ზავი კრეატივთან

ინტერვიუ ეკა ყიფიანთან

ავტორი: თამარა კაჭახიძე

ფოტო: ანა ბოკო

სარეკლამო სააგენტო JWT METRO-ს ოფისის უჩვეულო გარემოში, მყუდრო და მწვანე ეზოში პინგ-პონგის მაგიდას როცა შენიშნავ და უამრავი კრეატიული იდეის შემქმნელებს შეხვდები, მაშინვე გაიფიქრებ, რომ იქ სტანდარტული ინტერვიუს ჩაწერა არ გამოგივა. იმიტომ კი არა, რომ მათ ასეთი სტანდარტები აქვთ, არა, უბრალოდ, შეაბიჯებ თუ არა ამ პატარა „ოჯახში“, შენც მათსავით ორიგინალური ხდები.

ეკა ყიფიანი JWT METRO-ს კრეატიული დირექტორია. თუ ეკას შესახებ ინფორმაციის მოძიებას შეეცდებით, უამრავ სტატიას და ინტერვიუს იპოვით, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო საინტერესოა ინტერნეტში მიმობნეული ინფორმაციის გარეშე, თავად ეკამ გვიამბოს ამბავი, გაგვიზიაროს გამოცდილება ან რჩევა, რომლითაც ის ForbesWoman-ს წარუდგენს თავს.

მაშ ასე, ეკას პირველი რჩევა საკუთარ თავთან ზავის დადებას ეხება: „თუ ბავშვობაში ბევრი საინტერესო შესაძლებლობიდან ერთი კონკრეტული, თქვენთვის საინტერესო საქმის არჩევა და მხოლოდ მასზე კონცენტრირება გიჭირდათ, შეგიძლიათ ახლა, ზავი დადოთ თქვენს თავთან და დადოთ პირობა, რომ სწავლის პარალელურად იპოვით იმ სფეროს, სადაც შესაძლებელია ერთდროულად ბევრი რამის კეთება. არ აქვს მნიშვნელობა გაქვს თუ არა მონაცემები, ეს უბრალოდ შენზეა დამოკიდებული, აირჩიო მრავალფეროვანი ცხოვრება და არ ჩაიკეტო ნაჭუჭში, თუნდაც, სულ სხვა პროფესიით დაიწყო და მერე, რადიკალურად განსხვავებულ სექტორში აღმოჩნდე“.

რჩევა მიღებულია. არასტანდარტული ინტერვიუს მცდელობა კი ისევ ძალაშია, მით უმეტეს, ამ რჩევის გაზიარების შემდეგ.

1-დან 10-მდე, მოდით, ასე დავარქვათ ინტერვიუს, რომელიც შემოქმედებითი აზროვნების, განსხვავებული ორიგინალური იდეების, კრეატივის განვითარების ეტაპებს ეხება. დავიწყოთ ბავშვობით.

1. ბავშვობა ანუ უსაზღვრო ფანტაზიების ეპოქა და კრეატივთან პირველი შეხების მცდელობა. რა იყო თქვენში კრეატივის პირველი ნაპერწკალი?

ეკა: „აბსოლუტურად ყველა ბავშვი შემოქმედებითია, ამიტომ შეუძლებელია გახსოვდეს კრეატივთან პირველი შეხება. პატარა ასაკში თვითონ ვთრგუნავთ განსხვავებულ აზროვნებას, ორიგინალურ იდეებს. გარემო, სკოლა, ბევრი რამ გვიბიძგებს ამისკენ: გვეუბნებიან, რომ რაღაც ჩვენი ასაკისთვის შეუფერებელია და არ უნდა ვაკეთოთ. თუმცა ადამიანებს მუდმივად გვაქვს თამაშის შინაგანი მოთხოვნილება. ვწერდი დღიურებს, კედლებზეც კი ვხატავდი, მიუხედავად იმისა, რომ ხატვა არ იყო ჩემი მოწოდება. ზრდასრულ ასაკშიც რომ შეგვეძლოს, ისეთი გახსნილები ვიყოთ, როგორც ბავშვობაში, ბევრად მეტი გამოგვივიდოდა“.

2. ვიზრდებით და გვიჩნდება ჩვენი აზრის დაფიქსირების სურვილი. რამდენად მნიშვნელოვანია ამისათვის გამოხატვის ფორმების შერჩევა და რა იყო ის, რაც პირველად დაამტკიცეთ, როგორც თქვენი საკუთარი აზრი?

ეკა: „ბევრჯერ მიფიქრია: ჭკვიანურია? სისულელე ხომ არ არის? როცა შეგნებულ ასაკში შედიხარ, გინდა, რასაც იტყვი, ყოველთვის სწორი და მისაღები იყოს, გახდეს სხვებისთვის საინტერესო, ამიტომ ამის ფიქრში ხშირად ვზღუდავთ აზრის გამოხატვას. სკოლა ჩვენი აზრების თამამად გამოხატვის ადგილია. მე მყავდა ქართულის მასწავლებელი, რომელიც გვაძლევდა შესაძლებლობას თავისუფლად გვეწერა. ასეთი სავარჯიშო იყო: კალმის აუღებლად წერდი 10-15 წუთის განმავლობაში. ყველაფერი ფურცელზე გადმომქონდა, რაც თავში აზრად მომდიოდა, თუნდაც, ეს სისულელე ყოფილიყო. მთავარი იყო, ბარიერების გარეშე გეწერა.

სკოლა ინტელექტუალური საწარმოს როლს ასრულებს, სადაც ან ზღუდავენ მომავალი თაობის აზროვნებას და შემოქმედებითობას, ან ‒ პირიქით.

სამწუხაროდ, სკოლებში არსებული სიტუაცია შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელს არ უწყობს. ხშირად მოთხოვნა არა თავისუფალ აზროვნებას, არამედ რაღაცის დაზეპირებას წარმოადგენს“.

3. რა იყო პირველი გამარჯვება?

ეკა: „ჩემს შემთხვევაში ეს იყო გაცვლითი პროგრამა FLEX, რომლის ერთ-ერთ კონკურსში გამარჯვება, მეტწილად, წერის უნარებზე იყო დამოკიდებული. ამ დროს მე ნაკლებად ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, თუმცა ძალიან ვეცადე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ თუ რაღაცას ძალიან ცდილობ, მთელი გულით აკეთებ, თუნდაც არ გქონდეს მონაცემები, ის აუცილებლად გამოგივა. კრეატივი არ არის მხოლოდ გახსნილი გონება ან მაგარი პროექტების კეთება. ის პირდაპირპროპორციულია წარმოუდგენელ შრომასთან, შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებასთან“.

4. გამარჯვება ადვილი არ არის. თქვენი აზრით, ახდენენ თუ არა გავლენას სტერეოტიპები ჩვენს კრეატიულობაზე?

ეკა: „დიახ, უდიდეს გავლენას ახდენენ. თუმცა, ზოგჯერ სტერეოტიპები ამართლებს ხოლმე. კრეატიულობა, პირველ რიგში, არაშაბლონურ აზროვნებას ნიშნავს. ერთადერთი სასარგებლო, რაც სტერეოტიპებშია არის ის, რომ დავფიქრდეთ, რატომ გაჩნდა ესა თუ ის სტერეოტიპი, გავშიფროთ მისი წარმომავლობა და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ“.

5. დიდ პასუხისმგებლობებთან შეჯახება. 22 წლის ასაკში გახდით JWT METRO-ს კრეატიული დირექტორი. რა იყო ამ დროისთვის თქვენი ძლიერი მხარეები?

ეკა: „უფრო მეტი სუსტი იყო, ვიდრე ძლიერი, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია სამი რამ: პირველი ‒ ადამიანები, ვისთან ერთადაც აქ მოვხვდი. ისინიც ჩემსავით პატარები იყვნენ და ნაკლებად გვეშინოდა გამოწვევების. მეორე ‒ გავიაზრე, რომ ეს სტატუსი მხოლოდ ფორმალობა იყო და არ მაძლევდა რაიმე უპირატესობას. მესამე კი ისაა, რომ როდესაც გინდა საქმე კარგად გამოგივიდეს, იქ მნიშვნელოვანია სწორედ ეს საქმე და არა საკუთარი, პიროვნული უპირატესობის წარმოჩენა. თუ ამომავალი წერტილი რაღაცის კეთებაა, მაშინ შენ თავსაც დათმობ, სტატუსსაც და არც სხვებისგან სწავლას დაიზარებ“.

6. მიღწევების შენარჩუნება. რა წარმოადგენს კრეატივისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს? რა არის ეს თქვენს შემთხვევაში?

ეკა: „ვფიქრობ, წარმატების ხიბლი ყველაზე დიდი საფრთხეა. მიღწეულისგან სიამოვნება უნდა მიიღო, წარმატება უნდა იზეიმო, მაგრამ თვითტკბობას არ უნდა მიეცე. უმნიშვნელოვანესია, კიდევ ერთი რამ: როცა რაღაც მწვერვალს მიაღწევ, აუცილებლად უნდა „ჩამოვარდე“ სიმაღლიდან, რადგან სწორედ ამ დროს იზრდები პროფესიულად. უნდა შეძლო გაანალიზება, რა შეგეძლო გაგეკეთებინა უკეთესად და უნდა იყო თვითკრიტიკული“.

7. ისევ განვითარება. რა ფაქტორებმა ითამაშეს ყველაზე დიდი როლი როგორც თქვენი, ასევე თქვენი გუნდის განვითარებაში?

ეკა: „ჩვენ ვცდილობთ სარეკლამო კომპანიაში არ ავიყვანოთ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რაც არ უნდა ნიჭიერები იყვნენ. შედეგზე ორიენტირებულ გუნდში წარმატებაც ერთობლივი შრომის შედეგად მიიღწევა. ჩვენთან ამომავალი წერტილი ყოველთვის სასიამოვნო სამუშაო პროცესია. ასევე გვაქვს შეთანხმება, რომ ხშირად ვიმუშაოთ ისეთ პროექტებზე, რომლის გაკეთებაც არ ვიცით, რომლებიც ძალიან გვაშინებს, მაგრამ გვზრდის. რაც კარგად იცი, სულ იმის კეთება რუტინაში გადადის და უინტერესო, მოსაბეზრებელი ხდება“.

8. კრეატიული მონოლოგი. რას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, ძლიერი მხარეების განვითარებას თუ სისუსტეების აღმოფხვრას?

ეკა: „ჩემი აზრით, ისინი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ხშირად, როცა შენს ძლიერ მხარეს ავითარებ, ის ავტომატურად აბალანსებს სუსტ მხარეს. მეორე მხრივ კი, ცნობისმოყვარეობამ უნდა დააბალანსოს რაღაცების შიში. ყველაზე მნიშვნელოვნია, იცოდე შენი სუსტი და ძლიერი მხარეები და აწარმოო შენი თავის მონიტორინგი.

9. მწვერვალების დაპყრობა – რა არის დღეს სარეკლამო სფეროში ყველაზე დიდი გამოწვევა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში?

ეკა: „არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ, აღიზიანებთ რეკლამა, ფულს იხდიან, რომ დაბლოკონ ისინი და სწორედ ესაა დიდი გამოწვევა. გასააზრებელია, რატომ მოხდა ეს და დიდი პასუხისმგებლობაა შევქმნათ ეფექტური, მიმზიდველი ნამუშევარი, რომელიც ადამიანებს არა თუ შეაწუხებს, არამედ დააინტერესებს მათ და მეორე მხრივ, სასარგებლო იქნება ბიზნესისთვისაც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე. ჩვენ ძალიან მოკლე დროში ვქმნით ძალიან კარგ პროექტებს. რეკლამა დიდ ენერგიას, ღამის თენებას, ბევრ მუშაობას მოითხოვს, ამიტომ ყველა ვერ უძლებს“.

და ბოლოს, 10 – აღწევს კი ოდესმე ჩვენი კრეატიული აზროვნება თავის მაქსიმუმს? რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ამ საქმეში?

ეკა: „თეორიულად, ალბათ, არასდროს, იმიტომ რომ კრეატივი კუნთივითაა. რაც უფრო ავარჯიშებ, მით უფრო ძლიერია. ასაკთად ერთად ნამდვილად იკლებს სისხარტე, მაგრამ იმატებს გამოცდილება. შემოქმედებითობის კრიზისი იწყება მაშინ, როდესაც აღარ გესმის ახალი თაობის. სარეკლამო სფერო მუდმივად საჭიროებს ახალ ენერგიას, ახალ ადამიანურ რესურსს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არ ვიცი ვიქნები თუ არა ამ სფეროში, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მომწონს. აქ მაქვს შესაძლებლობა ბევრი ვიფიქრო, გავაანალიზო. მთავარია, ადამიანებმა, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ, აკეთონ საუკეთესო პროექტები“.