გაარღვიეთ ჩაკეტილი სივრცეები

გახსოვთ ომი?

რთულია არ გახსოვდეს ის, რისი კვალიც არ ქრება. მძაფრია თითოეული მოგონება. საკმაოდ რთულია ახალ სახლთან, ახალ გარემოსთან და ადამიანებთან შეჩვევა. 14 წლის ვიყავი, როდესაც სოხუმიდან წამოსვლა მოგვიწია; მამა ტყვედ ჩავარდა, ჩვენ კი მხოლოდ ზღვით შევძელით გამოქცევა. საბედნიეროდ, ცოცხლები გადავრჩით და ქუთაისში დავსახლდით. თითქოს რაც უფრო პატარა ხარ, მით უფრო მარტივია ასეთ მოვლენებთან გამკლავება, მაგრამ… ომი არასდროს გავიწყდება.

როგორ გააგრძელეთ ომის შემდეგ ცხოვრება?

სკოლა რომ დავამთავრე, ბიოტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი პირველი პროფესია ღვინის ტექნოლოგიაა. ძალიან მინდოდა, ამ დარგში მარკეტინგის მიმართულებით მუშაობა, თუმცა ეს, იმ დროის საქართველოში, ძალიან რთული იყო. მიუხედავად სირთულეებისა, არასდროს დამიკარგავს ამ საქმის მიმართ ინტერესი. პარალელურად ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ ,,აფხაზეთში“ და სწავლა ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით გავაგრძელე. ამის შემდეგ, მეწარმეობა უფრო ორგანული გახდა ჩემთვის და გადავწყვიტე, სამეწარმეო საქმიანობისთვის მომეკიდა ხელი.

ლიკა კილაძე

ლიკა კილაძე ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტის გამგეობის თავჯდომარეა, რომელიც ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს: ბავშვთა დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, განათლება და ეკონომიკური განვითარება. სწორედ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგამის ფარგლებში, ორგანიზაცია სკოლის მოსწავლეებს ახალი ინიციატივების დაგეგმვაში ეხმარება, რათა მოზარდებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქოდნეთ.

ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ქუთაისის 32-ე სკოლის მოსწავლეთა წამოწყებას უკავშირდება, რომლებმაც ქვილინგის ტექნიკით (ქვილინგი – ქაღალდის დახვევის უძველესი ხელოვნება) მისალოცი ბარათების დამზადება გადაწყვიტეს და ამ პროცესში, ბავშვთა დღის ცენტრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ჩართეს. ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა და მისალოცი ბარათების იდეამ არა მხოლოდ მოწონება დაიმსახურა, არამედ შემოსული თანხა ბავშვთა დღის ცენტრის საჭიროებებს და ინვენტარის შეძენასაც მოხმარდა. აქედან გაჩნდა იდეა, რომ მოსწავლეების წამოწყებას განმეორბითი სახე მისცემოდა და სამეწარმეო საქმინობად ქცეულიყო. სწორედ ასე შეიქმნა სოციალური საწარმო „ფარშევანგი“.

რა ეტაპზეა ახლა სოციალური საწარმო “ფარშევანგი”? რა არის მისი სოციალური მისია?

ზოგადად, სოციალური საწარმო არის ბიზნესი, რომელიც გარდა იმისა რომ სწორი მართვის შემთხვევაში მომგებიანია ორგანიზაციისთვის, ამავე დროს, ორიენტირებულია მოწყვლადი თემის წარმომადგენელთა სოციალური პრობლემების დაძლევაზე. ვფიქრობ, რომ ის მუხტი და ენერგია, რომელიც სხვებისთვის სასარგებლო საქმის კეთებით მოდის, არის შეუცვლელი. სწორედ ესაა “ფარშევანგის” სოციალური მისიაც. ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნა.

პირველად, ეს პროცესი 4 ქალის ჩართვით დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ქვილინგის ტექნიკით დამზადებულმა მისალოცმა ბარათებმა პოპულარობა მოიპოვა მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენთან საქმიანობაში შშმ ქალებთან ერთად, სოციალურად დაუცველი ქალებიც ჩაერთვნენ. ვფიქრობთ, რომ ერთიანი ძალისხმევა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა შშმ და სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებასთან სრულფასოვანი ინტეგრაციის და ღირსეული დასაქმების თვალსაზრისით.

ჩვენ, სოციალურ საწარმო “ფარშევანგს” გვინდა, რომ მომხმარებლებს დავანახოთ ის ემოციები, რომელებიც მისალოცი ბარათების გამოყენებას ახლავს თან და ამით მისალოცი ბარათების გამოყენების კულტურა გავაძლიეროთ. ამის პარალელურად, “ფარშევანგი” ქვილინგის ტექნიკის შემსწავლელ კურსებს სრულიად უფასოდ სთავაზობს შშმ პირებსა და ახალგაზრდებს. ბავშვები, რომლებიც დღის ცენტრის მომსახურებას იღებენ, პერიოდულად, თავიანთი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად ერთვებიან ბარათების დამზადების პროცესში და ამ აქტივობას მათთვის შრომა–თერაპიული დანიშნულება აქვს.

სოციალური საწარმო “ფარშევანგი”

თქვენი აზრით, საჭიროებს თუ არა საკანონმდებლო ბაზა დახვეწას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით?

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, ამ პროცესებში ჩართული ვართ. მოგეხსენებათ, სამეწარმეო საქმიანობა ძალიან ბევრ სირთულესთან ასოცირდება და ძალიან რისკიანი სფეროა. ჩვენთან ბაზარი არ არის მრავალფეროვანი, არც მყიდველუნარიაობაა მაღალი. შესაბამისად, სოც.საწარმოებს სოციალურ მიზნებზე ზრუნვის გარდა, სტანდარტული, მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესებივით უწევთ ოპერირება და მათთან კონკურენციაში შესვლა. სწორედ ამიტომ, სოც.საწარმოებს სახელმწიფოსგან ნამდვილად სჭირდებათ მხარდაჭერა და წახალისება. სოც.საწარმოებს ძალიან მნიშნველოვანი როლი ეკისრებათ კეთილდღეობის უზრუნველყოფაში და ეს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენია სახელმწიფოსთვის. ასეთი საწარმოების არსებობა ძალიან ბევრი სოციალურ პრობლემის გადაჭრის საფუძველია, რაც სახელმწიფოსთვის ნამდვილად დიდი შეღავათია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა. დღესდღეობით, ნებისმიერ მოქალაქეს მიუწვდება ხელი იმ ინფორმაციაზე, რაც სოციალური საწარმოს წამოწყებასა თუ წარმატებით მართვას უკავშირდება, მაგრამ წლების წინ, მხოლოდ CSRDG თუ მუშაობდა ამ მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, ჩვენი ორგანიზაცია მათთან თანამშრომლობით ატარებს სხვადასხვა სტუდენტურ კონკურსებს, მუშაობს ერთობლივ პროექტებზე, რაც ხელს უწობს სფეროს განვითარებას და ცოდნის გავრცელებას.

მივესალმები, თუკი ასეთი გადაწყვეტილებები ფართოდ დაინერგება და სხვადასხვა ორგანიზაციები მნიშვნელოვნად ჩათვლიან სოციალური საწარმოების ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვას.

სოციალური საწარმო “ფარშევანგი”

თქვენი აზრით, როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?

აუცილებლად გაარღვიეთ ჩაკეტილი სივრცეები – სწორედ ამას ვურჩევდი ქალებს. ვფიქრობ, რომ მათ მუდმივად უნდა იზრუნონ მეტი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაზე. ჩემი მაგალითის საფუძველზე კი ვიტყვი, რომ სამეწარმეო საქმიანობაში უფრო მეტი ქალის ჩართვით, ძალიან დიდ და მასშტაბურ ცვლილებებს მივაღწევთ. ეს კარგი საშულებაა ებრძოლო არა მხოლოდ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, არამედ გადალახო სხვა ტიპის დაბრკოლებები და სირთულეები. ქალებს ვეტყოდი, რომ პარტნიორულ სივრცეებში ჩართულობა გაცილებით მეტ რესურსს გვაძლევს წინააღმდეგობების დასაძლებლად. ეს კი ძალიან მნიშნველოვანია.

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თქვენს სფეროში ხედავენ საკუთარ თავს, მაგრამ ვერ ბედავენ პირველი ნაბიჯების გადადგმას?

ნებისმიერი არჩევანი, რომელიც თვითრეალიზაციას უკავშირდება, უნდა მოდიოდეს შინაგანი სურვილით. სხვა შემთხვევაში, რთული იქნება მივაღწიოთ მაქსიმალურ წარმატებას. თუ სიყვარულით აკეთებ საქმეს, ბუნებრივია სირთულეების დაძლევა ბევრად უფრო მარტივია.

სანამ ახალგაზრდები პროფესიას აირჩევენ, მაქსიმალურად უნდა გაერკვნენ საკუთარ ინტერესებში – რა აინტერესებთ, სად გრძნობენ თავს კომფორტულად. უნდა ჰქონდეთ ამა თუ იმ პროფესიის დაუფლების სურვილი და მოტივაცია. ასევე, ყურადღება უნდა გაამახვილონ როგორც დასაქმების, ასევე თვითდასაქმების შესაძლებლობებზე და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება.