ახალი გამოგონება, რომელიც კონფიდენციალურობის დასაცავად რეალობას აყალბებს

რეალობის გამაყალბებელ ტექნოლოგიებს, ე.წ. Deepfake-ებს, ოცდამეერთე საუკუნეში, გართობისა და თაღლითობის მიზნით, ხშირად იყენებენ. თუმცა ახლა ბაზარზე განსხვავებული ტიპის Deepfake გამოჩნდა, რომელიც ადამიანების პირადი მონაცემების დაცვას ემსახურება.

Photo credits to says.com

ეს Deepfake ტექნოლოგია ბერლინში დაფუძნებული სტარტაპ კომპანიის, Brighter AI-ის, პროდუქტია. Deepfake კონფიდენციალურობის დაცვას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში. Deepfake ტექნოლოგიას შეუძლია ადამიანების სახეებისა და ავტომობილების სანომრე ნიშნების ნაბინდვა (blur). ამით ადამიანების კონფიდენციალურობას საფრთხე არ ექმნება. ასევე, ამ ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით, სამეთვალყურეო კამერების მქონე კომპანიები ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულირების (GDPR) კანონსაც იცავენ.

ამჟამად კომპანია ახალ პროდუქტ ProtectPhoto-ზე იწყებს მუშაობას. ProtectPhoto ფოტოზე/ვიდეოზე გამოსახულ სახეებს სულ სხვაგვარად წარმოაჩენს. Brighter AI-ის აღმასურებელი დირექტორის (CEO), მარიან გლაესერის თანახმად, ProtectPhoto გამოსახულ სახეებს ახალი სახეებით ანაცვლებს. ახალი სახეები შეესაბამება კონკრეტული ადამიანების ასაკს, სქესსა და ეთნიკურ წარმოშობას, თუმცა განსხვავდება ნამდვილი სახეებისგან. შესაბამისად, ProtectPhoto ქმნის ადამიანების ხელოვნურ სახეებს, რომელთა ამოცნობაც შეუძლებელია.

მსოფლიოში 770 მილიონზე მეტი სამეთვალყურეო კამერაა დამონტაჟებული. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კამერათა რიცხვი, 2021 წლის ბოლოს, მილიარდს მიაღწევს. მილიონობით კამერის არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს მუდმივად უთვალთვალებენ. Brighter AI სწორედ ამ თვალთვალისა და მეთვალყურეობის საკითხის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

ProtectPhoto ტექნოლოგია ჯერჯერობით მხოლოდ ვებგევრდზეა ხელმისაწვდომი. თუმცა, Brighter AI აპირებს, რომ მომავალში, Google-სა და Apple-თან ითანამშრომლოს. ამჟამად, კომპანია ისეთ ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელსაც, ყველა გადაღებული ფოტო/ვიდეოს კონფიდენციალურობის დაცვის ფუნქცით შენახვა შეეძლება.