ინტერვიუ ლელა ბაქრაძესთან
ავტორი: კატო კოპალეიშვილი
ფოტო: ანა ბოკო
2019 წელი გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის (UNFPA) საიუბილეო წელია – აღინიშნება UNFPA-ს დაარსებიდან 50-ე და კაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო პროგრამის მიღებიდან 25-ე წლისთავი. წელს, ასევე, 20 წელი სრულდება, რაც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი გაიხსნა. გადავწყვიტეთ, UNFPA-ს მიღწევებსა და გეგმებზე, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს გავსაუბრებოდით.
ლელა ბაქრაძის გზა UNFPA-მდე…
ჩემი პირველი განათლება არის მედიცინა და 16 წელი ვიმუშავე პრაქტიკოს ექიმად კლინიკებში. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს რადიკალურად შევცვალე ჩემი კარიერის გზა და დავიწყე მუშაობა განვითარების სექტორში, რადგან ჩავთვალე, რომ აქ მეტი შესაძლებლობა მექნებოდა რეალური დახმარება გამეწია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისათვის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის და მცირე წვლილი მაინც შემეტანა ქვეყნის განვითარებაში. ამ პერიოდში მივიღე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლიდან; 2001 წლიდან ვმუშაობ გაეროს სააგენტოებში, ჯერ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში, 2005 წლიდან კი – გაეროს მოსახლეობის ფონდში; ჩემთვის დიდი პატივია, რომ 2014 წლიდან ვხელმძღვანელობ UNFPA საქართველოს ოფისს.
20 წელია, რაც UNFPA-მ საქართველოში სრულმაშტაბიანი ოფისი გახსნა. რას თვლით UNFPA-ს საქართველოს ოფისის მთავარ მიღწევად?
ამ 20 წლის განმავლობაში, მართლაც, ბევრი რამ მოხდა, რაზეც სიამაყით ვსაუბრობთ. საქართველოში UNFPA-ს სახელს უკავშირდება: 2000-იანი წლების დასაწყისში პირველი მობილური ჯგუფების ამოქმედება მოსახლეობისათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის უფასო და ხარისხიანი სერვისების მიწოდების მიზნით, რამაც ჯგუფების მუშაობის 12 წლის მანძილზე ასობით ქალის სიცოცხლე გადაარჩინა; რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ოთხი ეროვნული კვლევის ჩატარება; რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; ძუძუს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგის ინოვაციური პროგრამის დანერგვა და ხელშეწყობა; აივ ინფექციის პრევენციის გაძლიერება;
ახალგაზრდებისათვის თანასწორთა განათლების დანერგვა; ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის სახელმწიფოს მრავალსექტორული ძალისხმევის ხელშეწყობა; საზიანო პრაქტიკების (ადრეული ქორწინების, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის, ქალთა გენიტალიების დასახიჩრების) პრევენციის ხელშეწყობა; რელიგიურ კონფესიებთან თანამშრომლობა ოჯახში ძალადობისა და ქალთა და გოგონათა მიმართ არსებული საზიანო პრაქტიკების აღმოსაფხვრელად; მამაკაცების ჩართულობის გაზრდა გენდერული თანასწორობის მისაღწევად; სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მონიტორინგის განსახორციელებლად, ადამიანის უფლებების მონიტორინგის სისტემის ფარგლებში; საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გაძლიერება მოსახლეობის შესახებ სანდო მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესებისათვის; ყოვლისმომცველი დემოგრაფიული პოლიტიკის და მოსახლეობის დაბერების შესახებ პოლიტიკის შემუშავება; აქტიური და ჯანსაღი დაბერების ადვოკატირება და სხვა.
რა არის მთავარი გამოწვევები, რის წინაშეც საქართველოს მოსახლეობა დგას?
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი რამ იცვლება სასიკეთოდ, რჩება გამოწვევები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაა, თანაბარი განვითარების ხელშეწყობით და ადამიანის უფლებების დაცვით. ამ კომპლექსურ მიდგომაში იგულისხმება ჯანმრთელობის, მათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა და ოჯახის დაგეგმვის სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მოზარდებისა და ახალგაზრდების გაძლიერება ხარისხიანი ფორმალური და არაფორმალური განათლების და მათი მონაწილეობის ხელშეწყობით; თანაბარი განვითარებისათვის, აუცილებელია, რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევა, რაც მოითხოვს ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრას, მამაკაცთა ჩართულობას და მხარდაჭერას ამ პროცესში, რათა ქალებმა და მამაკაცებმა თანაბრად შეძლონ მონაწილეობა ოჯახურ საქმეებში და შვილების აღზრდაში, ისევე როგორც ეკონომიკურ სფეროში. ამავე დროს, ქვეყნის დემოგრაფიული დინამიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, უფროსი ასაკის თაობის პოტენციალის რეალიზების და ჯანსაღი და აქტიური დაბერების ხელშეწყობა.
რა როლი უკავია UNFPA-ს?
ისევე, როგორც მსოფლიოს გარშემო, გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოშიც აქტიურად მუშაობს, რათა ყველა ორსულობა იყოს სასურველი, ყველა მშობიარობა – უსაფრთხო და ყველა ახალგაზრდის პოტენციალი – რეალიზებული. სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების და გენდერული თანასწორობის ადვოკატირებით და გასატარებელი პოლიტიკის და განხორციელების სისტემების გაძლიერებით, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისა და საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრისთვის ბრძოლით, ახალგაზრდების განვითარების მხარდაჭერით, მოსახლეობის დინამიკის შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვებით და ქვეყნის მდგრადი განვითარების დაგეგმვისათვის მათი გამოყენების ხელშეწყობით, UNFPA-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წინსვლასა და განვითარებაში.
2018 წელს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ Promun-do-US-თან თანამშრომლობით და გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების/კვეთის საზიანო პრაქტიკების შესახებ საქართველოში კვლევა გამოქვეყნდა. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ კვლევის მთავარი მიგნებების შესახებ?
2010 წლის მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 პროცენტი აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. 2018 წელს გამოქვეყნებული შედეგებით დასტურდება, რომ ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება მძიმედ აისახება როგორც გოგონების, ასევე ბიჭების ცხოვრებაზე. თუმცა მას გენდერული განზომილება აქვს, რადგან სტატისტიკურად ეს პრაქტიკა უდიდესი უმრავლესობით, გოგონებს ეხება, და ამიტომ, განსაკუთრებულად მავნე გავლენას სწორედ გოგონებზე ახდენს, რომლებსაც ეზღუდებათ მათი უფლებების განხორციელების და საკუთარი პოტენციალის სრულად განვითარების შესაძლებლობა. კვლევამ ასევე გვიჩვენა, რომ ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინება გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქის – თბილისის – ჩათვლით, ის ასევე გვხვდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების თემებში;
მიიჩნევა, რომ დაქორწინებული მოზარდი გოგონასთვის, ოჯახის ყოლასთან ერთად, განათლების მიღება შეუთავსებელია; ოჯახის ფინანსების განკარგვის, გოგონას განათლების გაგრძელების და ოჯახის დეგეგმვის შესახებ გადაწყვეტილებებს კი ქმარი და ქმრის მშობლები იღებენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ გოგონებისთვის ქორწინებამდე სექსუალური კავშირი არ მიიჩნევა მისაღებად და ამიტომ, მოზარდებისთვის ერთადერთ ალტერნატივად ოჯახის შექმნა რჩება. ამავე დროს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ მწირი ცოდნის გამო, ხშირია დაუგეგმავი და არასასურველი ორსულობები მოზარდობის ასაკში, რაც მოზარდის ჯანმრთელობას, განვითარებას და მის ცხოვრებისეულ პერსპექტივებს რისკის ქვეშ აყენებს.
თქვენი ერთ-ერთი ძალიან წარმატებული კამპანიაა “კაცები ზრუნავენ.” გვიამბეთ ამ კამპანიის შესახებ, საიდან გაჩნდა ეს იდეა და რა არის ამ პროექტის მთავარი მიზანი?
UNFPA-ს საქართველოს ოფისმა გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდისთვის მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო ტრენინგების სერიით „მამაკაცური საუბრები“. 2014 წლიდან ახალგაზრდა ინოვატორების ჯგუფთან ერთად წამოვიწყეთ კამპანია „მამა, წიგნი წამიკითხე“. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ისტორია საქართველოში 2016 წლიდან იღებს სათავეს. მას საფუძვლად ჩვენ მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევა „კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ დაედო. კამპანიის მიზანია, მეტი მამაკაცი წაახალისოს, ჩაერთოს შვილებისა და ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც მზრუნველი და არამოძალადე მამა და პარტნიორი და, ამით ხელი შეუწყოს ოჯახების კეთილდღეობას, და ქალების მონაწილეობას ეკონომიკაში.
განსაკუთრებით გვეამაყება, რომ 2018 წელს, „კაცები ზრუნავენ“, როგორც წლის საუკეთესო ინიციატივა გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად, “Emerging Europe Award”-ით დაჯილდოვდა. ამავე წელს, კამპანია წარმოდგენილი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორც საქართველოს – საპატიო სტუმრის ოფიციალური პროგრამის ნაწილი. ჩვენი ინიციატივით, კამპანიის ფარგლებში საქართველოში დაწესდა და ყოველწლიურად აღინიშნება მამის დღე – 19 ივნისი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დავიწყეთ მამობის შვებულების ადვოკატირება და იმედი გვაქვს, ეს პროცესი ოჯახების ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებამდე მიგვიყვანს. სასიხარულო და იმედისმომცემია, რომ კამპანიის მხარდამჭერი მამაკაცების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
რა პრიორიტეტები და გეგმები გაქვთ სამომავლოდ და როგორ ხედავთ საქართველოსა და UNFPA-ს თანამშრომლობის გაღრმავებას?
გაეროს მოსახლეობის ფონდისათვის, ისევე როგორც გაეროს სააგენტოების მთელი გუნდისათვის საქართველოში, თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებაა პარტნიორობა მდგრადი განვითარების ტრანსფორმაციული მიზნების მისაღწევად. გაეროს მოსახლეობის ფონდის მანდატიდან გამომდინარე, ჩვენი დახმარების ფოკუსი იქნება მდგრადი განვითარების მიზანი 3 – ჯანმრთელობა, მიზანი 4 – განათლება და მიზანი 5 – გენდერული თანასწორობა. ამ პარტნიორობის ცენტრში იქნება ადამიანი და მისი უფლებები, განსაკუთრებული აქცენტი კი გაკეთდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე, რათა განვითარება იყოს თანაბარი და არავინ დარჩეს განვითარების ტალღის მიღმა.