ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო მოვალეობის აღსრულებას 20 იანვარს შეუდგება. თუმცა, მანამ, სანამ ინაუგურაციის პროცესი დაიწყება, მის გუნდს ახალი სახეები და კადრები უერთდებიან. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებითაც მთავრობის ადმინისტრაცია და აღმასრულებელი შტო იქნება დაკომპლექტებული?
ამერიკის მომავალი პრეზიდენტის არჩევანი გამოცდილ კანდიდატებზე შეჩერდა. რამდენიმე მათგანი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრია. ბაიდენის გამარჯვებამ ასევე შექმნა პრეცენდენტი ამერიკის ისტორიაში. კამალა ჰარისი პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი და პირველი აზიური წარმომავლობის მქონე ადამიანია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.
ბაიდენსა და მის გუნდს მოუწევს ქვეყანაში მიმდინარე რთული და დინამიური პროცესების მართვა, მათ შორის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ რეცესიასა და ეპიდსიტუაციასთან გამკლავება. მათივე მოვალეობა იქნება პრიორიტეტების გადახარისხება და საშინაო და საგარეო ურთიერთობების დალაგება.
ბაიდენის მაღალ თანამდებობაზე შერჩეულ ადამიანთა მცირე სია:
თეთრი სახლის შტაბის უფროსი – რონ კლეინი
ბაიდენის პირველი ბრძანება შტაბის უფროსის დანიშვნა იყო, რათა გარდამავალ პროცესებსა და ტრამპის დაუმორჩილებლობის მცდელობას არ შეეფერხებინა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. 1980-იან წლებში რონ კლეინი სენატის იურიდიულ კომიტეტში ბაიდენის თავმჯდომარე იყო. გარდა ამისა, კლეინი იყო ობამას ადმინისტრაციის ებოლას წინააღმდეგ რეაგირების კოორდინატორი 2014-2015 წლებში – მას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშნელოვანი გამოცდილება აქვს.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი – უილიამ ბერნსი
ბერნსი აშშ-ს ყოფილი ელჩი იყო რუსეთსა და იორდანიაში. ის ასევე ასრულებდა სახელმწიფო მდივნის როლს და ადმინისტრაციაში 2014 წლამდე მსახურობდა. მისი კანდიდატურის დადასტურების შემთხვევაში, ის იქნება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პირველი უფროსი დიპლომატიური წარსულით, განსხვავებით სხვა დირექტორებისგან, რომლებიც უშუალოდ სადაზვერვო წრიდან იყვნენ.
სახაზინო მდივანი – ჯანეტ ილენი
ჯანეტ ილენი იქნება პირველი ქალი, რომელიც გაუძღვება სახელმწიფო ხაზინას. მისი კანდიდატურის დადასტურების შემდეგ მას ჩააბარებენ არა მხოლოდ ხაზინას, არამედ ცენტრალურ ბანკს და თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოსაც. გასული თვეების განმავლობაში ჯანეტმა არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ფისკალური ზომების გასატარებლად, რათა ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყოს ხელი 11 პროცენტიანი სიღარიბის მაჩვენებლის ფონზე.
გენერალური პროკურორი – მერიკ გარლანდი
მერიკი 1977 წელს ბილ კლინტონმა აშშ-ს სააპელაციო სასამართლოში კოლუმბიის ოლქის მოსამართლედ დანიშნა. ბარაკ ობამამ კი ის უზენაეს სასამართლოში ანტონი სკალიას შემცველად დაასახელა, მაგრამ სენატის რესპუბლიკელმა წარმომადგენლებმა მის მოსმენასა და კენჭისყრაზეც უარი განაცხადეს.
თავდაცვის მინისტრი – ლოიდ ოსტინი
კანდიდატურის დადასტურების შემთხვევაში 67 წლის ლოიდ ოსტინი იქნება პირველი ფერადკანიანი თავდაცვის მინისტრი. ის ამერიკის ჯარში 40 წელზე მეტხანს მსახურობდა. მისი ბოლო სამსახური ოთხი წლის წინ აშშ-ს ცენტრალური მართვის პოზიცია იყო და ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაციებზე იყო პასუხისმგებელი. ოთხვარსკვლავიან გენერალს შესაძლოა მცირე დაბრკოლება შეექმნას და მისთვის კონგრესმა გამონაკლისი უნდა დაუშვას. კანონის თანახმად ამ პოსტზე ინიშნებიან ადამიანები, რომლებმაც სულ მცირე შვიდი წლის წინ დაასრულეს სამხედრო სამსახური.
სახელმწიფო მდივანი- ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენს, ისევე როგორც გუნდის სხვა წევრებს, დიდი გამოცდილება აქვს. ის ორი წლის განმავლობაში ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველად მუშაობდა ,მაშინ , როდესაც ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ბლინკენი 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მთავარი მრჩეველი იყო.
გამოყენებული მასალა: