თუ თქვენ Netflix–ის ახალი სერიალის, Squid Game-ის მაყურებელი ხართ, ალბათ, უკვე სხვა თვალით აღიქვამთ ისეთ უცოდველ ბავშვურ თამაშებს, როგორიცაა ომობანა და გართობა ფერადი განათებების დახმარებით.
სერიალის რეჟისორის, ჰვანგ დონგ-ჰიუკის თქმით, გართობის ეს სახეობები მისი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო სამხრეთ კორეაში.
”ჩვენ ყველას რაღაც პერიოდში მაინც გვითამაშია ეს მარტივი და ბავშვური თამაშები. ის ძლიერ ფიზიკურ დატვირთულობას მოითხოვდა და ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვთამაშობდით, ვიღაც დაშავდებოდა, ტანსაცმელს დაგლეჯდა ან ტიროდა” – განაცხადა მან CNN–თან საუბრისას.
რეჟისორის თქმით, ზრდასრულობისას სწორედ საკუთარი თავისთვის დასმულმა შეკითხვამ – ახლა უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, როგორი იქნებოდა კვლავ ბავშვობის თამაშები – შთააგონა მთელი სერიალის შექმნა.
Squid Game სექტემბერში გამოვიდა. სიუჟეტი პრობლემებში ჩაძირული ადამიანების ორთაბრძოლების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთამენთს საბედისწეროდ და მკაცრად უპირისპირდებიან. სერიალის რეიტინგმა უკვე 90 ქვეყანაში, აშშ-ის ჩათვლით, პირველ ადგილს მიაღწია და მისი პოპულარობა დღითიდღე მატულობს.
ჰვანგი განმარტავს, რომ შოუს ნარატივი თანამედროვე სამყაროში გაბატონებული კონკურენციის წესების ანარეკლია.
“ეს არის ისტორია დამარცხებულების შესახებ, მათ შესახებ, ვინც ყოველდღიურ გამოწვევებს ებრძვის, თუმცა გამკლავება უჭირს, ცხოვრებას უკან ჩამორჩება, გამარჯვებულები კი წინ მიიწევენ”.
სერიალში გადმოცემულია უშუალოდ მისი პირადი ისტორიებიც. მაგალითად, ორ მთავარ პერსონაჟს, სონგ გი-ჰუნსა და ჩო სანგ-ვუს, მისი ძველი მეგობრების სახელი ჰქვიათ და რეჟისორი მათ “შინაგან კლონებს” უწოდებს.