ავტორი: ვერა ქობალია
1970-იანი წლების დასაწყისში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციების პირველი პირდაპირი დიალოგის შემდეგ, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებთან ერთად, სასაზღვრო პუნქტიდან მანქანით სეულისკენ გაემგზავრა. სეულში შესვლისას, ჩრდილოკორეელები გაოგნებულები ათვალიერებდნენ ომის შემდეგ აღდგენილ ქალაქს: ნანგრევებად ქცეული, დაბომბილი და განადგურებული შენობების ნაცვლად, მათ დახვდათ ახალი ქალაქი: მაღალი შენობა-ნაგებობებით, ავტომანქანებით სავსე ქუჩები და ავტომაგისტრალები. აქამდე მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რასაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია აჩვენებდა ‒ მათხოვრებითა და მეძავებით სავსე კადრები.
ქალაქში გადაადგილებისას, ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა გზების გასწვრივ ყვავილნარებს დააკვირდა და სახე გაუნათდა. „აშკარად ახალი დარგულია. ჩვენ სულელები კი არ ვართ“, ‒ გასძახა მან. ‒ „ავტომობილებიც ჩვენს დასანახად მთელი ქვეყნიდან შემოიყვანეთ სეულში, სპეციალურად, ამ ვიზიტისთვის“.
„გამოიჭირეთ“, ‒ ღიმილით უპასუხა სამხრეთ კორეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. ‒ „მანქანები მარტივი იყო. აი, შენობების გადმოტანაზე როგორ ვიწვალეთ უნდა გენახათ“.
ჩრდილოკორეელების გაოცება არ არის გასაკვირი. სამხრეთი კორეა, კორეის ომის შემდეგ (1950-53წწ.) არშემდგარ სახელმწიფოთა სიაში იყო. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, 1960-იანი წლების დასაწყისში, 100 დოლარს შეადგენდა, რაც ჰაიტიზე, ეთიოპიასა და იემენზე დაბალი იყო. სამხრეთი კორეა ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად მიიჩნეოდა. ომის დროს, იაპონიის ოკუპაციის პირობებში (1910-1945წწ.) აშენებული ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა. ინდუსტრიული საწარმოები ჩრდილოეთში მდებარეობდა, ისევე როგორც ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, და ომის მერე ჩრდილოეთ კორეაში დარჩა. დამოუკიდებლობის პირველმა წლებმა, სამხრეთ კორეას ეკონომიკური განვითარება არ მოუტანა და ქვეყანა ძირითადად აშშ-ის დახმარების ხარჯზე არსებობდა.
1960 წელს, ვერც მსოფლიო ბანკი, ვერც საერთაშორისო მკვლევარები და ანალიტიკოსები სამხრეთ კორეის განვითარების პერსპექტივებს ვერ ხედავდნენ. დანაზოგების მაჩვენებელი მშპ-თან მიმართებაში თითქმის ნულის ტოლფასი იყო. კორუფციის დონე იზრდებოდა, სავალუტო ბაზარი კი მოუწესრიგებელი და ქაოტური იყო.
როგორ აღმოჩნდა, აღმოსავლეთ აზიის სტანდარტებით, პატარა, გაღატაკებული, კორუმპირებული ქვეყანა, რომელსაც ბუნებრივი რესურსებიც კი არ გააჩნდა, ასე სწრაფად „აზიის ვეფხვების“ ქვეყნებს შორის? (რედ.შენიშვნა: „ოთხი აზიური ვეფხვი“ ან „აზიური დრაკონები“ ტერმინია, რომელიც სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის და ტაივანის მაღალგანვითარებული ეკონომიკის აღსანიშნავად გამოიყენება).
დღეს სამხრეთ კორეის მშპ ერთ სულ მოსახლეზე (PPP) $40,000-ზე მეტია, უსწრებს ახალ ზელანდიას და ევროკავშირის ბევრ ქვეყანას (მათ შორის, იტალიასა და ესპანეთს) და იაპონიის შემდეგ, აზიაში, მეორე ადგილზეა ადამიანის განვითარების ინდექსით (HDI).
სეულში ყოფნისას, გადავწყვიტე უფრო სიღრმისეულად შემესწავლა, როგორ მოახერხა სამხრეთ კორეამ, საკმაოდ მცირე დროში, შეექმნა განვითარებული და მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა.
როდესაც არაფერი გაქვს საექსპორტო
კორეის ცოდნის გაცვლისა და განვითარების ცენტრი განთავსებულია KDI საჯარო პოლიტიკის სკოლის ძველ სათაო ოფისში. როდესაც პოლიტიკის სკოლა, სხვა სამთავრობო ინსტიტუტებთან ერთად, სამხრეთ კორეის ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში გადავიდა, შენობა ცოდნის გაზიარებისა და კვლევის დაწესებულებად გადაკეთდა. პირველ სართულზე გამოფენილია კორეის ეკონომიკური განვითარების ისტორიის ამსახველი ექსპონატები. თვალიერებისას, ჩემი ყურადღება პარიკების სტენდმა მიიქცია.
აქვე გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც კორეის ხელისუფლებამ 1950-იანი წლების იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკაზე უარი თქვა და პრიორიტეტად გარე ბაზრების დაპყრობა დაასახელა, სწორედ მაშინ დაიწყო აღმავლობა. 1961 წელს კორეის პრეზიდენტი გენერალი პარკ ჩუნ ჰიმი გახდა. სწორედ მისი ძალისხმევით, 1961 წლიდან 1979 წლამდე, საფუძველი ჩაეყარა კორეის სწრაფ განვითარებას. გენერლის მთავრობის გეგმის მიხედვით, იმპორტის ჩანაცვლება შეიცვალა ექსპორტის წახალისებით, მთავრობა კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს სთავაზობდა, მაგრამ ექპორტისთვის ქვეყანას საექსპროტო პროდუქტები უნდა ეწარმოებინა. იმ პერიოდის კორეა კი არაფერს აწარმოებდა.
გაჩნდა იდეა, რომ ექსპორტზე ბუნებრივი თმა გაეყიდათ. უფრო სწორედ, ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკები. ქალებმა თავიანთი გრძელი თმის გაყიდვა დაიწყეს, რომლისგანაც სეულში მდებარე ქარხნებში პარიკებს ამზადებდნენ. კორეამ პარიკების ექსპორტი 1964 წელს დაიწყო და 1970 წლისთვის, მთლიანი ექსპორტის 9.3 პროცენტი შეადგინა (ანუ 93,5 მილიონი დოლარი). პარიკები სწრაფად გახდა სიდიდით მესამე საექსპორტო პროდუქტი ტანსაცმლისა და სამშენებლო ფანერების შემდეგ.
2011 წელს პროფესორმა რიკარდო ჰაუსმანმა კოლეგებთან ერთად, ჰარვარდის საერთაშორისო განვითარების ცენტრში შეიმუშავა ეკონომიკური სირთულის ატლასი. ამ პროექტით აღწერილია, თუ რა არის საჭირო ქვეყნისთვის, რომ ნედლეულის ექსპორტიდან თვითმფრინავების ექსპორტამდე მივიდეს. საზოგადოების მიერ ცოდნის დაგროვება და ტექნიკური განათლების მიღება ეკონომიკური განვითარების მთავარ ინსტრუმენტად არის ნახსენები. კორეელებს უკვე 60-იან წლებში კარგად ესმოდათ, რომ პარიკების წარმოება ეკონომიკური აღმავლობისთვის საკმარისი არ იქნებოდა. ისინი მეტად უნდა განვითარებულიყვნენ, შეეძინათ ახალი უნარები, რათა კონკურენტუნარიანები ყოფილიყვნენ გლობალურ არენაზე. დღეს, სეულის იმ უბანში, სადაც წლების განმავლობაში პარიკების ქარხნები მდებარეობდა, ციფრული კომპლექსი განთავსდა, სადაც კომპიუტერულ და მობილურ ნახევარგამტარებს და ტრანზისტორებს აწარმოებენ (ყველაზე კომპლექსურ კომპიუტერულ ნაწილებს).
როდესაც წერა-კითვა არ იცი
სამხრეთ კორეის ერთ-ერთ პროვინციაში, პატარა სოფლების გავლისას, ჩემი ყურადღება მთავარ მოედნებზე განთავსებულმა ბანერებმა მიიქცია და დავინტერესდი, რა ეწერა იქ.
„ისინი ულოცავენ სოფლის წარჩინებულ სტუდენტს, რომელიც სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში მოხვდა“, ‒ მითარგმნა ავტომობილის მძღოლმა, რომლითაც გადავაადგილდებოდი. ‒ „ჩვენ ყველაზე მეტად საგანმანათლებლო მიღწევებს ვაფასებთ“, ‒ მითხრა მან.
სამხრეთ კორეის ეროვნულმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკანასკნელ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსების გაზრდის წყალობით მოხდა. ინვესტიცია განათლებაში უწყვეტია. განსაკუთრებული ყურადღება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესწავლას ეთმობა. სამხრეთ კორეის ეროვნული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა წილი ინჟინერიაში, წარმოებაში და ახალ ტექნოლოგიებში საკმაოდ დიდია.
რას გვასწავლის სამხრეთ კორეის გამოცდილება?
„შესაძლებელი იქნებოდა თუ არა ეს ნახტომი, რომ არა გენერალ პარკ ჩუნ ჰიმის თითქმის 18 წლიანი მმართველობა?“ ‒ ვეკითხებოდი ჩემს თავს ვიზიტის დასასრულს.
სამხრეთ კორეაში 1987 წლამდე ავტორიტარული (დიქტატორული) პოლიტიკური სისტემა მოქმედებდა. 1987 წელს, მასობრივი აჯანყების და დემონსტრაციების შემდეგ, პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები ისევ გაიმართა.
საჭიროა თუ არა ესეთი უწყვეტი მმართველობა, იმისთვის რომ განვითარებადმა ქვეყნებმა თავი დააღწიონ სიღარიბეს?
შესაძლებელია თუ არა ქვეყნის მშენებლობა დემოკრატიული მმართველობის საარჩევნო ციკლებში, როდესაც ყველაფერი არჩევნების გრაფიკში მუშაობს?
მე ინსტიტუციური მშენებლობის გრძელი გზა მირჩევნია, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას. შანსი იმისა, რომ სახელმწიფოს მმართველი ლი კუან იუს ნაირი „კეთილი“ დიქტატორი აღმოჩნდეს, ზედმეტად დაბალია.
და, ამავდროულად, გადამეტებულად ხომ არ ვაფასებთ ლიდერების როლს, ხოლო ხალხის როლს, არასაკმარისად. კორეელებმა, მიუხედავად მუდმივი გამოწვევებისა (ჩინეთთან, იაპონიასთან, რუსეთთან) მოახერხეს არა მარტო გადარჩენა, არამედ რამდენიმე ათეულ წელში, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად გადაქცევა.
კორეის ცოდნის გაცვლისა და განვითარების ცენტრში, ექსპონატების გაცნობისას, პარიკების სტენდის გარდა, 1997 წელს გადაღებული ფოტო დამამახსოვრდა, რომელზეც ახალდაქორწინებული წყვილი არის აღბეჭდილი. აზიის ფინანსური კრიზისის დროს, მათ თავისი საქორწილო ბეჭდები, კორეის ბანკს გადასცეს.
1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ, კორეის ფინანსურმა ინსტიტუტებმა ვერ შეძლეს საგარეო ვალის გადახდა, უცხოელმა ინვესტორებმა ქვეყნიდან 18 მილიარდი დოლარი გაიტანეს და ასობით ათასი კორეელი უმუშევარი დარჩა. კორეის მთავრობამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხი მოითხოვა და 58 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო. კორეელებმა, რომლებიც ყოველდღიური ხარჯების გადასახდელად იბრძოდნენ, აქტიურად ჩაერთვნენ ოქროს შეგროვების პროგრამაში, რათა სახელმწიფოს სესხის დაფარვაში დახმარებოდნენ. კომპანიებმა ოქროს შემოწირულობების შეგროვება დაიწყეს, თითოეული ოჯახი საშუალოდ 85 გრამს სწირავდა და წლის ბოლოს 2,17 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო შეგროვდა. 2001 წლის აგვისტოში, სამი წლით ადრე, მათ 19,5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით სესხის დაფარვა შეძლეს.
კორეიდან დაბრუნებულმა კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ კორეის წარმატების საიდუმლო არა რომელიმე ლიდერია, არამედ კორეელი ხალხის ერთობაა.