ინკლუზიურობა და თანასწორობა პროგრესისთვის

ავტორი: სოფო ბალავაძე

ფოტო: Freepik.com

აშშ-ში 10 თვის განმავლობაში ცხოვრების შემდეგ, 16 წლის ვიყავი, როცა საქართველოში დავბრუნდი. ჩემთან ერთად, დაახლოებით ორმოცი ჩემი თანატოლი ჩამოვიდა. იმ დროს, საქართველოში, ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნა სრულიად საკმარისი იყო დასაქმებისთვის. ამერიკიდან დაბრუნებულთა უმეტესობამ, აშშ-ში მიღებული ცოდნა გამოიყენა და მალევე დაიწყო მუშაობა. მე კი, რამდენიმე მეგობართან ერთად, შეთავაზებების მიუხედავად, არ ვჩქარობდი. მახსოვს, ერთმანეთთან საუბრისას, ჩუმად, როგორ განიხილავდნენ ჩვენი მშობლები, რომელ შეთავაზებას დავთანხმდებოდით.

არც ერთს, არც კი განგვიხილავს რომელიმე. გადავწყვიტე, სწავლა გამეგრძელებინა. ასე გავხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი, შემდეგ კი სამაგისტრო პროგრამაზე იმავე უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. თუმცა, დასრულებამდე შევწყვიტე, სხვა აკადემიური პროგრამა ავირჩიე და სწავლის პარალელურად, 24 წლის ასაკში, ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც დავიწყე. 27 წლის ვიყავი, როცა იმ პროფესიულ სფეროში დავსაქმდი, რომელშიც ათ წელზე მეტია ვმუშაობ. შვილი კი 33 წლის ასაკში გავაჩინე.

თუ გაინტერესებთ, რამ განაპირობა და რომელ სტანდარტებს ეფუძნება, ამ ცხოვრებისეული ეტაპების ასეთი თანმიმდევრობა და დროში გადანაწილება, ‒ არც ერთს! ეს ჩემი, პირადი სტანდარტია. რომელ ასაკში რა უნდა გააკეთო, რა უნდა მოასწრო, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპია. თანამედროვე, სწრაფად განვითარებად სამყაროში ეს სტერეოტიპული განწყობა განსაკუთრებით გამყარდა. მართალია, განვითარებულ ქვეყნებში ქორწინების, შვილის გაჩენის ასაკი მკაცრად განსაზღვრული არ არის და ქალი თავად წყვეტს იყოლიოს თუ არა შვილები, თუმცა საკმარისია რაიმე წარმატებას მიაღწიო ბიზნესში, რომ მაშინვე ბევრ არაერთგვაროვან შეხედულებას, სტერეოტიპს ვაწყდებით. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ‒ ასაკობრივი დისკრიმინაციაა.

„ახალგაზრდა ადამიანები უფრო სხარტები არიან“ ‒ ეს ფრაზა მარკ ცუკერბერგმა 2007 წელს წარმოთქვა. ანტრეპრენიორულ (ანტრეპრენიორი (Entrepreneur) ფრანგული სიტყვაა და წამომწყებს ნიშნავს) და სტარტაპების სფეროში, ასაკი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და არანაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე, ჰოლივუდში. სილიკონ ველის ბინადრები დიდი ოდენობით თანხას ხარჯავენ პლასტიკურ ოპერაციებში, ითვალისწინებენ სტილისტების რჩევებს, ქირაობენ იმიჯმეიკერებს, რომ რაც შეიძლება ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ითვლება, რომ ახალგაზრდები უფრო ინოვაციურად, კრეატიულად აზროვნებენ, უფრო სწრაფად უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები (Venture Capitalists), რომლებიც აფინანსებენ სტარტაპ პროექტებს, ახალგაზრდებს უფრო სწყალობენ. იმ მოსაზრების გავრცელებას, რომ წარმატებული ანტრეპრენიორები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, მეტწილად ხელს უწყობს მედია და, შესაბამისად, ყალიბდება საზოგადოებრივი განწყობაც, იქმნება გარკვეული ტრენდი. საქართველოში ამას ემატება სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი, რომლის შედეგად შექმნილია ნეგატიური დამოკიდებულება გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის მიმართ.

2018 წელს გამოქვეყნდა MIT-ის (Massachusetts Institute of Technology) სლოუნის მენეჯმენტის სკოლის კვლევა. შეისწავლეს იმ 2.7 მილიონი ადამიანის მონაცემები, რომლებმაც 2007-2014 წლებში აშშ-ში საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს. ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიების დაარსებისას, დამფუძნებელთა საშუალო ასაკი 45 წელი იყო. მონაცემთა დამუშავების პროცესში, რადგან კომპანიათა ჩამონათვალში განსაკუთრებით ჭარბობდა ბარ-რესტორნები, სამრეცხაოები, ქიმწმენდის ობიექტები, რომლებიც არ იყო გათვლილი გაფართოებაზე; კვლევაზე მომუშავე ჯგუფმა MIT-ის პროფესორის, პიერ აზულაის ხელმძღვანელობით, ფოკუსირება მოახდინა ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებზე (კომპანიები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: ჰქონდა თუ არა კომპანიას მიღებული პატენტი, ვენჩურული დაფინანსება, სად მდებარეობდა კომპანია და ა.შ.) და შედეგი აღმოჩნდა იგივე: ამ კომპანიების დამფუძნებლების საშუალო ასაკი 40 წელს ზევით იყო. ამავე კვლევით დადასტურდა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ბიზნესის წარმატების მაჩვენებლი საკმაოდ მაღალია. ეს შედეგები, ალბათ, არც უნდა იყოს გასაკვირი, ვინაიდან ამ ასაკში ადამიანებს აქვთ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ.

ეს კვლევა ცხადყოფს, რომ წინასწარ შექმნილი განწყობა ობიექტურ რეალობას, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს. ასაკობრივი სტერეოტიპიზაცია მხოლოდ 40 წელს ზემოთ ადამიანებს არ უქმნის იმ განცდას, რომ ამ ასაკში არ ღირს ახალი საქმის წამოწყება, იდეების რეალიზება. ახალგაზრდა ანტრეპრენიორებიც ანალოგიურ „წნეხში“ იმყოფებიან, ვინაიდან დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება გარკვეულ ასაკამდე უნდა მოასწრო, რადგანაც მერე, უბრალოდ, დაგვიანებულია. ამ დროს არავინ ფიქრობს იმაზე, რომ თუნდაც იმ ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის მიღმა, რომლის თანახმადაც ვენჩურული ინვესტორები უპირატესობას ანიჭებენ ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილ მეწარმეებს, იმალება პრაქტიკული მიზეზი ‒ ახალგაზრდას და გამოუცდელს უფრო მარტივად დაათმობინებ მეტ წილს წამოწყებაში.

ვფიქრობ, ისევე როგორც ნებისმიერი სახის მიკერძოება, ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციაც საფრთხის შემცველია. ის აქვეითებს თვითშეფასებას, აჩენს მცდარ წარმოდგენას, რომ გარკვეული ასაკის შემდეგ, ახლი საქმის წამოწყება შეუძლებელია, რომ ასაკი დამაბრკოლებელი ფაქტორია. გარდა ამისა, უგულებელყოფს გამოცდილებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინდივიდუალიზმს. თითოეული ჩვენგანი მიჰყვება საკუთარ გზას და თავად წყვეტს, როგორ წარმართოს ცხოვრება. ჩვენ, ყველანი, განსხვავებულები ვართ და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს, სხვადასხვა დროს გავდივართ. და როცა საქმე ეხება სტარტაპისა თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, რაც დამოკიდებულია ჩვენს შინაგან განწყობაზე, მოთხოვნებსა და მიზნებზე, თითოეული ჩვენგანის შემთხვევაში, აუცილებლად ინდივიდუალურად, სხვებისგან განსხვავებულად წარიმართება. შესაძლებელია, ბედნიერად ვიგრძნოთ თავი რომელიმე კორპორაციაში მუშაობით და ესეც ინდივიდუალურია. საკუთარი საქმის წამოწყება არც პანაცეაა და არც თვითრეალიზაციის ერთადერთი გზა. შესაძლოა, ზემოთ მოყვანილ კვლევასაც დავუპირისპირდეთ და მხოლოდ ჩვენი ინტუიციითა და განწყობით ვიხელმძღვანელოთ. მთავარია, საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ.

უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუ როგორ წამოიწყეს ცნობილმა ადამიანებმა საკუთარი საქმე სწორედ 40-50 წლის ასაკში. ესენი არიან: ჯეკ მა, ვერა ვანგი, მართა სტუარტი, რიდ ჰოფმანი, ჰარლანდ დეივიდ სანდრესი და ბევრი სხვა. სტივ ჯობსიც კი, რომელიც ადრეული ასაკიდან იდგა კომპანიის სათავეში, 43 წლის იყო, როდესაც Apple-მა ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი პროდუქტი iMac-ი გამოუშვა.

რადგან თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გზა გვაქვს ცხოვრებაში, არ მიმაჩნია სწორად, კონკრეტული მაგალითებით ვიხელმძღვანელოთ. თუმცა, მოტივაციისთვის, სულაც არ არის ურიგო, გადავხედოთ სხვების მიერ განვლილ გზას და სხვისი გამოცდილებაც გავიზიაროთ. ამავდროულად, უნდა დავძლიოთ დამარცხების შიში, რომელიც ხელს გვიშლის წინსვლაში და აფერხებს ჩვენს შესაძლებლობებს. მთავარია, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, თუ ისეთი თანმიმდევრობით არ გამოგვდის ყველაფერი, როგორც სხვას.

ბავშვების მაგალითს მოვიყვან: ამა თუ იმ უნარ-ჩვევების ათვისება ყველა ბავშვის შემთხვევაში, ერთი და იგივე დროს არ ხდება. ზოგიერთი ადრეულ ასაკში იწყებს მეტყველებას. არიან ბავშვები, რომლებიც უფრო სწრაფად და უკეთესად წერენ და კითხულობენ, ვიდრე სხვები, თუმცა უჭირთ ციფრების ათვისება და ანგარიში. ეს ინდივიდუალური მონაცემები უკვალოდ არ ქრება.

მთავარი არ არის წარმატების მიღწევა მოვასწროთ ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ ეტაპზე და ამით გავამართლოთ დამკვიდრებული სტერეოტიპი. მთავარია, ვაკეთოთ ის, რაც გვინდა, როცა გვინდა და მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია სწორად. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, უფრო მეტად მოვუსმინოთ საკუთარ თავს და ნაკლებად ‒ სხვებს.

წარმატების მიღწევა თითოეული ჩვენგანისთვის სხვადასხვა რამეს შეიძლება ნიშნავდეს. ვიღაცისთვის წარმატება სამსახურში დაწინაურებაა, ვიღაცისთვის ‒ გაღიმებული მომხმარებელი, ზოგიერთისთვის ‒ სახლში დროულად მისვლა და შვილთან საღამოს გატარება შეიძლება იყოს. ცხოვრების ეტაპების წინასწარ დროში გაწერა და ასაკის მიხედვით დაგეგმვა და განაწილება რომ იყოს შესაძლებელი, ალბათ გაცილებით მარტივი იქნებოდა ცხოვრება, თუმცა ერთფეროვანი და უინტერესო. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი მოსაზრება არსებობს სამყაროში ‒ ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები როდია.