ავტორი: აკა ზარქუა
მთელ მსოფლიოში დღესასწაულები ბევრი ადამიანისთვის წლის ყველაზე საყვარელი პერიოდია. ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს; ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ის არდადეგებია, რომელიც წლის ამ პერიოდს ემთხვევა. ამ დღესასწაულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, განსხვავებულად აღნიშნავენ, ზოგან შობა უფრო მეტად აღინიშნება, ზოგან კიდევ ახალი წელი, თუმცა ადამიანების ქცევის „პატერნი “ ხშირ შემთხვევაში მსგავსია.
დეკემბრის მიწურულს, მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ოჯახები ერთად იკრიბებიან; ადამიანები ცდილობენ გაახარონ საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლები. თავისთავად, ეს ადამიანური სურვილი აისახება ქვეყნის თუ ჯამურად მსოფლიო ეკონომიკაზე. შედეგად იქმნება ფენომენი, რომელსაც პირობითად დღესასწაულების ეკონომიკა ეწოდება.
სხვადასხვა რელიგიური თუ სამოქალაქო დღესასწაულის მოლოდინში ადამიანების ეკონომიკური აქტივობა თავის პიკს აღწევს. მოსახლეობა მარაგდება დღესასწაულის აღნიშვნისთვის საჭირო სხვადასხვა ატრიბუტით, საახალწლო განათებებიდან, საჩუქრებამდე და საზეიმო სუფრამდე. აქედან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა, იზრდება გაყიდვები და, შესაბამისად, მოხმარებაც.
აშშ-ში გადაყიდვის სფეროში მომუშავე ბიზნესების წლიური გაყიდვების 20% სწორედ საშობაო არდადეგების პერიოდს ემთხვევა. წლის ამავე პერიოდს ემთხვევა, ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვადასხვა ინდუსტრიაში. საშობაო სეზონი ყველაზე ადრე კანადაში იწყება, კანადელები შობისთვის უკვე ოქტომბრის ბოლო დღეებიდან ემზადებიან. თითქმის ერთდროულად იწყება საშობაო სეზონი აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში, ძირითადად, ნოემბრის შუა რიცხვებიდან. თითქმის ყველგან, ქალაქის ქუჩებში საშობაო სეზონი სადღესასწაულო განათებების ჩართვით იწყება.
ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ადამიანების წლიური პერსონალური ხარჯვის მეოთხედი სწორედ 12- დღიანი საშობაო არდადეგების პერიოდს ემთხვევა. ამ ფენომენს გავლენა აქვს მსოფლიოში მოქმედ უკლებლივ ყველა ბიზნესზე, განურჩევლად საქმიანობის სფეროსი. ასე, მაგალითად, სწორედ ამ პერიოდში გამოდის წლის ყველაზე მაღალბიუჯეტური ფილმები, კინოსტუდიები თავისი ნამუშევრის პრემიერისთვის საუკეთესო დროდ სწორედ საშობაო არდადეგებს მიიჩნევენ. მათი აზრით, ეს ასევე ზრდის, კინოსამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს, ოსკარის მოპოვების შანსსაც.
საყოველთაო ბუმის მიუხედავად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მწვავედ უპირისპირდებიან საშობაო საყიდლების სეზონს. “შობა საყიდლების გარეშე”- ეს არის ამ დროისთვის მიმდინარე საპროტესტო მოძრაობის სახელი, რომელიც სათავეს 1968 წლიდან იღებს. მოძრაობის დამაარსებელია ამერიკელი ელი კლარკი. კლარკი თავის ოჯახთან ერთად შობის კომერციალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა და მოუწოდა ხალხს, უარი ეთქვათ საშობაო დანახარჯებზე. მოძრაობამ ოფიციალური სახე პირველად 2001 წელს მიიღო, როდესაც კანადელი ქრისტიანი მენონიტების მეთაურობით ამ სახელწოდების მოძრაობა და მოძრაობის ვებსაიტი შეიქმნა.
ასევე, არსებობს “არაფრის ყიდვის დღეც”. ეს არის კონსუმერიზმის საწინააღმდეგო დღე, რომელიც კანადელმა არტისტმა ტედ დეივმა კონსუმერიზმის გასაპროტესტებლად დაარსა. ისტორიაში პირველი აქცია კონსუმერიზმის წინააღმდეგ, 1992 წელს, ამერიკული მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს გაიმართა. ამ დღის შემდეგ კონსურიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ, სწორედ ეს დღე დაწესდა.
კონსუმერიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა მცდელობების მიუხედავად, საშობაო არდადეგების პერიოდში ამერიკელები საშუალოდ 700 მილიარდ დოლარს ხარჯავენ. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, მით უფრო მეტი თანხა იხარჯება სადღესასწაულო პერიოდში. იგივე მაჩვენებელია დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, საშუალოდ, დაახლოებით- 21 მილიარდია, ხოლო ესპანეთის შემთხვევაში კი- 12 მილიარდი. პოლონელები საშობაო საჩუქრებზე ყოველწლიურად, საშუალოდ 4 მილიარდს ხარჯავენ, ხოლო რუსეთის მოქალაქეები კი- 16 მილიარდ დოლარს.
რაც უფრო მდიდარია რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, მით უფრო მეტია, მისი სადღესასწაულო დანახარჯი. ცხადია, შობა ამ მხრივ, ყველა სხვა დღესასწაულთან შედარებით, დიდი უპირატესობით სარგებლობს. ამის მიზეზი მარტივია, შობა იმ რელიგიის მთავარი დღესასწაულია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიარდამდე მიმდევარი ჰყავს. საშობაო პერიოდში, ყოველწლიურად იქმნება ახალი ეკონომიკური ინდუსტრია, რომელიც ადამიანების სადღესასწაულო პერიოდში განსაკუთრებულ მოთხოვნას აკმაყოფილებს.
მიუხედავად იმისა, რომ საშობაო პერიოდი დედამიწის მოსახლეობისთვის ყველაზე ხარჯიანია, ასევე არსებობს სხვა დღესასწაულებიც, რომლის პერიოდშიც ადამიანები ასევე ხარჯავენ საკუთარი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს. ერთ-ერთი ასეთი დღესასწაულია- აღდგომა. მართალია, გაცილებით უფრო მცირე მასშტაბით, თუმცა მაინც ქრისტიანები სააღდგომო არდადეგების პერიოდშიც, საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ. მოსახლეობის სადღესასწაულო დანახარჯები ამ შემთხვევაში, ხშირად არა მათი პირდაპირი შემოსავლებით, არამედ რელიგიური განწყობების მიხედვით იზრდება.
ისევე, როგორც, სხვა ქვეყნებში, მართლმადიდებლურ სამყაროში აღდგომა თუ ყველაზე განსაკუთრებული არა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად მოიაზრება. მათ შორის, საქართველოშიც. რელიგიური მნიშვნელობის გარდა, აღდგომას საქართველოში კულტურული განზომილებაც გააჩნია. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს დღესასწაული მთელ რიგ რიტუალებთან ასოცირდება, კვერცხის შეღებვიდან, გარდაცვლილი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სასაფლაოზე მისვლით. ამ მოქმედებებს კი საკუთარი ეკონომიკური ღირებულება გააჩნია.
ყველაზე ხარჯიანი დღესასწაულები:
დედის დღე – 21 მილიარდი დოლარი
ვალენტინობა – 20 მილიარდი დოლარი
აღდგომა – 17 მილიარდი დოლარი
მამების დღე – 13 მილიარდი დოლარი
ჰელოუინი – 10 მილიარდი დოლარი
წმინდა პატრიკის დღე – 5 მილიარდი დოლარი
ცხადია, მსოფლიოს მოსახლეობის ასეთი აქტივობა და სადღესასწაულო ენთუზიაზმი დახარჯონ ფული, მოქმედებს მსოფლიოს ეკონომიკაზე; განსაკუთრებით მაღალია თანხის ხარჯვის გავლენის დონე მიმდინარე სადღესასწაულო პერიოდში. მსოფლიოს მოსახლეობის მიერ ფულის ხარჯვის დონე, ასევე საინტერესოა, ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის, ვინაიდან, ხარჯვის მიხედვით მეტ-ნაკლები სიზუსტით, შესაძლებელია ბაზრის ზოგადი მოლოდინების ამოცნობა.
ცხადია, სამომხმარებლო ბუმს და არდადეგებს თავისი ფასი აქვს. ეს ფასი არის ის უქმე დღეები, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას აკლდება. ვინაიდან, ადამიანები არდადეგებზე არ მუშაობენ, ეს დღეები ეკონომიკურად წამგებიანი და ხარჯიანია. რაც უფრო მეტი დასვენების დღეა წლის განმავლობაში, მით უფრო მეტია ქვეყნის ეკონომიკისთვის დაკარგული თანხა. პოტენციური მოგების დაკარგვის გარდა, ასევე გარკვეული შეუსაბამობები და ხარვეზები არსებობს, უშუალოდ არდადეგებისა და საჩუქრების ყიდვისა და ჩუქების პროცესშიც.
საქმე იმაშია, რომ საშობაოდ თანხის ხარჯვა, ორთოდოქსული მიკროეკონომიკური თეორიის მიხედვით, ეკონომიკურად გაუმართლებელია. იელის უნივერსიტეტის პროფესორის, ეკონომისტის, ჯოელ ვალდფოგელის კვლევის მიხედვით, იმ საჩუქრების ფასი, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან ხშირად შეუსაბამოა. საქმე იმაშია, რომ ფასი, რომელსაც საჩუქარში მჩუქებელი იხდის, ხშირად აღემატება იმ თანხას, რასაც გადაიხდიდა ამ საჩუქარში თავად ბენეფიციარი. ამგვარად, ვალდფოგელმა გამოთვალა აუნაზღაურებელი დანაკარგის რაოდენობა. თუ კი ამ მეთოდს ვენდობით, მხოლოდ აშშ-ში 2001 წელს დანაკარგმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საჩუქრები, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან, ჩუქების პროცესში საკუთარი ღირებულების 10 -დან 30 პროცენტამდე კარგავს. ხშირია მიღებული საჩუქრების გაყიდვის, გადაჩუქების, უკან დაბრუნების ან სულაც გადაგდების შემთხვევები. 2016 წელს ევროკავშირში ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 15 პროცენტი უკმაყოფილო იყო მიღებული საჩუქრით, 10 პროცენტს საერთოდ არ ახსოვდა რა მიიღო საჩუქრად. გამოკითხულთა 25 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ მიღებული საჩუქრები გადააჩუქეს, 14 პროცენტმა მიღებული საჩუქრები გაყიდა, 10 პროცენტი შეეცადა საჩუქრები მაღაზიაში დაებრუნებინა, ხოლო 5 პროცენტმა საჩუქარი მჩუქებელს დაუბრუნა. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო რაციონალურები აღმოჩდნენ მოსახლეობის ასაკოვანი წარმომადგენლები, მათმა უმრავლესობამ, იმ საჩუქრების ნაწილი, რომელიც არ მოეწონა, ქველმოქმდებას მოახმარა, ხოლო 25-35 წლამდე ასაკის მოქალაქეები კი, უბრალოდ, იშორებდნენ არასასურველ საჩუქრებს.