გაყიდული ინსტინქტი

ავტორი: აკა ზარქუა

ფოტო: Shutterstock

2000 წლიდან დღემდე საქართველოში გადმოგზავნილი პირდაპირი ფულადი გადარიცხვების ჯამური რაოდენობა, დაახლოებით 16 მილიარდი დოლარია. პირდაპირი ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკის შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყაროა. 2018 წლის მონაცემებით, პირდაპირი ფულადი გზავნილების მოცულობამ, დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, (მშპ) დაახლოებით 9 პროცენტია.

ამ თანხის უდიდესი ნაწილი ქართველ შრომით მიგრანტებს ეკუთვნით. საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზებით დატოვეს ქვეყანა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, უმუშევრობა, უპერსპექტივობა, ალბათ, ის უმთავრესი მიზეზებია, რის გამოც ჩვენი თანამოქალაქეები საქართველოს ტოვებენ. ბოლო ათწლეულებში უკეთესი ბედის საძიებლად და აქ დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად საქართველოდან სხვადასხვა, არაოფიციალური მონაცემებით, 1,6 მილიონი მოქალაქე წავიდა. საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტების უმრავლესობა, 57 პროცენტი (900 ათასი) ქალია.

შრომითი მიგრაცია საქართველოსთვის შედარებით ახალი მოვლენაა. პირველი შრომითი მიგრანტები დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე გამოჩნდნენ. გასული საუკუნის 90-იან წლებში აქ განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოდ აქცია. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამ და სამხედრო კონფლიქტებმა მოიცვა. შედეგად, 1994 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 519 დოლარს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე დღევანდელი უგანდისა და ეთიოპიის. საქართველოში შექმნილმა გაუსაძლისმა პოლიტიკურმა და სოციალურმა ვითარებამ საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს უბიძგა მიეტოვებინა სამშობლო. გახსნილი საზღვრები ამ ადამიანებისთვის გადარჩენის ერთ-ერთი თუ არა, ერთადერთი შანსი იყო.

ამ დროისთვისაც კი არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენმა მოქალაქემ დატოვა შიმშილის პირას მისული ქვეყანა 90-იან წლებში. ამ რთულ პერიოდში, საქართველოდან გამგზავრების გადაწყვეტილება პირველებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა მიიღეს, თუმცა მალევე მათ ეთნიკური ქართველებიც შეუერთდნენ. უკვე დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოდან შიმშილს, სიღატაკეს, უშუქობას, უპერსპექტივობასა და ტოტალურ კორუფციას გაურბოდნენ.

საქართველოდან წასულ პირველ მიგრანტებში კაცები ჭარბობდნენ. სხვადასხვა კულტურული თუ ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ქართველი კაცების უკიდურესად მცირე ნაწილი იქცა შრომით მიგრანტად. ქართველი კაცები ბედის საძიებლად უმეტესად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიდიოდნენ, განსაკუთრებით, რუსეთსა და უკრაინაში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ თემაზე ჩატარებული ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური კვლევის თანახმად, დღესაც ვითარება 90-იანი წლების მსგავსია. კვლევის შედეგებით, რუსეთში სამუშაოდ წასვლის სურვილს გამოკითხულ კაცთა 19 პროცენტი გამოთქვამს, კაცების 15 პროცენტს უკრაინაში წასვლა სურს. ამავდროულად, კაცებთან შედარებით ქალთა გაცილებით მეტი რაოდენობა გამოთქვამს მზადყოფნას წავიდეს სამუშაოდ თურქეთში, აშშ-სა და საბერძნეთში.

ქართველი ქალების მზარდ და უფრო წარმატებულ მიგრაციას საზღვარგარეთ სხვადასხვა კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზეზები გააჩნია. ქართველი ქალების ძირითადი დასაქმების ადგილად 90-იანი წლებიდანვე, ევროკავშირის სახელმწიფოები იქცა. ევროკავშირის ბაზარზე გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნაა, იმ მომსახურებაზე რისი მიწოდებაც ქართველ ქალებს შეუძლიათ. ერთი სიტყვით, ქართველი ქალების შრომა, ქართველ კაცებთან შედარებით, გაცილებით დიდი მოთხოვნით სარგებლობს მსოფლიოს შრომით ბაზარზე. ქართველი ქალები გაცილებით უფრო შრომისუნარიანი და კონკურენტუნარიანები არიან.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მსგავსს პატრიარქალური კულტურის ქვეყანაში ქალების როლი ხშირად იმთავითვე განსაზღვრულია. როგორც წესი, ქალები არ არიან თავისუფლები სხვადასხვა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას. საქართველოსა და მის მსგავს ქვეყნებში, განსაკუთრებით, გასულ საუკუნეში, ქალები ტრადიციული გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლები იყვნენ. ქალებს ბავშვობის ასაკიდანვე, ასწავლიდნენ, რომ ისინი, პირველ რიგში, კარგი დედები და დიასახლისები უნდა ყოფილიყვნენ. რომ, მათი მთავარი მიზანი არა პიროვნული განვითარება და კარიერული წინსვლა უნდა ყოფილიყო, არამედ ოჯახზე, მეუღლეზე და შვილებზე ზრუნვა.

ქართველი ქალი შრომითი მიგრანტები საზღვარგარეთის შრომით ბაზარზე, ძირითადად, დამხმარე პერსონალის, მომვლელის, ძიძის და მზარეულის როლში გვევლინებიან. საუკუნეების განმავლობაში ჩამოთვლილი საქმიანობებიდან უკლებლივ ყველა, რიგითი ქართველი ქალის ყოველდღიურ რუტინას წარმოადგენდა.

თანდაყოლილი დედობრივი ინსტინქტის გათვალისწინებით, გასული ათწლეულების განმავლობაში ქართველი ქალების უმთავრეს ამოცანად, სწორედ, ოჯახისა და სახლის კეთილდღეობაზე ზრუნვა იქცა. როცა საქართველო შიმშილის პირას მივიდა, სრულყოფილ პიროვნულ განვითარებასა და თავისუფალ არჩევანს მოკლებული, ჩრდილში და სამზარეულოში მყოფი ქართველი ქალების მნიშვნელობა მთელმა ქვეყანამ სწორედ, მაშინ დაინახა. გაუსაძლისი სიღატაკის პირას მყოფი ქართული ოჯახების გადარჩენის მისია საკუთარ თავზე უმთავრესად ქართველმა ქალებმა იკისრეს.

ქართველი ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება. ხშირია შემთხვევები, როდესაც საკუთარ ოჯახს წლების განმავლობაში ვერ ნახულობენ. დღეს უკვე ამ ქალების რუტინა უცხო მიწაზე, უცხო ოჯახის მოვლაა, თუმცა ამ ქმედებასაც საფუძვლად საკუთარ ოჯახზე ზრუნვის მოტივი უდევს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ქართველი ემიგრანტი ქალების მიერ გამოგზავნილი ყოველი ევროსა თუ დოლარის უკან მათი გაყიდული ზრუნვა დგას.

ბოლო წლების განმავლობაში ათასობით ქართველი ქალი შრომით მიგრანტად იქცა. ერთი შეხედვით ეს ამ ქალების თავისუფალი არჩევანია, თუმცა ემიგრაციის მიზეზებზე საუბრისას ეს ქალები ყველაზე ხშირად ამბობენ ფრაზას— სხვა გზა არ გვქონდა. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების თავისუფალ არჩევნად მიღება შეიძლება არჩევანის, როგორც ასეთის, არსს ეწინააღმდეგებოდეს.

გარდა ეკონომიკური სიდუხჭირისა, ქართველ ქალების სამშობლოდან წასვლის კიდევ რამდენიმე მიზეზზე შეიძლება ვისაუბროთ. მათ შორის, ოჯახურ ძალადობაზე, ფემიციდზე, სექსუალურ შევიწროებასა, თუ თავისუფლების შეზღუდვაზე. ასევე, მხედველობაში არის მისაღები დისკრიმინაციული გარემო, რომელიც ქალს მნიშვნელოვნად აფერხებს დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოდან წასული ქალების ოჯახურ მოვალეობებს, არც თუ იშვიათად, ამ ქალების დედებისა თუ დების სახით, ისევ ქალები ითავსებენ. გარკვეული თვალსაზრისით ქართველი ქალი, დედის კულტის ერთგვარი მსხვერპლია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული 21 მოქალაქიდან 16 ქალი იყო. ქართველმა ქალები კაცების მხარდამხარ იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. საყოველთაო ზეიმის შემდეგ, ქაოსში და სიღატაკეში ჩაძირული ქვეყანა შიშმილს, სწორედ, ქართველმა ქალებმა გამოგლიჯეს.

ყოვლისშემძლე და უნიკალური ქალის როლი საკმაოდ გავრცელებული რელიგიური, კულტურული და ლინგვისტური ფენომენია. იქნება ეს დედამიწა, დედა ენა, თუ დედაქალაქი, ყველაფრის უკან სუპერ-გმირი ქალის ფენომენი დგას. ჩაგრული, შეზღუდული, შევიწროებული, განდევნილი სუპერ-გმირი ქართველი ქალებისა, რომლებმაც ეს ქვეყანა გადაარჩინეს.