დავით კაკაბაძის უნივერსალური რეტროსპექტივა

ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო

       

ქართველი მხატვრის, მეცნიერის, გამომგონებლისა და ქართული მოდერნიზმის ერთერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის საიუბილეო 130 წლისთავს მაისში რამდენიმე კულტურული ღონისძიება მიეძღვნა. უპრეცედენტო მასშტაბის რეტროსპექტულმა გამოფენამთიბისი გალერეაშიკაკაბაძის მრავალმხრივი შემოქმედების პრაქტიკულად ყველა კომპონენტი გააერთიანა. პროექტის ავტორებმა საზოგადოებას ერთდროულად წარუდგინეს დავით კაკაბაძე როგორც მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, ფოტოგრაფი, ოპერატორი, მეცნიერი და სტერეოკინოს სპეციალისტი.

ნინა ახვლედიანი, თიბისი ბანკის არტკურატორი და დავით კაკაბაძის საიუბილეო პროექტის თანაავტორი და მარიამ კაკაბაძე, დავით კაკაბაძის ფონდის ხელმძღვანელი გვიყვებიან ამბავს:

ნინა ახვლედიანი: თიბისის პროექტების უნიკალური ხედვა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საუკუნის წინანდელი სახელოვნებო მემკვიდრეობა ტექნოლოგიურად სრულიად ახალ ფორმატებში გაცოცხლდეს და თანამედროვე, დღევანდელობისათვის ადეკვატური შინაარსითაც დაიტვირთოს. შესაბამისად, უკვე შესრულებულმა პროექტებმა განსაზღვრა ისეთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, როგორიცაა, დავით კაკაბაძის საიუბილეო 130 წლისთავთან დაკავშირებული მასშტაბური კულტურული პროექტის განხორციელება.

ჩვენი სურვილი იყო სხვადასხვა კოლექციიდან მაქსიმალურად მეტი ნამუშევარი გაგვეერთიანებინა. გამოფენა მოიცავს ეროვნული მუზეუმიდან, მარჯანიშვილის თეატრიდან, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეიდან თავმოყრილ ნამუშევრებს, თუმცა ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, ფონდისა და ოჯახის კოლექციიდანაა.

გამოფენის საექსპოზიციო დაგეგმარება აბსოლუტურად განსხვავებულია. სივრცეში არასტანდარტული ნარატივი გულისხმობს იმასაც, რომ ნამუშევრები მათი შექმნის ქრონოლოგიის მიხედვით არ გვაქვს დალაგებული. მოგეხსენებათ, დავით კაკაბაძე სხვადასხვაენასიყენებდა თავის შემოქმედებაში, ჩვენ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში გავაერთიანეთ.

მარიამ კაკაბაძე: ვიხელმძღვანელეთ მისივე სამეცნიერო კვლევებითა და პარიზში 20-იან წლებში გამოცემული ქართული კატალოგების ტექსტებით, სადაც ის ზუსტად სივრცეზე, სივრცის პერსპექტივაზე, მის აღქმაზე, არქიტექტურაზე წერს. ამ ტექსტებზე დაყრდნობით შევაჩერეთ არჩევანი საექსპოზიციო დაგეგმარების არასტანდარტულ გადაწყვეტაზე: დარბაზში მრგვალი სივრცეები შემოვიტანეთ, რამაც საშუალება მოგვცა სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები უკეთესად დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან.

მარიამ კაკაბაძე

ნინა ახვლედიანი: გარდა იმისა, რომ ნამუშევრები ერთიან სივრცეში წარმოვადგინეთ, არასტანდარტული გადაწყვეტის ნაწილი იყო ისიც, რომ კედლებზე დავით კაკაბაძის ჩანაწერები და მოხსენებები წარმოვადგინეთ. ამით ხაზს ვუსვამთ იმას, რომ თანაბარმნიშვნელოვანია როგორც კაკაბაძის ფერწერული ნამუშევრები, კოლაჟები და ასამბლაჟი, ასევე მისივე ტექსტები, კვლევები და მეთოდოლოგიური მიდგომა, რომლითაც ის საკუთარ ნამუშევრებს ქმნიდა.

ხელოვნებათმცოდნეებისა და იმ ადამიანების მხრიდანაც კი, რომლებიც კარგად იცნობენ დავით კაკაბაძის შემოქმედებას, მივიღეთ შეფასება, რომ ზოგიერთი ნამუშევარი, რომელიც მანამდეც ნანახი ჰქონდათ, სრულიად განსხვავებულად დაინახეს და აღიქვეს. გამოიფინა ისეთი ნამუშევრებიც, რომელთა ნახვის საშუალება აქამდე ცოტას თუ ჰქონია. მაგალითად, „მადნეულის მოპოვება“ 40-იანი წლების დიდი ტილო, რომელიც სოცრეალიზმის მნიშვნელოვანი ნამუშევარია, ეროვნული მუზეუმის საცავში ინახება, პერმანენტულ ექსპოზიციაში არ არის და მისი ნახვის საშუალება აქამდე ბევრს არ ჰქონია.

მარიამ კაკაბაძე: თიბისის მხრიდან დაკმაყოფილებულ იქნა ყველა ის მოთხოვნა, რაც მუზეუმს საერთაშორისო მასტშაბით აქვს ხოლმე. ამაში იგულისხმება უსაფრთხოების დოკუმენტები თუ დაზღვევა, რომელიც პირველად განხორციელდა თიბისი ინშურენსის მიერ.

იქიდან გამომდინარე, რომ უდიდესი პასუხისმგებლობაა, როცა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ხელოვანის ექსპოზიციას აკეთებ, რამდენიმე ხელოვნებათმცოდნესთან გავიარეთ კონსულტაციები. ზღვარი ძალიან საფრთხილოა, რომ თანამედროვე ფორმის ძიებისას ზედაპირული ხასიათი არ მიიღოს შედეგმა.

ნინა ახვლედიანი: საიუბილეო წელი და მის ფარგლებში დაგეგმილი არაერთი პროექტი გვაძლევს საშუალებას, რომ ფართო საზოგადოებას დავით კაკაბაძე რამდენიმე განსხვავებული რაკურსით გავაცნოთ.

მაისში მხოლოდ ერთი რეტროსპექტივით არ შემოვიფარგლეთ და დავით კაკაბაძის შემოქმედება თუ არქივები მაქსიმალურად გავშალეთ სხვადასხვა საექსპოზიციო სივრცეში. ერთიანი პროექტის ნაწილია ინტერაქციული მულტიმედია ხელოვნების ექსპოზიცია GAMMA, რომელიც სამმა სხვადასხვა მედიუმში მოღვაწე ხელოვანმანიკოლოზ კაპანაძემ, მარიამ საშამ და დიმიტრი შუბითიძემ დავით კაკაბაძის სამეცნიერო კვლევებისა და მხატვრული ნამუშევრების ინსპირაციით შექმნეს. ავტორებმა კაკაბაძის არქივში შემონახული ჯერ კიდევ შეუსწავლელი მასალები, ხელოვანის მეცნიერული დაკვირვებები და მისი მხატვრული ნამუშევრები ციფრულად აამეტყველეს.

კაკაბაძის თემით ვიყავით წარმოდგენილები მაისის თვის ყველაზე მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებაზეც ექსპო ჯორჯიაში, „თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე.“ ექსპოზიციაზე გატანილი გვქონდა დავით კაკაბაძის არქივები, თეატრის რამდენიმე ესკიზი, მაგრამ აქცენტი მის ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებსა და პროექტებზე გავაკეთეთ. ამის წარმოჩენა და წარდგენა როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და, ვფიქრობთ, რომ ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო ხელოვნების ბაზრობის ფარლებში.

ნინა ახვლედიანი

მარიამ კაკაბაძე: დავით კაკაბაძის ფონდი 2012 წელს დაარსდა. მას შემდეგ რამდენიმე მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. ფონდის დაარსების მიზანი იყო არა მარტო მემკვიდრეობის კონსერვაცია, არამედ თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობაც. დავით კაკაბაძის შემოქმედება ძალიან მრავალმხრივია და სრულიად რეალურია ხიდი გაიდოს მის მემკვიდრეობასა და თანამედროვე ხელოვანებს შორის. დავით კაკაბაძის როგორც ხელოვანის, მიზანი იყო განევითარებინა ახალი თაობები, გაეზიარებინა მათთვის ის, რის გამოც დაბრუნდა ევროპიდან საქართველოში. ეს ყველაფერი იგრძნობა მის ნაწერებში, კვლევებში, მოხსენებებში. სიახლის ძიება მისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ნინა ახვლედიანი: დავით კაკაბაძე საქართველოსა და საფრანგეთში არაერთი სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტის ინიციატორი იყო. მუშაობდა ელექტროტექნიკურ ექსპერიმენტებზე, სტერეოკინოაპარატის შექმნასა და კინოს გამომსახველობითი საშუალებების დახვეწაზე. ელექტრონულ ნათებასა და სინათლის სხივს კი ამ ექსპერიმენტებში წამყვანი ადგილი ეკავა. ეს სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ხელოვანებისთვის, როგორც საკვლევი მასალა. ამით ხდება იმის ხაზგასმა, რომ დავით კაკაბაძე არა მარტო საქართველოში უსწრებდა წინ ხელოვნების განვითარებას, არამედ გლობალურ კონტექსტშიც. ვფიქრობ, მხოლოდ დავით კაკაბაძეა ის ქართველი შემოქმედი, რომელიც თანამედროვე ხელოვანებს საშუალებას აძლევს, რომ მისი მემკვიდრეობა და არქივები წარმატებით ითარგმნოს მულტიმედიახელოვნებაში.

დავით კაკაბაძის ფონდსა და თიბისის შორის თანამშრომლობა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მასშტაბს სწორედ ეს სძენს ამ პროექტს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შედგა იმის, რომ ხელოვანის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შესაძლებელია, სწორედ ასეთი მასშტაბის კულტურული პროექტი განხორციელდეს.

მარიამ კაკაბაძე: რაც არ უნდა დიდ ხელოვანზე გვქონდეს საუბარი, პერიოდულად მაინც საჭიროა მისი სახელის გაჟღერება, მისი შემოქმედების სხვადასხვა კუთხით მიწოდება მნახველისთვის. ამავე დროს სიფრთხილეცაა საჭირო, რომ არც გადაჭარბო და არც უბრალოდ გააშეშო ეს მემკვიდრეობა. ფონდის მიზანია ხელოვანი ადამიანების შემოქმედება მნახველისთვის დღევანდელი ენით იყოს მოწოდებული.

ნინა ახვლედიანი: პროექტის ფარგლებში ჩვენი ერთერთი მთავარი მიზანი იყო დავით კაკაბაძის შემოქმედების საფუძვლიანი კვლევა განხორციელებულიყო. ფონდმა კვლევების, კატალოგების სრული დიგიტალიაზაცია უზრუნველჰყო. ეს დიგიტალური არქივი საშუალებას მოგვცემს შემოვიკრიბოთ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ ამ არქივზე და შემდეგ თავიანთი მუშაობის შედეგსაც წარგვიდგენენ. ალბათ, ჩვენი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ეს ახალი არქივია.

მარიამ კაკაბაძე: ფონდის მიზანია, ლეგიტიმურად გავაგრძელოთ დავით კაკაბაძის სურვილი და ნება, რომ თანამედროვე ხელოვანებმა უფრო მეტი რამ შექმნან მისივე მემკვიდრეობის საფუძველზე. ერთგვარ მიმართულებად აღიქვან მისი ნოვატორული პროექტები, რომლებიც ძალიან ახალი იყო მაშინ და დღესაც ახალია.