იაპონიაში ადამიანის მიერ მართული პირველი მფრინავი მანქანა წარმატებით გამოსცადეს, – ამ ინფორმაციას ტექნოლოგიური კომპანია Sky Drive Inc ავრცელებს. გაფრენა „ტოიოტას სატესტო მოედანზე“ გაიმართა, რა დროსაც ხომალდმა, რომლის მოდელია SD-03, ოთხი წუთი იფრინა.
„მოხარულნი ვართ, რომ SkyDrive-ის დაარსებიდან ორ წელიწადში, იაპონიის ისტორიაში პირველად, ადამიანის მიერ მართული მფრინავი მანქანით შევძელით გაფრენა. 2018 წელს, ჩვენი მიზანი ამ ტრანსპორტის კომერციალიზაცია იყო“, – აღნიშნავს SkuDrive-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ტომოჰირო ფუკუზავა. იაპონელმა კომპანიის სამომავლო მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ისეთი საზოგადოების შექმნა ესახებათ მიზნად, რომელშცი მფრინავი მანქანები ტრანსპორტის ხელმისაწვდომი და მარტივი ნაირსახეობა იქნება.
SkyDrive-ი სატესტო ფრენებს სხვადასხვა ბუნებრივ გარემოში გააგრძელებს. პირველი გაფრენის შედეგები ოპტიმისტური სამომავლო ხედვის საშუალებას იძლევა და კომპანიის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ მფრინავ მანქანას ამა წლის ბოლომდე „ტოიოტას სატესტო მოედნის“ გარეთაც გამოცდიან.