ჟურნალისტიკა სოციალურ-პოლიტიკური მოღვაწეობის ისეთი ინსტრუმენტია, რომელმაც საზოგადოების ინტერესის უკლებლივ ყველა სფერო მოიცვა. სპორტის, ხელოვნების, კულტურის, პოლიტიკისა თუ ბიზნესამბების აღწერისა და გაშუქების მიღმა, მედიაში ჩამოყალიბდა საგამოძიებო ჟურნალისტიკაც, რომელიც ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული საეჭვო ამბების გადამოწმებით, გამოძიებითა და მისი საზოგადოებისთვის მიწოდებით არის დაკავებული.
ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია საქართველოში „აი, ფაქტია“, რომლის მიზანია მკითხველს შესთავაზოს ჟურნალისტური გამოძიებები, გადამოწმებული ფაქტები და ვიზუალურად დამუშავებული სტატისტიკური მონაცემები.
Forbes Woman Georgia გთავაზობთ ინტერვიუს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ დამფუძნებელსა და რედაქტორ ნინო ბაქრაძესთან.
როგორ და რატომ შეიქმნა ქვეყანაში „აი, ფაქტი”?
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი” მე და ნინო გაგუამ 2016 წელს დავაფუძნეთ. მანამდე Organized Crime and Corruption Reporting Project-ისთვის ვმუშაობდით. 2015-2016 წლებში „პანამის დოკუმენტებზე“ ვიმუშავე და გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანაში ჩვენ მიმართ ინტერესი გაჩნდა. იმ დროს ქართულ სივრცეში მედია, რომელიც მულტიმედიურ გამოძიებებს შექმნიდა, არ არსებობდა. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ამ ტიპის ორგანიზაცია ქართული ჟურნალისტიკის განვითარებისთვის საჭირო იყო. სახელიც კი ასახავს, რას ვაკეთებთ და ვთავაზობთ მომხმარებელს – მხოლოდ ფაქტებს, რომლებიც გადამოწმებულია და დიდი ძალისხმევითაა მოპოვებული.
რა ბარიერები ახლდა თან გაერთიანების ჩამოყალიბებას და ვინ იყვნენ/არიან გამომძიებელი ჟურნალისტების მხარდამჭერები?
„აი, ფაქტის” ჩამოყალიბებას არ ახლდა ბარიერები, უფრო შემდეგ საქმიანობას ახლავს. ორგანიზაციის ფინანსური მხარდამჭერები დაარსების დღიდან არიან OCCRP და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”. შემდეგ თანდათან შემოგვემატნენ სხვა მხარდამჭერებიც. ახლა ჩვენთვის ძალიან ერთგული და დასაფასებელი მხარდამჭერია აშშ-ის მთავრობის ფონდი National Endowment for Democracy (NED).
როგორია სამუშაო გარემო და ორგანიზაციული კულტურა „აი, ფაქტში”?
სამუშაო გარემო ისეთია, როგორ თემაზეც ვმუშაობთ – თუ მძიმე თემაა და ბევრი ტვინის ჭყლეტაა საჭირო, გარემოც მძიმდება ხოლმე, რადგან ყველანი დაძაბული ვართ, რათა მაქსიმალური სიზუსტე, ბალანსი და ეთიკა შევინარჩუნოთ. ზოგადად კი ვცდილობთ, რომ გარემო იყოს ყველასთვის კომფორტული და დილით ერთმანეთის დანახვა გვახარებდეს. არ ვართ დიდი გუნდი და ეს გვინარჩუნებს „სახლურ და ოჯახურ” გარემოს.
როგორი უნდა იყოს „აი, ფაქტის” თანამშრომელი და, ზოგადად, პროფესიონალი გამომძიებელი ჟურნალისტი?
„აი, ფაქტის” თანამშრომელი ანუ გამომძიებელი ჟურნალისტი, უპირველესად, კარგი მოქალაქე, პრინციპებისა და მორალის ერთგული ადამიანი უნდა იყოს – ეთიკური, სამართლიანი, განათლებული, კირკიტა, მოხერხებული, მოთმინების დიდი უნარისა და უსაზღვრო შრომისმოყვარეობის მქონე, რათა დაწყებული გამოძიებები ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს. უნდა შეეძლოს გუნდური შრომა, რადგან ჩვენი სამუშაო, ძირითადად, გუნდურია. მარტო გამომძიებელ ჟურნალისტს ძალიან გაუჭირდება მასალაზე მუშაობაც და ზოგიერთ სიტუაციაში – თავის გადარჩენაც. ამჟამად „აი, ფაქტში” მუშაობს 11 ადამიანი, რომელთაგან მამრობითი სქესის მხოლოდ ერთია და ისიც ტექნიკურ ნაწილში გვეხმარება. ჩემი 11-წლიანი დაკვირვებით ამ სფეროზე, მინდა ვთქვა, რომ ქალები ამ საქმეს ბევრად უფრო თავდადებით, ერთგულად და კეთილსინდისიერად ასრულებენ, ვიდრე კაცები. არ ვიცი, ეს რისი ბრალია და შეიძლება თუ არა ამ სურათის განზოგადება, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს ჟურნალისტიკა საქართველოში მდედრობითი სქესის პროფესია უფროა. ქალებს მძიმე ტვირთის ზიდვა გვიწევს ამ ქვეყანაში. კაცები კი უფრო „ფულიანი” სფეროებისკენ მიილტვიან.
რომელ მნიშვნელოვან თემას გამოყოფდით, რის გაშუქებასაც საზოგადოების მხრიდან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა?
“აი, ფაქტის” არსებობის განმავლობაში ბევრი ასეთი ამბავი იყო. ამ ბოლო დროს გამოვყოფდი არჩევნების გაშუქების ამბავს. ჩვენ პროპორციული ოქმები გადავთვალეთ თავიდან და ვიპოვეთ ბევრი დარღვევა ქვეყნის მასშტაბით. მგონია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ძალიან გამოადგათ ჩვენი ნაშრომი და დაიწყეს მასობრივად გასაჩივრება ამ დარღვევების. ვნახოთ, ეს რა შედეგს მოუტანს ქვეყანას ამ ახლო მომავალში.
რამდენად ღიად და კეთილგანწყობილად თანამშრომლობენ სახელმწიფო უწყებები “აი, ფაქტთან”?
არც ღიად და არც კეთილგანწყობილად არ თანამშრომლობენ ჩვენთან. მთავრობა ჟურნალისტებს და მითუმეტეს გამომძიებელ ჟურნალისტებს მტრებად მიიჩნევს, შესაბამისად, პოლიტიკაც ჩვენ მიმართ ისეთია, როგორიც მტერთან უნდა გქონდეს. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მტრულია გარემო. გვიზღუდავენ წვდომას საჯარო ინფორმაციაზე, ყველანაირად ცდილობენ ინტერვიუსთვის თავის არიდებასა და ჩვენგან დამალვას.
Pandora papers-ის გამოძიების ერთადერთი წევრი საქართველოდან “აი, ფაქტია”. რისი თქმა შეგიძლიათ სამუშაოს მიმდინარეობისა და მიღებული შედეგების შესახებ დღეის მონაცემებით?
„პანდორას დოკუმენტები” მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ჩვენთვის. პროცესი არის ძალიან საინტერესო, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ასობით ჟურნალისტია ჩართული და ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ. ვეხმარებით ერთმანეთს, რათა საჭირო ინფორმაცია ჩვენ-ჩვენს ქვეყანაში გადავამოწმოთ ან მოვიპოვოთ. დიდი პატივია ასეთ სერიოზულ პროექტში მონაწილეობა და ICIJ-სთვის სანდო პარტნიორის როლში ყოფნა. პანდორას ყუთში 12 მილიონამდე დოკუმენტია, რომელიც, ბუნებრივია, ჯერ სრულად არავის წაუკითხავს. ჩვენც მუშაობას ვაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ მალე გვექნება ახალ-ახალი მასალები ამ ყუთიდან. „აი, ფაქტიდან” 5 ადამიანია ჩართული ამ პროექტში და ნამდვილად ძალიან შრომატევადია ყველაფრის მოსწრება, წაკითხვა, კვლევა, გაანალიზება, ინტერვიუები და ა.შ. ამიტომაც კიდევ უფრო მეტი დრო გვჭირდება.
ცნობილია, რომ „აი, ფაქტი” ჟურნალისტური მოღვაწეობის გარდა საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა. რას ემსახურება და რა მნიშვნელობისაა ქვეყნისათვის ერთწლიანი პროგრამა “სიღრმისეული სწავლება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში”?
„სიღრმისეული სწავლება საგამოძიებო ჟურნალისტიკაში” „აი, ფაქტისა” და Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის ერთობლივი პროექტია. ერთი წლის განმავლობაში კონკურსით შერჩეული მონაწილეები ბევრ რთულ ამოცანასა და გამოწვევას უმკლავდებიან და პრაქტიკაში იყენებენ იმ ცოდნას, რომელსაც თეორიულ მოდულებზე იღებენ. როდესაც პროგრამის სილაბუსს ვამუშავებდით, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო, რომ ეს ტრენინგი არ ყოფილიყო მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარებული და მხოლოდ ფულის დასახარჯად გამიზნული. ჩვენი მიზანი იყო, რომ შერჩეულ მონაწილეებს მაქსიმალურად მეტი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა მიეღოთ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. მგონია, რომ პროგრამა ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან მოსულები სწავლობენ იმას, რაც დღეს საქართველოს არცერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება.
როგორ წარმოგიდგენიათ „აი, ფაქტის“ განვითარება გრძელვადიან პერიოდში? რა სჭირდება და რა აკლია საგამოძიებო მედიას დღეს ყველაზე მეტად?
გრძელვადიან პერიოდში ძალიან გვინდა, რომ მოვიპოვოთ ფინანსური მხარდაჭერა ქვეყნის აქტიური მოქალაქეებისგან, რომლებიც გრძნობენ, რომ საქართველო დაადგა არადემოკრატიული განვითარების გზას და სულ უფრო და უფრო უკან მიდის ჩვენი საქმე. ახლა ვიწყებთ დაფინანსების ახალი წყაროების მოზიდვას და აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში ინდივიდები, ამ ქვეყნის აქტიური ნაწილი და მათ უნდა გაიაზრონ, რატომაა საჭირო საგამოძიებო ჟურნალისტიკა ქვეყანაში და შემდეგ მისი მხარდაჭერა. მგონია, რომ “აი, ფაქტმა” ბევრჯერ დაამტკიცა თავისი საჭიროებაცა და კეთილსინდისიერებაც.
დღეს საგამოძიებო მედიას აკლია სიმარტივე და საყოველთაოობა. სამწუხაროდ, ჩვენ ვწერთ ისეთ თემებზე, რომლებიც არაა გასართობი, რომლებიც ვერ აღაფრთოვანებს ხალხს – უფრო პირიქით – მუდმივად ნაკლისკენ, ხარვეზისკენ და პრობლემისკენ მივუთითებთ საზოგადოებას. ეს კი ზოგიერთისთვის მოსაწყენია, საქართველოში კი ასეთი “ზოგიერთი” ბევრია. თუმცა, მათ რომ მედიაწიგნიერებისა და, ზოგადად, წიგნიერების მაღალი დონე ჰქონდეთ, მიხვდებოდნენ, რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია ხარისხიან და პროფესიონალურ ჟურნალისტიკას ქვეყნისთვის. როგორც “ვაშინგტონ პოსტის” დევიზი გვეუბნება, დემოკრატია კვდება სიბნელეში. ჩვენც, „აი, ფაქტელები” ვფიქრობთ, რომ ვიბრძვით წყვდიადის წინააღმდეგ.