ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახური 2020 წლის ოლიმპიადაზე კიბერ თავდასხმაში დაადანაშაულა. მათ ბრალად ოლიმპიადის დამგეგმავ ორგანიზაციებსა და ოფიციალურ პირებზე ჰაკერული ოპერაციების განხორციელება ედებათ. 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ივლისში იაპონიაში, ტოკიოში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო საჭირო გახდა მისი გადადება.
დიდი ბრიტანეთი GRU-ს ორგანიზატორებზე, ლოჯისტიკურ სერვისებსა და სპონსორებზე თავდასხმაში სდებს ბრალს. გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია რუსული სადაზვერვო სამსახურის ჩართულობა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში სამხრეთ კორეაში.
„GRU-ს კიბერ დანაყოფი 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ცდილობდა საკუთარი ვინაობა ჩრდილოეთ კორეელ და ჩინელ ჰაკერებად გაესაღებინა.“
დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე საბოტაჟის მოწყობა იყო. მათ სჯერათ, რომ ვირუსს, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე თავდასასხმელად შექმნეს, კომპიუტერებისა და სერვერების მწყობრიდან გამოსაყვანად გამოიყენებდნენ.