ახალი ჰორიზონტები – Arena* 2019 Tbilisi

საქართველოს დედაქალაქი, Design Hotels-ის ყოველწლიურ, მასშტაბურ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. Design Hotels-ის ჯგუფი მსოფლიოს 50 ქვეყანაში მდებარე 300-მდე მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს აერთიანებს. მათ შორისაა Adjara Group-ის მფლობელობაში არსებული Rooms Hotels (Tbilisi; Kazbegi); Stmaba Hotel; Lolita და სხვა. სწორედ Adjara Group-ია ღონისძიების “Arena* 2019 Tbilisi მასპინძელი. წლევანდელი არენას მთავარი თემა “ახალი ჰორიზონტებია”, რაც სასტუმრო ინდუსტრიაში თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვაზეა ფოკუსირებული, მთავარი მიზანი კი –  “მომავლის” მოგზაურების ყურადღების ცენტში მოხვედრაა.


ფოტო: arena.designhotels.me

ღონისძიებას უამრავი გავლენიანი სტუმარი სტუმრობს, რომელთა შორის არიან სასტუმროების მფლობელები და მათი წარმომადგნელები, გავლენიანი ჟურნალისტები, კრიტიკოსები, ინფლუენსერები.

ერთ-ერთი მათგანი სასტუმრო “როკჰაუს იამაიკა”-ს მარკეტინგის მენეჯერი ქეიშა ქოსბია, რომელმაც Forbes Woman Georgia-ს საკუთარი შთაბეჭდილებები  გაუზიარა.

“ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ყოველთვის მინდოდა აქ ჩამოსვლა, რადგან ჩემი საუკეთესო მეგობარი საქართველოდან არის. ძალიან ლამაზია აქაურობა, სამზარეულო – უბრალოდ განსაცვიფრებელი, ხოლო ადამიანები – ძალიან სტუმართმოყვარე და თბილები. “

კონფერენციის სპიკერი სამანტა კლარკი (Happiness & Change Coach), გვიამბობს, რომ ქალაქის არქიტექტურამ განსაკუთრებული შთამბეჭდილება მოახდინა მასზე. “ვიზუალურად ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება. ერთი სული მაქვს, როდის წავალთ მთიან რეგიონებში და სხვა კუთხითაც გავიცნობთ ამ ქვეყანას. მსმენია, რომ იქაურობა განსაკუთრებით ლამაზია.”


(მარცხნივ – ქეიშა ქოსბი, ნიუ იორკი; მარჯვნივ –  სამანტა კლარკი, ლონდონი)

რაც შეეხება ჩვენს შეკითხვას, რითი გამოირჩეოდა მათთვის Adjara Group-ის  სასტუმროები და რესტორნები სხვებისგან, სამანტა კლარკი დაუფიქრებლად გვპასუხობს: “ეს არის უნიკალური გარემო, რაც ამ სასტუმროებში ვიზიტისას გვხვდება. დეტალები, რომლებზეც ბევრია ნაფიქრი და ჰარმონიულად არის შერწყმული მთლიან ინტერიერთან. ძალიან მომწონს სივრცის განაწილება, აქ ვხვდებით თანამედროვეობისა და სიძველის შესანიშნავ კომბინაციას, სივრცეებს “საღამოს საუბრებისთვის”.

ქეიშა ქოსბის აზრით, კი ამ სასტუმროებს უნიკალურობას ის ადამიანები სძენენ, რომლებიც აქ მუშაობენ.

“მე პირადად მოხიბლული ვარ ადამიანებით, რომლებიც ამ სასტუმროებსა და რესტორნებში მუშაობენ. მე თავად ვმუშაობ სასტუმროში და ვიცი რამხელა ძალისხმევა სჭირდება ამ დონის მომსახურეობის დანერგვასა და შემდეგ შენარჩუნებას. აჭარა ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნებში მკაფიოდ იგრძნობა მეგობრული კავშირი მომსახურე პერსონალსა და სტუმრებს შორის, რაც ძალიან მიმზიდველია. ძალიან ვისიამოვნე მათთან ინტერაქციით, ისინი მართლაც გასაოცრი ადამიანები არიან.”

საერთაშორისო ღონისძება “Arena* 2019 Tbilisi”  25 სექტემბერს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდა.