ავტორი: სოფო კარგარეთელი
ბიზნესების პოპულარიზაცია, ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესის მხარდაჭერა – საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას ეს სამი მთავარი მიზანი აქვს და ის თიბისის იდეაა. 3 წლის განმავლობაში ბანკის დაჯილდოების პლატფორმამ 1 600 კომპანია გააერთიანა, მათ კი საკუთარი წარმატების ისტორია მთელ საქართველოს გააცნეს.
2018 წელს ქალი მეწარმის სტატუსი თიბისის დაჯილდოებაზე კომპანია „სანტას“ დამფუძნებელმა დარეჯან კანთელიძემ მოიპოვა, რომელმაც უარი ქალაქურ ცხოვრებაზე წლების წინ თქვა და თბილისიდან შორს, წალკის რაონის სოფელ სანტაში დასახლდა. საკუთარი კომპანიის სახელიც მარტივად მოიფიქრა – კომპანიას იმ ადგილის სახელი უწოდა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. „სანტამ“ „ალპიას“ ბრენდით ყველი პირველად 2009 წელს გამოუშვა და ახლა „ალპია“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყველის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოებისთვის ქართულთან ერთად ჰოლანდიურ ტექნოლოგიასაც ირჩევს. დარეჯან კანთელიძის ფერმაში 300 სული საქონელია და კომპანია წლიურად საშუალოდ 65 ტონა ყველს აწარმოებს. მოსწონს, რომ მათი შრომა დაინახეს და დააფასეს.
„დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ უფრო ცნობადები გავხდით. ეს ნომინაცია კომპანიის პოპულარიზაციაში ძალიან დაგვეხმარა. ახლა უფრო მეტი მოტივაციაც გვაქვს, ჩვენი საქმე კიდევ უფრო უკეთ ვაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ბიზნესისადმი ამ ტიპის მხარდაჭერა. სასიამოვნოა, რომ შენს შრომას შეამჩნევენ და დააფასებენ. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე აგური ქართული ეკონომიკის განვითარებაში მეც მაქვს დადებული, როცა გვერდით ფინანსური ინსტიტუტიც დაგიდგება, კიდევ უფრო მეტის გაკეთების საშუალება გეძლევა“, – ამბობს დარეჯან კანთელიძე.
თიბისი პროექტში გამარჯვებულს სამი ჯილდოდან ერთ-ერთის არჩევის საშუალებას აძლევს. მეწარმემ თავად უნდა გადაწყვიტოს რა სჭირდება ყველაზე მეტად – ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ გვერდი, ბრენდ სტრატეგია და საიმიჯო კომპანია თუ პროგრამული უზრუნველყოფა. 2018 წლის ქალმა მეწარმემ საკუთარი კომპანიისთვის ახალი ვებ გვერდი აირჩია, „სანტა-ალპიასთვის“ ახლა ამას თიბისის დაკვეთით კომპანია „კონექტი“ აკეთებს. პროფესიონალთა გუნდი 21-ე საუკუნის ყველაზე აქტუალურ საკომუნიკაციო არხს განსაკუთრებული მიდგომებით ეკიდება. „კონექტში“ მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება უბრალოდ გააკეთო ვებ გვერდი, თუ ის პროდუქტს არ გაყიდის.
„ვებ გვერდი ყველაზე მძლავრი მარკეტინგული საშუალებაა, როცა ყველაფერი ქსელურ და ონლაინ პრინციპზეა გადასული. ის კომპანიის მთავარი სავიზიტო ბარათია. დღეს პრიორიტეტი აღარ არის ოფისში ვინმეს დაპატიჟება. პირველად ყოველთვის ვებ გვერდს სტუმრობენ. ამაზეა დამოკიდებული კომპანიის მიმართ სანდოობა. საქართველოში ახლა მკვიდრდება იმის გაგება თუ რა მნიშვნელოვანია ვები“, – გვიყვება ელენე ჭავჭანიძე, „კონექტის“ პროექტ მენეჯერი.
რიგით მეოთხე ბიზნესდაჯილდოებისთვის თიბისიმ ახალი ნომინაციები და ახალი ფორმატი შეარჩია. წელს გამარჯვებულები გამოვლინდებიან საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის; თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის; გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის; საუკეთესო ინოვაციებისთვის და საუკეთესო სტარტაპისთვის. ნომინაციებიდანაც ჩანს, რომ დაჯილდოება აქცენტს კომპანიების მეტ სოციალიზაციაზე აკეთებს.
მეოთხე დაჯილდოებაზე სიახლეა ჟიურის მხრივაც. ბოლო სამი წლის განმავლობაში მონაწილეებისთვის ჟიურის წევრების ვინაობა დაჯილდოების ფინალამდე საიდუმლო იყო. წელს კი უკვე ვიცით, რომ თიბისიმ საუკეთესოების გამოვლენა ჟიურის 24 წევრს ანდო, ისინი კატეგორიების მიხედვით არიან გადანაწილებული. მაგალითად, თუ თანამშრომლებზე განსაკუთრებით მზრუნველი კომპანიის გამოვლენა, სხვებთან ერთად, ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს დაევალა, ვის ეკუთვნის ჯილდო საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის, ეს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ ჟიურის კიდევ 4 წევრთან ერთად უნდა გადაწყვიტოს. ინოვაციებში საუკეთესო სხვებთან ერთად Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის გიორგი ისაკაძის შესარჩევია, ვის ეკუთვნის ჯილდო საუკეთესო სტარტაპისთვის ეს კი „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ვალერი ჩეხერიამ ჟიურის სხვა წევრებთან ერთად უნდა თქვას.
ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს აქვს. ფიზიკურ პირებს პროექტში მონაწილეობა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი გაერთიანებულები არიან სამეწარმეო ამხანაგობაში ან მინიჭებული აქვთ მიკრომეწარმის, მცირე მეწარმის, მეწარმე ფიზიკური პირის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. დაჯილდოებაში მონაწილეობის მსურველი კიდევ ერთ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, აუცილებელია მისი საწარმოს მინიმალური წლიური ბრუნვა 50 000 ნაკლები არ იყოს. ეს კრიტერიუმი არ ეხება ნომინაციებს „საუკეთესო სტარტაპისთვის“ და „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.
მეოთხე ბიზნესდაჯილდეობის გამარჯვებულებს სანდო და კომპეტენტური ჟიური დეკემბერში გამოავლენს. მანამდე კი კომპანიებს რეგისტრაცია www.businessaward.ge -ზე შეუძლიათ.