ეკა ჟვანია მიუსაფარი ბავშვებისთვის

ავტორი: სოფო კარგარეთელი

ფოტო: ანა ბოკო

მის პროფესიულ კარიერაში დიდი ადგილი განათლების სექტორს უკავია, უფრო კონკრეტულად, ამ სექტორში სხვადასხვა პროგრამების მართვას. ეკა ჟვანიას ბიოგრაფია მოიცავს თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პოზიციებს სახელმწიფო სექტორში. მართვის გამოცდილებას 2002 წლიდან იძენს და ამის შემდეგ იწყება მუშაობა ამერიკის მშვიდობის კორპუსში, შემდეგ ერთვება მსოფლიო ბანკის, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს და ევროკავშირის განათლების პროგრამებში. ნახევარი წელი სუდანშიც გაატარა, იქაც განათლების პროგრამის მენეჯერი იყო. როცა Forbes Woman-თან ამ პერიოდს იხსენებს, ამბობს, რომ ამ გამოცდილებამ მასში ბევრი ცვლილება განაპირობა, სხვა ღირებულება და მნიშვნელობა შესძინა ყოველდღიურობას და ბევრი რამის აღქმა და დაძლევა სუდანის შემდეგ მარტივად შეძლო. ეკა ორგზის განათლების სამინისტროშიც მუშაობდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობისას მისი უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით შემუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ვაუჩერიზაციის პროგრამა. ამაყად შეიძლება ითქვას, რომ ეკა ჟვანია წლების განმავლობაში იყო თითქმის ყველგან, სადაც განათლებაა, დაწყებული სასკოლო, გაგრძელებული პროფესიული თუ არაფორმალური განათლების ეტაპებით. თუმცა 6 წლის წინ, როცა „World Vision საქართველომ“ პროგრამის ხელმძღვანელის ვაკანსია გამოაცხადა, სექტორის შეცვლაზე დაფიქრდა. ერთი წლის შემდეგ იგი „World Vision-ის“ საქართველოს დირექტორის პოზიციაზე დაწინაურდა. უკვე 6 წელია მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი დოზით ბავშვები არიან, თანაც ბავშვები ყველაზე სენსიტიური გარემოდან.

რა არის World Vision-ის მისია საქართველოში?

“World Vision საქართველო” წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მისია ბავშვთა დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. კერძოდ, ორგანიზაციის მიზანია სახელმწიფოს ხელშეწყობა იმ სტრუქტურების და სისტემების ჩამოყალიბებაში, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დაცულ გარემოში ცხოვრებას და მრავალმხრივ განვითარებას.

რას გულისხმობთ სახელმწიფოს ხელშეწყობაში, რა გზებით ახერხებს ამას “World Vision საქართველო?”

მდგრადი ცვლილებების მისაღებად ჩვენი ორგანიზაცია სამ დონეზე მუშაობს:

• ბენეფიციარებთან ‒ ადამიანებთან, რომელთაც სჭირდებათ დახმარება;

• რეგიონულ დონეზე ‒ ადგილობრივ თვითმმართველობებთან და თემებთან;

• სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ‒ კანონმდებლობაში სხვადასხვა ცვლილებების განსახორციელებლად.

ჩვენი მიზანია, სამივე დონეზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მივაღწიოთ ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით.

კანონმდებლობა ახსენეთ და მაინტერესებს, რამდენად დასახვეწია საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა?

საქართველოში საკანონმდებლო ბაზა არსებობს, შემუშავებულია ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. თუმცა ძალიან სერიოზული გამოწვევები გვაქვს აღსრულების კუთხით. განსაფასებელია ყველა ის ასპექტი, რომელიც, სამოქმედო გეგმაშია ჩადებული, იმისთვის, რომ აღსრულების კუთხით სწორი ინიციატივები განხორციელდეს. მაგალითისთვის, მიუსაფარი ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში, არსებობს სერვისები, რომელიც ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას, თუმცა ეს სერვისები კომპლექსური და ძვირადღირებულია და სახელმწიფოს მწირი დაფინანსებით ვერ ხერხდება ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფა. ეს სერიოზული პრობლემაა.

რა იწვევს სერვისების ხარისხიანი მიწოდების პრობლემას? მხოლოდ მწირი დაფინანსება? იქნება კვალიფიკაციის პრობლემა, არასაკმარისი პოლიტიკური ნება? და ზოგადად, კანონის აღსრულებაზე, რომელი კონკრეტული უწყებაა პასუხისმგებელი?

ბავშვთა დაცვა საკმაოდ კომპლექსური საკითხია. ზოგადად, ბავშთა დაცვასა და კეთილდღეობის საკითხებზე მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა, თუმცა იმისთვის, რომ ბავშვები დაცულები იყვნენ, ეს საჭიროებს ერთიან ძალისხმევას, განათლების, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ჩართულობას. ამ ყველა სახელმწიფო უწყებას აკისრია თავისი როლი ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებში.

ამ სისტემის გამართვის პოლიტიკური ნება არსებობს, თუმცა დაფინანსება კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება. პრობლემის მიზეზი ორი მიმართულებით შეიძლება დავინახოთ ‒ ერთი არის განფასების საკითხი და მეორე კვალიფიციური კადრების სიმცირე. ეს უკანასკნელი განპირობებულია სოციალური სფეროს არასაკმარისი პოპულარობით და სხვა სექტორებთან შედარებით დაბალი დაფინანსებით.

“World Vision საქართველო” ფართომასშტაბიან რეგიონალურ პროგრამებს ახორციელებს. აგრეთვე, ახდენთ დღის და ღამის თავშესაფრების ადმინისტრირებას. უფრო კონკრეტულად რომ გვიამბოთ, თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის და იმის შესახებ, რასაც საქართველოში მიუსაფარ ბავშვებს სთავაზობთ.

ორგანიზაციას სამი სტრატეგიული მიზანი აქვს ‒ ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა; ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობა და სკოლამდელი განათლება; ახალგაზრდების არაფორმალური განათლება და დასაქმება. სამი სტრატეგიული მიზნის ქვეშ “World Vision” 12 სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. გვაქვს მუდმივმოქმედი პროგრამული ოფისები საქართველოს სამ რეგიონში ‒ თბილისის სათაო ოფისის გარდა, ჩვენ ვართ ახალციხეში, თელავსა და ქუთაისში. აგრეთვე, რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ურბანული განვითარების პროგრამა, რომელიც, ძირითადად, თბილისის კონტექსტში მცხოვრებ ადგილობრივ მოწყვლად ბავშვებთან, მათ ოჯახებთან და სკოლებთან მუშაობს, იმისთვის, რომ მოხდეს სხვადასხვა აქტორების გაძლიერება.

ცალკე პროგრამაა ‒ თავშესაფრები. 2013 წლიდან “World Vision საქართველო” ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე აქტიურად მუშაობს. მიმდინარე ეტაპზე “World Vision-ი” სამ ‒ დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს მართავს, ბავშვთა საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად. სერვისების მიზანია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა და მათი განვითარების საჭიროებების დაკმაყოფილება. ჩვენს ცენტრებში ყოველდღიურად საშუალოდ 125 ბავშვი იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას. აღნიშნული სამი ცენტრის დაფინანსებას ნაწილობრივ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვე-პროგრამის ფარგლებში. თუმცა, გასათვალისწინებელია ის რეალობა, რომ საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მსოფლიო კონფლიქტების და კრიზისების ფონზე, ეტაპობრივად მცირდება. ადგილობრივი ფონდების მოძიების გარეშე ცენტრების დახურვის რისკი მაღალია.

როგორ გამოიყურება ციფრებში მიუსაფარი ბავშვების პრობლემა ქვეყანაში და რა არის თქვენი სტრატეგია ვითარების შესაცვლელად?

მიგვაჩნია, რომ მთავარია მოწყვლადმა ჯგუფებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები, შეძლონ ამ უფლებებით სარგებლობა და სახელმწიფოში არსებობდეს კანონმდებლობა და პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მოწყვლად ჯგუფებს სირთულეებისა და პრობლემების დაძლევაში. დღეისთვის, საქართველოს მასშტაბით, 2000-მდე მიუსაფარი ბავშვია. ეს ბავშვები, ძირითადად, დიდ ქალაქებში, ტურისტულ ზონებში გვხვდებიან. მიუსაფარი ბავშვების რაოდენობა ვერ შემცირდება, თუ სახელმწიფო ოჯახების მხარდაჭერაზე ორიენტირებულ პრევენციულ პროგრამებს არ გააქტიურებს. როდესაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთან გვიწევს მუშაობა, მძიმე შედეგი უკვე სახეზეა. ამის გამოსწორება გაცილებით რთულია, ვიდრე პრევენციაზე მუშაობა. შესაბამისად, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევით მეტი პრევენციული ღონისძიებების გატარება.

World Vision საქართველო” არის ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიის მონაწილე. რას გულისხმობს ეს კამპანია და რა ინიციატივებს ახორციელებთ საქართველოში?

მოცემული კამპანია გულისხმობს საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობას, იმისთვის რომ ბავშვები ნებისმიერი ძალადობისგან დაცულნი იყვნენ. ჩვენ გლობალურ კამპანიას 2014 წელს შევუერთდით და სპეციალური კამპანია „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ წამოვიწყეთ. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდა და მათი ჩართულობით მიუსაფარი ბავშვების უკან არსებული პრობლემების წინ წამოწევა და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მათი გადაწყვეტა.

როგორია ბიზნესის მიდგომა მიუსაფარი ბავშვების პრობლემების მიმართ?

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ბიზნესის მხარდაჭერა ამ სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება დროთა განმავლობაში, ვინაიდან საერთაშორისო დაფინანსება ეტაპობრივად გადადის მსოფლიოს უფრო მწვავე რეგიონებში.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გავააქტიურეთ ბიზნესთან ურთიერთობა. ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, სიკეთის მაგალითების ძიების პროცესში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტრენდული გახდა ტერმინი სოციალური პასუხისმგებლობა, სისტემური მხარდაჭერა მაინც ძალიან იშვიათია. სწორედ ამ სიკეთის მაგალითებით გვინდა აღნიშნული კულტურის გაზრდის ხელშეწყობა და საბოლოო ჯამში მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი ჩართულობის მოპოვება.

ცხადია, არიან გამონაკლისები, მაგალითად „ვისოლ ჯგუფმა“ საშუალება მოგვცა, „ვენდის” რესტორნების ქსელში შესაწირი ყუთები დაგვედგა. კიდევ არაერთი მაგალითი არსებობს მხარდაჭერის და სწორედ, ამაში ვგულისხმობ ერთიან ძალისხმევას.

საბოლოო ჯამში ბიზნესი მაინც პასიურია, თუმცა ესეც გასაგებია ‒ ქვეყანაში ბიზნეს სექტორი ისეთი განვითარებული არ არის, როგორც ეს ჩვენ გვინდა.

რამდენად დიდია პასუხისმგებლობა, როცა უკვე 6 წელია ამ ძალიან მწვავე პრობლემის სათავეში დგახართ და რის ხარჯზე ახერხებთ ორგანიზაციის მთავარი მისიის შესრულებას?

სოციალური სექტორი არის ძალიან კომპლექსური და სენსიტიური, მას ძირეული შესწავლა სჭირდება.

მერგო პატივი, ვუხელმძღვანელო განსაკუთრებული ადამიანებისგან შემდგარ გუნდს. ეს როგორც დიდი სიმდიდრე, ასევე დიდი გამოწვევაა! ჩვენ, როგორც ორგანიზაცია კარგად ვაცნობიერებთ არსებული სოციალური პრობლემების სიმწვავეს და მათი გადაჭრისათვის გასაწევი ძალისხმევის საჭიროებას. მას შემდეგ, რაც ამ გუნდს ჩავუდექი სათავეში, მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება და კიდევ უფრო მეტი რესურსის მოძიება დაგვჭირდა.

ექვსი წლის წინ სტრატეგიის შეფასება გავაკეთეთ და დავინახეთ პრობლემა, რომ მხოლოდ თემთან და ბენეფიციართან მუშაობით მდგრად ცვლილებას ვერ მივიღებდით. აქედან გამომდინარე, რადიკალურად შევცვალეთ დამკვიდრებული მიდგომები და კულტურა, დავამატეთ კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება. ამის შემდეგ კი მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ. დღეს “World Vision საქართველოს” სახით, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სექტორში, ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გუნდთან ერთად მიღწეული შედეგი გულწრფელად მეამაყება!

ეკა ჟვანიას მიაჩნია, რომ გამოწვევების მიმართ ჯანსაღი მზაობის გარეშე პროფესიული წარმატება არ მოდის. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ გამოწვევები მუდმივად იქნება, მით უფრო დიდი და მწვავე, რაც უფრო წინ წახვალ პროფესიაში. ამბობს, რომ წარმატება არც კომპრომისების, დიდი შრომისა და განვითარებისკენ სწრაფვის გარეშე მოდის.