ავტორი: სალომე ბენიძე
ზაფხულის გაცილება
წარმოიდგინეთ ზღვისპირა ქალაქი, რომელიც გვიანი აგვისტოს ტკბილი მზის უკანასკნელ სხივებს ეფიცხება, ქალაქი, რომელიც ჩვენი ბედნიერი დღეებია და რომელიც თავისუფლებასავით გვიყვარს. ერთი სიტყვით, ბათუმი. ბათუმი, რომელსაც ყველაფერი უხდება, თანამედროვე ხელოვნება, მუდამ ძიებაში მყოფი ადამიანები და ახალი იდეები კი – ყველაზე მეტად.
ამბავი, რომელსაც ახლა „ბათუმის ფოტოდღეებს“ ჰქვია, 2015 წელს დაიწყო. პირველი ნაბიჯები შავი ზღვის ორ ულამაზეს დაძმობილებულ ქალაქს – ბათუმსა და ოდესას უკავშირდება. 2014 წელს ბათუმში „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ გაიხსნა, რომელიც დღემდე რჩება მხოლოდ თანამედროვე ხელოვნებაზე ორიენტირებულ პირველ და ერთადერთ სახელმწიფო სტრუქტურად. ფოტოდღეების შექმნის იდეა სწორედ ამ სივრცის დამფუძნებლებს და მათ ოდესელ პარტნიორებს ეკუთვნით. „ბათუმის ფოტოდღეების“ ორგანიზატორი, ანა რიაბოშენკო იხსენებს, რომ პირველ წლებში ღონისძიება ორ ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში იმართებოდა, შემდეგ კი, განსხვავებული საზოგადოებრივი მოთხოვნების არსებობის გამო, ფორმატის ცვლილება დადგა დღის წესრიგში. ანა ამბობს, რომ მიუხედავად მცირე მასშტაბისა, „ბათუმის ფოტოდღეებმა“ მოახერხა საერთაშორისო აქცენტის გამახვილება ბათუმზე, რომელიც სტერეოტიპულად, გასართობ კურორტად მიიჩნევა, სინამდვილეში კი საკმაოდ მდიდარი კულტურისა და ისტორიის მქონე ქალაქია. „სწორედ ფოტოდღეებს და სხვა, ისტორიულად აქ გაჩენილ ღონისძიებებს აქვთ რეფლექცია ქალაქზე და მის მაცხოვრებლებზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბათუმის საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, გახდეს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების და პროცესების მონაწილე, როგორც ამას, უკვე რამდენიმე წელია, “ბიაფი” და სხვა მსგავსი ღონისძიებები უზრუნველყოფენ.“
სარკეში და სარკის მიღმა
“Mirror Land” – „სარკისებრი სამყარო“ _ უკვე ტრადიციად ქცეული „ბათუმის ფოტოდღეები“ 2019 წლის აგვისტოს მიწურულს ამ მთავარი თემით, რამდენიმე გამოფენით, ფოტოლაბითა და ღამის ჩვენებებით დაბრუნდა. ყალბი ფასეულობები და სახეცვლილი სამყარო, დეზინფორმაცია და პოლიტიკური მოვლენები, უსამართლო რეალობა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება – აქტუალურ თემებზე ფიქრმა და გაჩენილ კითხვებზე პასუხების ძიებამ, ფოტოდღეების მთავარი გამოფენის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული 31 არტისტის ნამუშევრები გააერთიანა. რატომ ვართ იქ, სადაც ვართ, ან რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო უკეთესი გახდეს – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ფოტოგრაფების თვალით დანახულმა გამოწვევებმა და ზოგ შემთხვევაში, გამოსავალმა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ადამიანები, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი, სიხარულშიც და განსაცდელშიც, ერთმანეთს ძალიან გვანან, ხოლო რომელს ვამჯობინებთ – რეალობას თუ ანარეკლს, თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა გადაწყვიტოს.
„ბათუმის ფოტოდღეები -2019“ მრავალფეროვანი ღამის ჩვენებებით გამოირჩეოდა, რომელზეც ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ღამის ჩვენებების პარტნიორები იყვნენ: CIRCULATION Photo Festival (საფრანგეთი), სააგენტო Prospekt (იტალია), Vilnius Photo Circle (ლიეტუვა) და ISSP (ლატვია).
მოგზაურობა საკუთარი თავისკენ
„ჩემი ნამუშევრები ინტიმურობასთან დაკავშირებულ მითებს ეხება: ოჯახს, ურთიერთობებს, სახლებს, მოგონებებს და იდენტობას. ფოტოგრაფია ჩემთვის დადგმული დოკუმენტირებაა და ამიტომ ფოკუსს ხშირად ვაკეთებ ფიქტიურ ნარატივზე, რომელსაც ფოტოგრაფია გვთავაზობს.“ – ამბობს დორიან ტეტი, იტალიური წარმოშობის ფრანგი ფოტოგრაფი, რომლის ფოტოპროექტი „ვიზიტი“ „ბათუმის ფოტოდღეების“ ფარგლებში გამოიფინა. „ვიზიტზე“ მუშაობისას ფოტოგრაფმა თითქმის ერთი თვე მისთვის მანამდე უცნობი წყვილის, ანასა და ოლივიეს ოჯახში გაატარა და ამ ხნის განმავლობაში, მათი სამივე შვილის ოთახში იცხოვრა. „შვილად ყოფნა და ოჯახში საკუთარი ადგილის დაკავება ცოტა დამაბნევლად მეჩვენება.
თითქოს იმ უამრავ კოდსა და დამოკიდებულებას, რომელიც ჩემთვისაა განკუთვნილი, ვერ ვიღებ. ვფიქრობ, თუ სხვა ოჯახში შევალ და სხვის როლს მოვირგებ, იქნებ შორიდან შევხედო ჩემს ურთიერთობებსა და მემკვიდრეობას, რომელსაც საკუთარ ამბავთან ვერ ვაკავშირებ. ენსა და ოლივიეს 2018 წლის მაისში, ნიორტის რეზიდენციაში ყოფნისას შევხვდი. მათ ორი საერთო შვილი, ლუნა და პაბლო ჰყავდათ. ენს ოლივიესთან შეხვედრამდე ჰყავდა ერთი შვილი, უგო. ახლა არცერთი მათგანი მშობლიურ სახლში აღარ ცხოვრობს, რადგან უკვე სრულწლოვნები არიან.“
ტეტის ნამუშევრების საქართველოში ჩამოტანის იდეა ფოტოგრაფს და გამოფენის კურატორს, დინა ოგანოვას გაუჩნდა. დინა ჰყვება, რომ „ვიზიტი“ საფრანგეთში, ნიორტის რეზიდენციაში ცხოვრებისას, მის თვალწინ შეიქმნა. „როცა დორიანმა პირველად მიამბო თავისი იდეის შესახებ, მაშინვე აღვფრთოვანდი. ნამდვილად საოცარი ისტორიაა, თუ რამდენად მალე და მარტივად შეძლო მან ანას და ოლივიეს ნდობის მოპოვება, როგორ მიიღეს ის მასპინძლებმა თავიანთ ოჯახში და სახლის გასაღები გადასცეს. „ვიზიტი“ არის არაჩვეულებრივი ამბავი იმაზე, თუ როგორ გარბის ადამიანი თავისი სამყაროდან და საკუთარ თავს სხვის სამყაროში ეძებს. სიმსუბუქით, ესთეტიკითა და კომპოზიციით გამორჩეული პროექტი ნათლად აჩვენებს ფოტოგრაფისა და პერსონაჟების დამოკიდებულებებს, მათ თავისუფალ ქცევას კამერასთან, მათ შინაგან განწყობებს. ბედნიერი ვარ, რომ „ბათუმის ფოტოდღეების“ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, ამ პროექტს გასცნობოდნენ.“
„ვიზიტის“ მსგავსად, დინა ოგანოვას კურატორობით შედგა ლაშა (FOX) ცერცვაძის ფოტოგამოფენა „გიორგი“, რომელმაც დამთვალიერებელში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „გიორგი“ პირველი შიშველი ქვიარ ფოტოპროექტია, რომელიც საქართველოში შეიქმნა და გამოიფინა. „პროექტი “გიორგი”, აერთიანებს ქართველი ქვიარ კაცების ფოტოებს. ზოგი მალავს სახეს, ზოგი-არა. ყველას, ვისი იდენტობაც არ ჩანს, ჰქვია “გიორგი”, როგორც ქართული თავსმოხვეული მოძალადე კულტურის სახელი. ფოტოები მათსავე სახლებშია გადაღებული. იმ სახლებში, სადაც უფლებას გვაძლევენ, ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. სადაც არ გვიწევს ყველა ქცევის კონტროლი. ყველა ფოტო სიმბოლურად წითელია. ფერი, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს სექსუალურ უმცირესობებს, თავისი სექსუალურობითა და აგრესიით. ამავე დროს, საქართველოც წითელია, საქართველო სისხლის ფერია. ეძღვნება მათ, ვისაც იდენტობა წაართვეს, ვისაც ტყუილსა და შიშში უწევს ცხოვრება, ვინც იძულებულია დაიმალოს. მათ, ვისაც არ აძლევდნენ ტირილის უფლებას.“ – ვკითხულობთ პროექტის ავტორისეულ აღწერაში. წითელი განათება, ოთახის მცენარეები, მინიმალისტური ავეჯი, დეკორი და ტანსაცმელი – კურატორის მიერ გამორჩეული გემოვნებით შექმნილმა გარემომ შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაამძაფრა.
„გიორგი“ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია როგორც თემატიკის, ასევე ესთეტიკის თვალსაზრისითაც. ლაშა მოურიდებლად გვაჩვენებს იმას, რასაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ტაბუ ადევს და ბევრი არიდებს თვალს – ნამდვილ ცხოვრებას, ნამდვილ ადამიანებს, ნამდვილ ურთიერთობებს. ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ გამოფენას მაქსიმალურად ბევრი დამთვალიერებელი უნდა ჰყოლოდა და ყველა ის ნივთი, რომელიც საგამოფენო დარბაზში ფოტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი, განსაკუთრებული ყურადღებით შეირჩა,“ – ამბობს დინა ოგანოვა.
წელს „ბათუმის ფოტოდღეებმა“ სტუმრებს კიდევ ერთი საიდუმლოებით მოცული კარი გაუღო. იაპონელი ფოტოგრაფის, იუსუკე ჰაშიდას პროექტი „კორეა/საზღვარი“, რომელსაც ფოტოდღეების ფარგლებში კურატორობა სამხრეთ კორეელმა ჟეაუკ კანგმა გაუწია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის განსხვავებულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს და ჩრდილოეთ კორეას ჩამოფარებული რკინის ფარდის მიღმა გვახედებს. ეს არის მოგზაურობა, რომელმაც შეიძლება, დროისა და სივრცის შეგრძნება დაგაკარგინოთ.
ეპილოგის ნაცვლად
„ბათუმის ფოტოდღეები“ დიდ ფესტივალებს არ ეჯიბრება – ასე ამბობენ ორგანიზატორები. თუმცა ერთი რამ ცხადია: ის რჩება პლატფორმად, რომელიც ღიაა სიახლეებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, ახალი სახელების აღმოჩენისთვის, ძიებისა და თავისუფლებისთვის, სწორედ ისე, როგორც მისი მშობლიური ქალაქი, რომელიც ყველას ასე გვიყვარს და რომელიც უშრეტ შთაგონებას იძლევა მუდმივი შემოქმედებითი განვითარებისთვის.
2020 წელს „ბათუმის ფოტოდღეები“ 29-31 მაისს დაბრუნდება.
მომავალ შეხვედრამდე ბათუმში.