საპრეზიდენტო დებატების კომისიამ დებატების მეორე ეტაპი დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მას შემდეგ გააუქმა, რაც პრეზიდენტმა ვირტუალურ დებატებში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა. კომისიასა და საპრეზიდენტო არჩევნების ორივე კანდიდატს შორის 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკება. საბოლოო შეხვედრა პოლიტიკურ მეტოქეებს შორის 22 ოქტომბერს, ნეშვილში გაიმართება.
Credits: AP
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა, კომისიამ, ექიმების რჩევით, განაცხადა, რომ დებატების მეორე ეტაპი, რომელიც მაიამიში იყო დაგეგმილი, ვირტუალურად ჩატარდებოდა, თუმცა დონალდ ტრამპმა ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ტრამპის განცხადების შემდეგ ბაიდენის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი დებატების ვირტუალურ ფორმატში მონაწილეობას დათანხმდებოდა.
პრეზიდენტის პირადი ექიმი აცხადებს, რომ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მგზავრობაც დასაშვებია, რაც დებატების ტრადიციულ გარემოში ჩატარებას შესაძლებელს ხდის, ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ დებატების ნაცვლად ღონისძიება გაიმართოს მერიაში NBC-სთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ ეს ღონისძიება ჩატარდება, ტრადიციული დებატების ნაცვლად, ორივე კანდიდატი მერიაში გამართულ ცალკეულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
დებატების გაუქმება ტრამპისთვის არც თუ ისე ხელსაყრელია. გამოკითხვების თანახმად, ის არ სარგებლობს ხმათა უმრავლესობით და მისი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შესაბამისად, დებატები პრეზიდენტისათვის იდეალურ პლატფორმას წარმოადგენს მხარდამჭერთა რაოდენობის გასაზრდელად.
შეგახსენებთ, რომ დებატების პირველი ეტაპი ბაიდენსა და ტრამპს შორის 29 სექტემბერს ჩატარდა, რომელსაც 73 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.