში ელჩი გავხდებოდი. ხშირად ვიხსენებ ამ გამოცდილებას, რადგან იქ მუშაობის დროს ვაკვირდებოდი ყოველ დეტალს და მაშინდელი გამოცდილება დღემდე მახსოვს. იქიდან გამომდინარე, რომ სწავლის გაგრძელება მსურდა, ჩავაბარე ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და მოვიგე ჩივნინგის სტიპენდია, სადაც მაგისტრატურა გავიარე, ხოლო ამის შემდეგ ოქსფორდში – დოქტორანტურა. ძირითადი სფერო ყოველთვის საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერება იყო. ოქსფორდში ხუთი წელი დავყავი და ვიკვლევდი ნაციონალიზმისა და გლობალიზაციის თემას. ნაციონალიზმი ყოველთვის მაინტერესებდა რადგანაც 90იანი წლების საქართველომ თავის დაღი დამასვა. გამომყვა იმის სურვილი, რომ გამეგო და ამეხსნა რა არის რეალურად ნაციონალიზმი და რა როლი აქვს მას სახელმწიფოს შექმნაში. ოქსფორდიდან აღმოვჩნდი ეუთოში, იმ უმცირესობების საკითხებზე, რომელიც ეთნიკურ კონფლიქტებს, სახელმწიფოსა და უმცირესობებს შორის არსებულ საკითხებს არეგულირებს. ამ ორგანიზაციაში მუშაობა დავიწყე ჯერ როგორც პოლიტიკურ მრჩევლად, შემდეგ მთავარი მრჩეველი გავხდი, ბოლოს კი – განყოფილების უფროსი. მომიწია მუშაობა ორ კომისართან, მათ შორის თითქმის 6 წელი კნუტ ვოლებეკთან, ნორვეგიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან. დღესაც ხშირად მახსენდება კნუტი, როგორც უფროსი და როგორც კომისარი. ხშირად ვფიქრობ ხოლმე კონკრეტულ საკითხს ის როგორ მიუდგებოდა. მახსოვს ყოველ წელს თავისი ხელით დაწერილ ათასამდე პერსონალურ საშობაო ბარათს როგორ აგზავნიდა. ალბათ მეც მისგან გამომყვა მსგავსი დეტალების დაფასება. ჩემი ჰააგაში ყოფნის ბოლო პერიოდში ჩვენი ელჩი მაია ფანჯიკიძე იყო, რომელიც იქ გავიცანი. მოგეხსენებათ, ჰააგაში ბევრი ქართველი არ ცხოვრობს და ჩვენ ერთმანეთს გადავეყარეთ. შემდეგ მაია საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და მე ბრიუსელში ელჩობა შემომთავაზა, რასაც ბევრი ფიქრის შემდეგ დავთანხმდი და უკვე მე-6 წელია ამ მისიას ვემსახურები.

– როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც ელჩობა შემოგთავაზეს?

– ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ძალიან დიდი ნდობა და პატივია. ამავე დროს ცოტა დავიძაბე, რადგან რეალურად ეს საქმე არასდროს მიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი, სადაც ყოველთვის მრჩეველი ვიყავი. ასევე, არ მქონდა საქართველოსთან მსგავსი დონის კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ არ გამიწყვეტია კონტაქტი ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან, მაგრამ ქართულ რეალობასა და ბიუროკრატიაში არ მიმუშავია. საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, მაგრამ საბოლოო ჯამში გავბედე და თავს არ ვზოგავ. როდესაც ელჩობა შემომთავაზეს გარკვეულწილად, ეს საქართველოში დაბრუნებასაც ნიშნავდა ჩემთვის. მზად ვიყავი და ვარ ვემსახურო საქართველოს. ეს ის გზაა, რომლის მეშვეობითაც ამას ალბათ ყველაზე კარგად გავაკეთებ. საკმაოდ თავისებური პროფესიაა, ხშირად გადაწყვეტილებები შენზე არ არის დამოკიდებული არამედ იმაზე რაც ხდება ქვეყანაში. თუმცა ელჩის როლი დიდი უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის გატარებაში და გარკვეულწილად განსაზღვრაშიც.

– პირველი დაბრკოლება, რომელსაც მისიაში გასვლის შემდეგ გადააწყდით?

– მსგავსი რამ ყოველთვის ხდება, დაბრკოლებები ხშირად ჩნდება, რადგან ევროკავშირის თემები, სტრუქტურები მრავალია და ვალდებულებებიც ბევრი გვაქვს. ქვეყნის ინტერესების დაცვისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონტაქტებს. ხშირად მიფიქრია, რომ განსაკუთრებით პატარა ქვეყნის წარმომადგენლებმა, როგორც ელჩებმა ასევე მთავრობის წევრებმა, აუცილებლად მაქსიმალურად ბევრი მეგობარი უნდა გაიჩინონ. პატარა ქვეყნის დიპლომატიაში პიროვნების როლი და მის მიერ დამკვიდრებული ადამიანური კავშირების ფასი ძალიან დიდია.

თავიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული სტრუქტურა და გამოწვევა ჩემთვის ევროპარლამენტი იყო. შემდგომში ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა გახლდათ ვიზა ლიბერალიზაცია, რომელზეც ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯა, შეგვხვდა ძალიან ბევრი დაბრკოლება და წინააღმდეგობა, რის გამოც საქართველოზე უკვე აღარაფერი იყო დამოკიდებული და გადაწყვეტილება ევროკავშირის შიდა თუ საგარეო პოლიტიკური თემების გამო ფერხდებოდა.

– აღგვიწერეთ ერთი სამუშაო დღე ევროპის დედაქალაქში, ყოველდღიური რუტინა

– ევროპის დედაქალაქი იმით არის გამორჩეული, რომ მას რუტინა არ გააჩნია. ექვსი წელია იქ ვცხოვრობ, რაც საკმაოდ დიდი ხანია. არ მბეზრდება ბრიუსელში ცხოვრება, რადგან იქ ყველაფერი საკმაოდ სწრაფად იცვლება. ევროკავშირი, რომელშიც მე ჩავედი, სხვანაირი იყო, ახლა კი საგრძნობლად განსხვავებულია. სამწუხაროდ სიტუაცია არ გაუმჯობესებულა ჩვენთვის და ამასაც სჭირდება მორგება და კრეატიული გამოსავლის მოძებნა. ამ დღეებში ყველანი ვადევნებთ თვალყურს თუ ვინ იქნება ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა, ალბათ ახალ ცვლილებებს პოლიტიკის დონეზეც უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ერთ დღეს ელჩის ცხოვრებაში, მაგალითად მოგიყვანთ ორშაბათს: დღე იწყება თათბირით, იკრიბება საელჩოს ყველა თანამშრომელი და განიხილება მთელი კვირის დავალებები, გეგმები და იდეები. შემდეგ მე მაქვს შეხვედრები კოლეგებთან, ევროკავშირის და ბელგიის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან. ელჩის დღის განრიგში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წარმომადგენლობითი ხასიათის შეხვედრებს, როგორიცაა არაფორმალური სადილები, მიღებები და საღამოები. ამ დროსაც საკმაოდ ბევრი საკითხი არაოფიციალურ ფორმატში განიხილება, ერთდროულად ბევრი კოლეგის ნახვა შეგიძლია და მეგობრების შეძენისთვისაც კარგი საშუალება გეძლევა.

– თქვენი აზრით, რა კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარდეს?

– პირველ რიგში, ქვეყანამ უნდა განაგრძოს განვითარება ევროკავშირის მოდელით. ყველამ ვიცით ამ მოდელის შესახებ და ისიც ვიცით, რომ შესაძლებელია ამ ეტაპზე კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებდეთ. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს გაწევრიანების პერსპექტივა და სამწუხაროდ დამოკიდებულება ევროკავშირში გაფართოების პოლტიკისადმი უფრო და უფრო რთულდება. მაგალითისთვის ბალკანეთის ქვეყნები 2003 წლიდან ელოდებიან წინსვლას გაწევრიანების გზაზე. ეს გზა ბევრად უფრო გრძელი და რთულია დღეს ვიდრე ეს იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების დროს. მაშინ იყო სტანდარტული მოდელი, ქვეყანა ხელს აწერდა ასოცირების ხელშეკრულებას, შემდეგ იწყებდა მის შესრულებას და პროგრესის შემთხვევაში იღებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამ მომენტიდან ევროკავშირი მას ეხმარებოდა იმისთვის რომ ის გაწევრიანებისთვის მომზადებულიყო. ეს ურთულესი პროცესია და ყველა სფეროს მოიცავს. დღეს ეს პარადიგმა ალბათ ასე აღარ იმუშავებს. ჩვენ მოგვიწევს ჯერ თავად მოვემზადოთ და დავიმსახუროთ წევრობა და ალბათ მხოლოდ მერე, ამის საპასუხოდ მივიღებთ დაპირებას ან ეგრეთ წოდებულ პერსპექტივას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ევროკავშირი წარმატებას გაფართოებაში ვეღარ ხედავს და ბევრი წევრი სახელმწიფო გაფართოების პოლიტიკას სკეპტიკურად უყურებს. ასე რომ ბევრი დაბრკოლება იქნება ამ გზაზე, მაგრამ რადგან მდგომარეობა და პოლიტიკური ამინდი არასოდეს სტატიკური არაა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ალბათ ამინდიც შეიცვლება.

– შევეხოთ ინვესტიციებს. რას აკეთებს საელჩო ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად?

– ვცდილობთ უფრო აქტიურად ვიმუშავოთ ამ მიმართულებით. საქართველო შედარებით ახალი დიპლომატიაა და ეკონომიკური დიპლომატია ის მხარეა რომელიც გასაძლიერებელია. ამისთვის არ იქნება ცუდი თუ სპეციალისტები იქნებიან წარგზავნილი საელჩოებსა და მისიებში, მაგალითად ეკონომიკის სამინისტროდან ან საინვესტიციო ფონდიდან. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია და ეკონომიკური დესპანები მალე გამოჩნდებიან ჩვენს მისიებში. დღესდღეობით ჩვენ ვცდილობთ არსებული რესურსით დავფაროთ ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ყველა ის სფერო რომელში გვჭირდება ინვესტიცია და რომელშიც საქართველოსაც აქვს პოტენციალი. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით ბელგიასთან. აუცილებელია საქართველოს, მისი საინვესტიციო კლიმატის და შედარებითი უპირატესობების გაცნობა და წარმოჩენა ბელგიის ბიზნეს წრეებში. ისინი ჩვენ კარგად არ გვიცნობენ. ბევრი მათგანი შეხედავს რუკას და იფიქრებს, ეს ალბათ პატარა კორუმპირებული პოსტ-საბჭოთა ქვეყანაა და იქ არაფერი მესაქმება.ტურიზმი ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ეკონომიკური მისიები ამ წარმოდგენას ფანტავს. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკური მისიების ორგანიზებას საქართველოში. ასეთი უკვე სამი გაიმართა ვალონიის სავაჭრო პალატის მიერ. ეს კარგი გზაა ბიზნეს ინტერესის გასაღვივებლად, რასაც იმედია მოყვება კონკრეტული კონტრაქტები თუ ინვესტიციები.

ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი „რბილი ძალა“ (“Soft Power”), ეს არის მისი მიმზიდველობა, მისი კულტურა, სამზარეულო, ბუნება და ასე შემდეგ. ამ კუთხით კულტურული დიპლომატიაც უაღრესად მნიშვნელოვანია. საქართველო, ქართული კულტურა და ქვეყნის პოტენციალი უნდა გაიცნოს ევროპულმა ფართო საზოგადოებამ. ჩვენ მათი მხარდაჭერა გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. კულტურული და ეკონომიკური დიპლომატია ამ მიმართულებით ეფექტური ინსტრუმენტია. ჩემი ელჩობის პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ის რომ 2022 წელს საქართველო იქნება ძალიან მსხვილი ევროპალიის ფესტივალის სტუმარი. ამ ფესტივალის ცენტრი ბრიუსელშია, მაგრამ სხვა დედაქალაქებსაც მოიცავს. ის გრძელდება რამდენიმე თვე, ფარავს კულტურის ყველა სფეროს და საშუალოდ 400-მდე ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. ეს იქნება ქართული კულტურის უდიდესი ზეიმი ევროპის შუაგულში.

– დაბოლოს, თქვენი გზავნილი ახალ თაობას

– კარგია თუ დიპლომატს აქვს ფართო განათლება, კარგია თუ ის არ არის ჩვეულებრივი ბიუროკრატი. ამიტომ ვისაც დიპლომატია აინტერესებს, მე ვურჩევდი, რომ ბევრი სხვა რამითაც დაინტერესდეს. მიიღოს კარგი განათლება, თუნდაც რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით. დიპლომატიას ასევე სჭირდება გარკვეული ინტუიცია რაც ან გაქვს ან არა, მაგრამ გამოცდილება შეიძლება ამ დროს დაგეხმაროს სწორი ნაბიჯის გათვლაში. ასევე, ვიტყოდი რომ ძალიან საამაყოა შენს ქვეყანას წარმოადგენდე, მაშინაც კი და ალბათ უფრო მაშინ როდესაც იქ სირთულეებია.

– ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ნატალი. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას.