დედოფლის ტახტზე ყოფნის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად 2022 წლის 2-5 ივნისი უქმე დღეებად გამოცხადდა

COPYRIGHT REUTERS

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა დედოფალ ელისაბედ II-ის ტახტზე ყოფნის 70-ე საიუბილეო წლისთავის აღსანიშნავად 2022 წლის 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით უქმე დღეები გამოაცხადა. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში პირველი მონარქი გახდება, რომელიც პლატინის იუბილეს აღნიშნავს.

დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა სამეფო ოჯახმა დღეს გამოაქვეყნა.  პროგრამის მიხედვით, 2 ივნისს სადღესასწაულო აღლუმი Trooping the Colour გაიმართება, რომელშიც 1400 ოფიცერი, ორასზე მეტი ცხენი და ოთხასამდე მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს აღლუმი პანდემიის გამო არ ჩატარებულა. 3 ივნისს წმინდა პავლეს ტაძარში სამეფო ოჯახი დედოფალს სამადლობელ პარაკლისს გადაუხდის. 4 ივნისს ელისაბედ II Epsom Derby-ის დოღს დაესწრება, საღამო კი ბუკინგემის სასახლეში გამართული ცოცხალი კონცერტით დასრულდება. შემსრულებლების ვინაობა ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, როგორც სამეფო ოჯახმა განაცხადა, კონცერტისთვის სპეციალური მოწვევით ჩამოვლენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები. ბოლო დღეს ღონისძიებები ქუჩაში გადაინაცვლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები. 5 ივნისს მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ქუჩებში მოეწყობა წვეულებები და სანახაობები, რომლებიც მოიცავს ქუჩის მხატვრობას, ცირკს, კოსტუმირებულ კარნავალსა და თეატრალურ დადგმებს.

აღსანიშნავია, რომ დედოფალი ელისაბედ II ტახტზე 1952 წელს ავიდა და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე სტაჟიანი მონარქია. იგი პირველად აღნიშნავს იუბილეს მეუღლის, პრინცი ფილიპეს გარეშე, რომელიც 2021 წლის აპრილში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.