ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო რუსეთის ფედერაცია კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასახელებისთვის ბოლო ვადა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
კომიტეტის გადაწყვეტილების მიხედვით, თუ რუსეთი 2020 წლის 12 ნოემბრამდე არ დასთანხმდება პირდაპირ საქართველოსთვის ან ევროსაბჭოს შუამავლობით თანხის გადახდაზე, მაშინ 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე შუალედური რეზოლუცია მიიღება, რაც ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ პროცედურების დასაწყებად პირველი პროცედურული ნაბიჯია.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, რომ მორალური კომპენსაციის სახით, საქართველოს 10 მილიონი ევრო ჩაურიცხოს. აღნიშნული თანხა 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირს, გადაეცემა.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა, მაგრამ რუსეთი ამ ვალდებულებას დღემდე არ ასრულებს, რის გამოც, კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან, ყოველ გადაცილებულ დღეზე რუსეთს პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.
უწყების ცნობით, ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტსა და 1-3 სექტემბერს მიიღო, რითაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები გაიზიარა და რუსეთს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა.